ევროპის ჩემპიონატი — ტურნირი, რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს არასოდეს უთამაშია და მიზანი, რომელთანაც 2020 წელს ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბოლო ნაბიჯის გადადგმა დაგვაკლდა… თუმცა ყველაფერი თავიდან იწყება ახალი ენერგიით, წარსულის გაკვეთილების სწავლითა და მომავლისკენ ახალი შემართებით სვლით. გზის გარკვეული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, უკვე გავლილია, წინ კი საინტერესო მატჩები და, ალბათ, ყველა ჩვენგანის რწმენით, ნანატრი საგზური გველის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
სანამ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე გადავალთ, მოდით, ორიოდ სიტყვით ამ ტურნირის შესახებ ვისაუბროთ. ის 4 წელიწადში ერთხელ, UEFA-ს წევრ ქვეყნებს შორის იმართება. ეს ტურნირი პირველად, 17 ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შორის ორწლიანი წინასწარი შეჯიბრის შემდეგ, 1960 წელს გაიმართა და მასში მონაწილეობა 4-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდებოდა, დღეს კი ტურნირზე 24 გუნდი მონაწილეობს — მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად ხდება ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო დანარჩენი 23 გუნდი წინასწარი შეჯიბრებების საფუძველზე შეირჩევა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1968 წლამდე ევროპის ჩემპიონატს სხვა სახელწოდება ჰქონდა — ევროპის ერთა თასი. ახლა კი, მოდით, იმ მომავალზე გადავიდეთ, რომელიც ჩვენია და რომელიც უკვე აწმყოდ იქცა.
სულ რამდენიმე დღეში, 28 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, გამართავს მატჩს ნორვეგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენი გუნდისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისით იწყება ჩვენთვის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირი. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო, ნორვეგიის გარდა, ესპანეთს, შოტლანდიასა და კვიპროსს დაუპირისპირდება. თითოეულ გუნდთან ნაკრები 2-2, საშინაო და გასვლით, შეხვედრას ჩაატარებს.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც UEFA-ს 53 წევრი მიიღებს მონაწილეობას, პლეი ოფების ჩათვლით, მიმდინარე წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე გაგრძელდება და საბოლოოდ გამოირკვევა ის 20 ეროვნული ნაკრები, რომელიც ჩემპიონატის მასპინძელს — გერმანიას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება.
გარდა ამისა, ევრო 2024-ზე დარჩენილ სამ პოზიციას ერთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშების A, B და C დივიზიონების პლეი ოფის (2024 წლის მარტი) გამარჯვებულები დაიკავებენ. საქართველო C4 დივიზიონის (C დივიზიონი 4 ჯგუფისგან შედგება) გამარჯვებული გახდა — ნაკრებმა ბულგარეთთან, მაკედონიასთან და გიბრალტართან 2-2 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 5-ში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. მთლიანობაში, ჩვენმა გუნდმა 16 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან ბულგარეთს 7 ქულით აჯობა. ამიტომ, ევროპის ჩემპიონატამდე მისასვლელად ეს გზაც არსებობს.
საქართველოს ნაკრები C დივიზიონების ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში, ფინალში საბერძნეთი-თურქეთი წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და თუ ამ შემთხვევაშიც მოახერხებს მოწინააღმდეგის დამარცხებას, ევრო 2024-ის საგზურსაც მოიპოვებს. თუ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდება და ამასთან, C დივიზიონის ფინალშიც გაიმარჯვებს, მაშინ ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგის ამ დივიზიონის ფინალში დამარცხებულსაც გადაეცემა.
მოკლედ, შანსები დიდია. ახლა ყოველი მატჩი ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვითამაშოთ, საქართველოსთვის ჩვეული ერთობით უნდა მივიდეთ დასახულ მიზნამდე და წარსული იმედგაცრუებების ფირს ახალი ისტორია გადავაწეროთ!
საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია