სოციალურ ქსელებში ბევრჯერ შეხვდებით პოსტებს, რომლითაც კონკრეტული სისხლის ჯგუფს ეძებენ. იქვე სისხლის უანგარო დონორებსაც გადააწყდებით, სუპერგმირების დახმარებით ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას რომ ცდილობენ… ამჯერად კი ინიციატივას საქართველოს ბანკი შეუერთდა — ვინდფორსთან და ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორებთან“ ერთად, კამპანია „8400 ერთისთვის“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც 8400 თანამშრომლით სუპერგმირების არმია შემოგვთავაზა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, კამპანიის ავტორებისთვის თქვენთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, ახალი პლატფორმა შექმნა, რომელიც სისხლის პოტენციურ დონორებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღონ სისხლი, როცა ეს სასიცოცხლოდ არის საჭირო. უფრო ზუსტად ამის შესახებ საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის უფროსი ირაკლი აბესაძე გვიყვება:
M: როგორ გაჩნდა თანამშრომლების სისხლის უანგარო დონორად ქცევის იდეა და რას მოიცავს ეს ინიციატივა?
ბანკის შიგნით ვცდილობთ, ჩვენი ღირებულებები ყოველდღიურ ქმედებებში გამოიხატოს. თანამშრომლების სისხლის უანგარო დონორებად ქცევის იდეა სწორედ ამ ღირებულებებიდან მოდის, როცა ერთიანობა და მზაობა დახმარებისთვის იქცევა კონკრეტულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ქმედებად.
სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს ერთი მიზნისთვის — გადაარჩინონ სიცოცხლე. Blooddonors.bog.ge თანამშრომლებს, მათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლა უკვე ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, დააფიქსიროს მზადყოფნა სისხლის გასაღებად, პლატფორმა ითვალისწინებს როგორც სისხლის ჯგუფს, ისე ადგილმდებარეობას, რათა დახმარება სწრაფად და მიზანმიმართულად მივიდეს იქ, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. საჭიროებისამებრ პოტენციურ დონორებთან დაკავშირება „სისხლის უანგარო დონორების“ ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
M: როგორ შეძლებენ თანამშრომლები სისხლის გაღებას? რა დასჭირდება ამისთვის პოტენციურ დონორს?
საკმარისია პლატფორმაზე გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, მიუთითოთ თქვენი სისხლის ჯგუფი და მდებარეობა. დანარჩენს ორგანიზაცია და სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს. ერთადერთი რაც საჭიროა, არის სურვილი და მზაობა, რომ საჭიროებისას სიცოცხლე გადაარჩინო.
როგორც უკვე გითხარით, კამპანიაზე საქართველოს ბანკმა ვინდფორსთან ერთად იმუშავა, ამ ამბის შესახებ კი უფრო მეტ დეტალს სააგენტოს უფროსი ქოფირაითერი მარიამ კოღო ჩარგაზია გვაცნობს:
M: გაგვიზიარეთ, როგორ მიხვედით იდეამდე, რომ 8400 თანამშრომელი ერთისთვის გაგეერთიანებინათ?
კამპანიაზე მუშაობის დროს, ვინდფორსის კრეატიული გუნდისთვის მთავარი ინსაითი ჩვენივე ყოველდღიურობიდან გამომდინარეობდა — ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს თუ საერთოდ უცნობ ადამიანებს ჩვენ ირგვლივ ხშირად დასჭირვებიათ კონკრეტული ჯგუფის სისხლი, რომლის მობილიზებაც, ძირითად შემთხვევებში, სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებით ხდებოდა. ეს, თავის მხრივ, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სწრაფი რეაგირება უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდია საქართველოში და 8400 ადამიანს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს საკმაოდ დიდი ძალაა და კამპანიის მთავარი მესიჯიც ერთიანობაზე დგას — გვსურდა, მესიჯს ერთიანობის ძალა გამოეხატა, ის, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუნდაც იმ თანამშრომლების ჩართულობა და მხარდაჭერა, ვინც შეიძლება ფიზიკურად ვერ აკმაყოფილებდეს სისხლის დონაციის მოთხოვნებს.
M: მარიამ, რა არის თქვენი კამპანიის მთავარი გზავნილი და რა ფორმებით მიგაქვთ სათქმელი საზოგადოებამდე?
კამპანიის მთავარი არსი პლატფორმის ტექნიკური გადაწყვეტაა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში უანგარო დონაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება შეუძლია. კამპანიის მექანიკა მზაობის დაფიქსირებას გულისხმობს — რეგისტრაციის დროს, მხოლოდ მზაობას აცხადებ, შემდეგ კი, როცა შენს ქალაქში შენი სისხლის ჯგუფი იქნება საჭირო, უანგარო დონორების ორგანიზაცია დაგიკავშირდება და შეგეძლება, სისხლი ჩააბარო მისთვის, ვისაც ეს იმ წამს სასიცოცხლოდ სჭირდება. პირველ ეტაპზე კამპანია ბრენდის შიდა არხების საშუალებით გავრცელდა. განსაკუთრებით ემოციური იყო იმის ნახვა, თუ როგორი დამოკიდებულებით შეხვდნენ თანამშრომლები ამ ინიციატივას.
ჩვენს კამპანიას ერთადერთი საზომი აქვს — როგორც კი პირველ ადამიანს დავეხმარებით, კამპანიას წარმატებულად ჩავთვლით.
აღნიშნულ ძალისხმევას სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაცია მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის თავიანთი მისიის მისაღწევად, გადაარჩინონ მათთვის სრულიად უცნობი, თუმცა სხვებისთვის საყვარელი ადამიანები:
„საქართველოს ბანკის კამპანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სისხლის უანგარო დონაციაზე ინფორმაციის გასავრცელებლად, საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და რაც მთავარია, ჩვენი პატარა აგურის გასამყარებლად ევროპულ გზაზე. გვიხარია, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად ყველა დეტალი იყო გათვალისწინებული, რასაც ჩვენ საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკებიდან ვუზიარებდით. ამ ნაწილში განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ პირველ რიგში კომუნიკაციის ნაწილი, რადგან აღიშნული, რამდენადაც სასიხარულოა ადამიანის დახმარების კუთხით, იმდენად სენსიტიურია ვიზუალების გამოყენების მხრივ — ვინაიდან სისხლი ფიგურირებს; შესაბამისად, ბევრი დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული და გვიხარია, რომ ეს ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა. ასევე გვიხარია, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმო უშუალოდ კომპანიის კულტურის ნაწილსაც და იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად უანგაროდ დაეხმარებიან პაციენტებს, ხელს შეუწყობენ სამუშაო გრაფიკითაც. განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული ნაწილი მიღებული პრაქტიკაა და ყოველთვის გვინდოდა, ადგილობრივადაც ჩვენს რეალობაშიც მომხდარიყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კი გვჯერა, ისეთივე ძლიერები და ყოჩაღები ვართ, როგორი მეგობრები და პარტნიორებიც გვყავს. შესაბამისად, ისეთი ბრენდის გვერდში დგომა, როგორიც საქართველოს ბანკია, ჩვენთვის ასმაგად მნიშვნელოვანი, საინტერესო და საპასუხისმგებლოა.
ის, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში 8400-ზე მეტი ადამიანი დაემატება ჩვენს სუპერგმირების არმიას, ზრდის ალბათობას, რომ საჭირო დროს, საჭირო ლოკაციაზე, საჭირო სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო ორგანიზებულად ვიპოვოთ. აღნიშნული ჩვენს ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად აისახება და დაგვეხმარება, სინათლის სიჩქარით შევასრულოთ ჩვენივე მთავარი მისია — გადავარჩინოთ ჩვენთვის სრულიად უცნობი, თუმცა სხვებისთვის საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, სისხლის უანგარო დონაციის გზით“, — ამბობს მელანო დურმიშიძე, სისხლის უანგარო დონორების ორგანიზაციის დირექტორი.
ამგვარად, ამ კამპანიის ავტორებს მხოლოდ ერთი რამ დარჩათ თქვენთვის სათქმელი: „დარეგისტრირდით სისხლის უანგარო დონორად — ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია…“.
[პარტნიორის კონტენტი]











