in

საქართველოს ფინტექ ასოციაცია მედიას შეხვდა

დღესდღეობით, ფინანსური ტექნოლოგიები, შემოკლებით – „ფინტექი“, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და ინოვაციურად განვითარებადი სფეროა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მის გარშემო განვითარებული მოვლენების, სიახლეებისა და პროგრესის შესახებ  საზოგადოებისთვის დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის უმთავრესი და პირველი საშუალება მედიაა.

სწორედ ამ მიზნით, 30 აპრილს, საქართველოს ფინტექ ასოციაციის ორგანიზებით, AKHASHENI WINE RESORT & SPA-ში, „ფინტექ მედია ტური“ გაიმართა.

„ფინტექ მედია ტური“ მედიის წარმომადგენლებში საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის, ამ მიმართულებით მოღვაწე კომპანიებისა და ზოგადად, დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. გარდა ამისა, პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ ტურის ფარგლებში, არამედ საზოგადოდ, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს, მარეგულირებელსა და მედიას შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება, რაც დარგის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

პროექტში მონაწილეობა საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების მენეჯმენტისა და წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. მედია ტურის არსიდან და ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს ფინტექ სფეროში მოღვაწე კომპანიების წევრებმა, პრეზენტაციების სახით, მედიის წარმომადგენლებს თავიანთი სერვისები, პროდუქტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ღონისძიებას შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: GEOPAY, MOGO, LEADERPAY, CRYPTAL, KERNEL, CITYPAY.IO, OPPA, EUROCREDIT, MYFAZENDA, SIGNIFY, SPACE, EMONEY, NEOLLET. მედიის მხრიდან კი წარმოდგენილნი იყვნენ: რუსთავი 2, BMG, ფორმულა, MARKETER, ENTREPRENEUR, POS TV, საზოგადოებრივი მაუწყებელი და Euronews.

საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ – დავით კიკვიძემ, სტუმრებს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. მან ფინტექის მნიშვნელობასა და შინაარსზე საუბრისას საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს გაუსვა ხაზი.

სპიკერებს შორის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტი – პაპუნა ლეჟავა, რომელმაც ფინტექის დარგის მიმართულებით სებ-ის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე – ავთანდილ კასრაძე. მან საზოგადოებას, სააგენტოს საქმიანობასთან ერთად, ფინტექის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსიები და დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განხილულ იქნა როგორც მედიისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინტერესო საკითხები. კონფერენციის შედეგად, ბიზნესის, მედიისა და ეროვნული ბანკის მხარეებს შორის მჭიდრო კავშირები ჩამოყალიბდა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო ვახშამს, სადაც სტუმრებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთის ახლოს გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოს ფინტექ ასოციაცია მსგავსი ღონისძიების ორგანიზებას მომავალშიც განაგრძობს, რათა ორგანიზაციების პოპულარიზაციასა და განვითარებას, ასევე დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და, რა თქმა უნდა, ზოგადად დარგის განვითარებას ხელი კიდევ უფრო აქტიურად შეუწყოს.

საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს

საპნის წარმოებიდან Unilever-მდე