in

ადამიანშია გამოსავალი! – როგორ შეიქმნა ილუსტრაციები საქართველოს ბანკის კამპანიისთვის

„არ გაჩერდე!“ – ამ სიტყვებით საკუთარ თავსაც და სხვებსაც ხშირად ვამხნევებთ, მაგრამ როგორია ეს „არგაჩერება“? ხან გვგონია, რომ ცვლილებისთვის რაღაც ერთბაშად და დიდი უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენს ნაბიჯს მკაფიო და ხელშესახები შედეგი უნდა მოჰყვეს და ისეც ხდება, რომ ამ ფიქრთან ერთად გაჭედილები ვცდუნდებით და შევანელებთ ხოლმე ტემპს. ხან დარცხვენილები თავს დავხრით, საკუთარი თავით უკმაყოფილოები, „მეტი რომ ვერაფერი შევძელით“. არადა, ის პატარ-პატარა ნაბიჯები როგორ გამოგვრჩა? ის პატარა ქმედებები რატომ დაგვავიწყდა? მაშინაც კი, როდესაც უმოქმედობით გაყინულად ვგრძნობთ თავს, ისევ ადამიანებს ვპოულობთ გამოსავლად, მათკენ მივმართავთ იმ ბოლო ძალისხმევას, რაც შეგვრჩა და ეს „არგაჩერება“ რომ აკრეფს სიჩქარეს, კვლავინდებურად გვიბრუნდება ფერი, მხნეობა, შემართება.

ეს ილუსტრაციები საქართველოს ბანკის იმ სითბოთი გაჟღენთილი ვიდეორგოლის გაგრძელებაა, ცოტა ხნის წინ რომ გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. ახლა კი, ეს გზავნილები ქუჩაშიც გვხვდება, რომ შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია პატარ-პატარა ნაბიჯები. გარე კამპანიაზე საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი სოლო წიწუაშვილი გვესაუბრა.

M: როგორ დაუკავშირეთ გარე კამპანია ვიდეორგოლს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში?

ილუსტრაციებში გამოსახულია რამდენიმე კადრი მთავარი ვიდეორგოლიდან და რეალურად მომხდარი მომენტებიდან, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა პატარ-პატარა თბილ და კარგ მოქმედებებს, თუმცა ამ ყველაფრის ილუსტრაციებით გამოხატვა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ამ ქმედებების განზოგადებული ვარიანტი. ეს ილუსტრაციები არის ამ, თითქოს მარტივი, მაგრამ თან მნიშვნელოვანი მოქმედებების სიმბოლიკა.

M: ვისთვის არის ეს გზავნილები, ბილბორდების სახით და რა მიზანი აქვთ მათ?

ისევე, როგორც კამპანიის მთავარი ვიდეო რგოლი, ეს ილუსტრაციებიც ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ქმედებებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, დადებით გავლენას ახდენს გარემოსა და სხვა ადამიანებზე. ყოველდღიურ რუტინაში ხშირად ავტოპილოტის რეჟიმში ვმოქმედებთ და პერიოდულად საჭიროა ხოლმე, რომ შევახსენოთ საკუთარ თავებსა და ერთმანეთს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ყველა მოქმედებას.

M: მთლიანობაში, როგორია ჩანაფიქრი და მოლოდინი – რა უნდა შეცვალოს ამ გზავნილმა, რასაც კამპანია ატარებს?

ჩვენი მოლოდინი არის, რომ ადამიანები არ გავჩერდებით ერთმანეთისკენ მიმავალ გზაზე და კვლავ გავაგრძელებთ, გააზრებულად, ისე ცხოვრებას ყოველდღიურად, რომ ჩვენი მოქმედებებით, შევძლებთ სასარგებლო პეპლის ეფექტის გამოწვევას. არსაით მოძრაობის შემთხვევაში, გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებისკენ ავიღოთ გეზი და ეს ყველა შემთხვევაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არ გავჩერდეთ.

კამპანიის შემოქმედებით ნაწილზე JWT Metro-ს უფროსი არტ დირექტორი ნუცა ტოგონიძე და ილუსტრატორი მარი კახურიშვილი გვპასუხობენ:

M: რა იყო სააგენტოს დავალება, გარე კამპანიის ნაწილისთვის?

მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მსუბუქი გადაწყვეტით, ადამიანებისთვის დადებითი ემოციები შეგვეხსენებინა. 

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

ვიზუალებზე ილუსტრირებულია ნამდვილი ადამიანები და მოვლენები, რომლებიც გარემოზე თუ ირგვლივ მყოფებზე დადებითად მოქმედებენ. ავთენტურობის შესანარჩუნებლად კი მსუბუქი და ნაკლებად სტილიზებული ვიზუალური სტილი შევარჩიეთ.

M: რას გამოხატავს ეს გზავნილები, ილუსტრაციების სახით? 

ეს გზავნილები შთაგონების წყაროა, რომ ყოველდღიურობაში კიდევ ასეთი ბევრი შენიშნო და შეამჩნიო ის პატარა მომენტები, რაც შენს დღეს, თუნდაც წამიერად, ალამაზებს და აცოცხლებს.

კრედიტები:

ილუსტრატორი: მარი კახურიშვილი

უფროსი არტ დირექტორი: ნუცა ტოგონიძე 

უფროსი ქოფირაითერი: ზუკა ბერძენიშვილი

ქოფირაითერი: ლიკუნა ხაზარაძე

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

 

[R]

როგორ აყალიბებს რეკლამა სადღესასწაულო ჩვევებს? — მადლიერების დღის მაგალითი

ახალი ჰიბრიდული ბატარეა ელექტრო მანქანას 72 წამში მუხტავს!