in

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და მათი მიღწევები, რომლებიც FIBA-ზე ითამაშებენ

Bank of Georgia
Bank of Georgia

საქართველოს კალათბურთის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად მონაწილეობს FIBA-ზე, მსოფლიო ჩემპიონატზე. ხანგრძლივი წვრთნების, საკალათბურთო შეკრებებისა და მომზადების შემდეგ 12-კაციანი გუნდი შეირჩა, რომელმაც მნიშვნელოვან დღეებში საქართველოს სახელით უნდა ითამაშოს. გუნდის წევრების სია ასე გამოიყურება:

🏀 თორნიკე შენგელია;

🏀 გიორგი შერმადინი;

🏀 გიორგი ცინცაძე;

🏀 რატი ანდრონიკაშვილი;

🏀 დუდა სანაძე;

🏀 გოგა ბითაძე;

🏀 მიხეილ ბერიშვილი;

🏀 სანდრო მამუკელაშვილი;

🏀 კახაბერ ჯინჭარაძე;

🏀 ლუკა ლიკლიკაძე;

🏀 გიორგი ტურძილაძე;

🏀 თად მაკფადენი.

ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც დიდ კონკურენციას ღირსეულად გაუძლეს და მსოფლიოდან წარმოდგენილი დანარჩენი 31 ქვეყნის ნაკრებთან ერთად ჩემპიონატზე თავის მაქსიმუმს გააკეთებენ. 

ცხადია, ჩემპიონატამდე ამ მოთამაშეებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ და შემთხვევით არ ყოფილან შერჩეულები. ამ სტატიაში ვეცდებით, უკეთ გაგაცნოთ ის 12 ადამიანი, რომლებიც 25 აგვისტოდან მსოფლიო თასზე ითამაშებენ.

დავიწყოთ კაპიტნით

თორნიკე შენგელია დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია კალათბურთში. ამჟამად იგი ოფიციალურად ვირტუს ბოლონიის გუნდში თამაშობს, თუმცა მისი კარიერა ბევრად ადრე, 2008 წლიდან ვალენსიაში დაიწყო. იგი თამაშობდა NBA-ს საკალათბურთო გუნდში „ფილადელფია სიქსერსი”. შემდეგ ბრუკლინ ნეტსში.

2014 წელს იგი ბასკონიაში გადავიდა, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა. იგი ევროლიგისა და უმაღლესი ლიგის ტიტულოვან გუნდებშიც თამაშობდა. ვირტუს ბოლონიას თორნიკე 2022 წელს შეუერთდა, სადაც დღესაც განაგრძობს ასპარეზობას.

გიორგი შერმადინი

პროფესიონალურ სპორტში მისი კარიერა 2005 წელს დაიწყო. ის საქართველოს ნაკრებს 2006 წლიდან შეუერთდა. გიორგის პორტფოლიოში არაერთი წარმატებული თამაშია. 2009 წელს იგი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა, იმავე წელს მოიპოვა ევროლიგის ჩემპიონის ტიტული (აღნიშნული ტიტული გიორგის მოპოვებული აქვს 2013 წელსაც) და საბერძნეთის ლიგა, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ 2009 წელს გიორგიმ „Triple Crown“-ის ტიტული მოიპოვა. არის სლოვენიის თასის მფლობელი და ვიცეჩემპიონი. 

2019 წლიდან დღემდე გიორგი თამაშობს ესპანეთის კლუბ „ტენერიფეში“.

მისი ბოლო წარმატება ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის სტატუსია. 

გიორგი ცინცაძე

გიორგი ამ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე ვეტერანი კალათბურთელია. მისი კარიერა 2001-2002 წლებში დაიწყო და მას შემდეგ ბევრი სხვადასხვა გუნდი გამოიცვალა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ის არის ესტონეთის ორგზის ჩემპიონი, ბალტიის თასის გამარჯვებული, საქართველოსა და კატარის ჩემპიონი.

რატი ანდრონიკაშვილი

რატი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2019 წელს გახდა. 2020 წელს შეუერთდა საქართველოს სუპერლიგის გუნდს, „ენერჯი ინვესტი”. იმავე წელს ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან. 

გოგა ბითაძე

გოგა ბითაძე, მისი კარიერა 2015 წლიდან, ვითა თბილისში დაიწყო. 2016 წლიდან კი სერბეთის გუნდ „მეგა ბიმაქსში” განაგრძო ასპარეზობა. 2019 წლიდან გოგა NBA-ში ინდიანა პეისერსის გუნდს შეურთდა, სადაც 2023 წლამდე დაჰყო და დღეს უკვე ორლანდო მეჯიკის გუნდში გვევლინება.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბითაძე პირველად ევრობასკეტ 2017-ზე გამოიძახეს, მაგრამ ტრავმის გამო მთელი ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. 

2017 წლის 24 ნოემბერს შედგა გოგას დებიუტი 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მან არაჩვეულებრივი თამაშით მიიქცია ყურადღება.

მიხეილ ბერიშვილი

მიხეილიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია. მან კარიერა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ ასპარეზობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მისი სანაკრებო კარიერიდან შეგვიძლია გავიხსენოთ 2006 წელი, როცა ბერიშვილმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის B დივიზიონი მოიგო. ბერიშვილს 2017 წლის ევრობასკეტზეც აქვს ნათამაშები.

სანდრო მამუკელაშვილი

სანდროს კარიერა 2021 წელს, აშშ-ში, მილოუკ ბაქსში იწყება, დღეს კი სან-ანტონიო სპურსში თამაშობს. 

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ივლისში შედგა 2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ის ასევე მონაწილეობდა ფიბას 20 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად

დუდა სანაძე

დუდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2013 წლიდან არის. იგი უნგრეთის საკალათბურთო ლიგის Atomerőmű SE-ში თამაშობს. 

კახაბერ ჯინჭარაძე

კახაბერ ჯინჭარაძეც ეროვნული ნაკრების წევრია. ის წარმატებით თამაშობს ერაყის კლუბ „ალ კაჰრაბაში”. ერაყის ლიგის თამაშებზე კახაბერმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, სადაც ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ლუკა ლიკლიკაძე

ლუკა ახალწვეულია. ის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია და მასთან ერთად პირველად ითამაშებს.

გიორგი ტურძილაძე

შედარებით ახალი წევრია გიორგი ტურძილაძეც, რომლის დებიუტიც 2020 წლის თებერვალში შედგა, როცა საქართველო ევრობასკეტისთვის ემზადებოდა.

თად მაკფადენი

ის საქართველოს ნაკრებს 2018 წელს შეემატა. იგი აშშ-იდან არის და გამთამაშებლის პოზიციას იკავებს. იგი საბერძნეთის All Star-ის მონაწილეა, ხოლო მანამდე გერმანიაში და ჩეხეთში, საფრანგეთსა და კვიპროსში ასპარეზობდა. 

ასე გამოიყურება ჩვენი ნაკრები წელს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ ცოტა დრო რჩება – ის 25 აგვისტოს იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონის ტიტულისთვის კი 32 გუნდი იბრძოლებს.

აღსანიშნავია ის, რომ ქართველ კალათბურთელებს მოსამზადებელი ეტაპი შედეგიანი ჰქონდათ. მათ ის მინიმალური უარყოფითი ბალანსით დაასრულეს – 3 მოგება, 4 წაგება. საქართველოს ნაკრებმა თავდაპირველად ეგვიპტესთან (76:81), ლიეტუვასთანა (102:104) და ლატვიასთან (57:82) წააგო, რასაც იორდანიასთან (86:69), მონტენეგროსთანა (84:79) და ირანთან (84:72) მოგებები მოჰყვა, ბოლო კი ავსტრალიასთან მარცხი (81:86) იყო.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.

ფოტოკრედიტი: GBF

PETRA SEA RESORT-სა და საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ოფლის ბოლო წვეთამდე! – საქართველოს ბანკის კამპანია კალათბურთის ნაკრების მხარდასაჭერად