in

როგორ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატის საქართველოს მატჩებზე?

26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მთელი ქვეყნისთვის საოცნებო გამარჯვება მოიპოვა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ 120-წუთიანი, ძალიან დაძაბული მატჩი პენალტების სერიით დასრულდა, რომელშიც ქართველთა თერთმეტეულმა 4-2 გაიმარჯვა და მთელ საქართველოს ენითგამოუთქმელი სიხარული მოუტანა. მას შემდეგ 2 დღე გავიდა და ქართველ ხალხში ის საოცარი ემოციები ჯერაც არ განელებია. როდესაც სრულად გავიაზრეთ ის რეალობა, რომ ჩვენი ნაკრები გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, უკვე იმაზე ფიქრი დავიწყეთ, თუ როგორ დავუჭიროთ გუნდს მხარი ამჯერად გერმანიის სტადიონებიდან.

დღევანდელი ჩვენი სტატიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ამ საკითხს შევეხოთ და დაახლოებით გავიგოთ, რა თანხებთან იქნება დაკავშირებული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრება.

პირველ რიგში, მოდით, გადავხედოთ ჩვენი ნაკრების სატურნირო ცხრილს. ჯგუფურ ეტაპზე ქართული თერთმეტეული 3 შეხვედრას გამართავს:

18 ივნისი: თურქეთი — საქართველო (დორტმუნდი, BVB Stadium Dortmund).

22 ივნისი: საქართველო — ჩეხეთი (ჰამბურგი, Volksparkstadion Hamburg).

26 ივნისი: საქართველო — პორტუგალია (გელზენკირხენი, Arena AufSchalke).

რაც შეეხება ბილეთებს, როდესაც UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შევდივართ და ბილეთების საყიდლად საქართველოს ვირჩევთ, ვხედავთ შეტყობინებას: „ვულოცავთ და მივესალმებით საქართველოს UEFA EURO 2024™ ტურნირზე! ბილეთების გაყიდვას ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაუწევს. თუ ბილეთები გაუყიდავი დარჩება, დამატებითი დეტალები EURO2024.com/tickets-ზე გამოქვეყნდება“.

ამასთან, ისევ UEFA-ს საიტზე ვხედავთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბილეთების ფასები 30-დან 400 ევრომდე მერყეობს კატეგორიების მიხედვით. გამონაკლისია გახსნითი მატჩი, გერმანია — შოტლანდია, რომლის შემთხვევაშიც ბილეთების ფასი 50 ევროდან იწყება და 900-ს ევროს აღწევს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ცნობილ ვებგვერდზე — Viagogo.com-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასაწყები ბილეთების შეძენა. ამ პლატფორმაზე არსებულ ბილეთებზე ფასები ამჟამად ასე მერყეობს:

თურქეთი — საქართველო: 711-8,515 ლარი.

საქართველო — ჩეხეთი: 811-1,890 ლარი.

საქართველო — პორტუგალია: 651-3,244 ლარი.

ფრენასთან დაკავშირებული ხარჯები

ამასთან, საინტერესოა, რა თანხის გადადება მოგვიწევს ფრენისთვის. პირველი მატჩისთვის გვიწევს დორტმუნდში გაფრენა. Wizzair-ის საიტზე ვხედავთ, რომ ქუთაისიდან შეგვიძლია გავფრინდეთ 17 ივნისს და უკან დავბრუნდეთ 21 ივნისს. ამ შემთხვევაში ბარგით მგზავრობისას მთლიანობაში დაახლოებით 3,300 ლარის გადახდა მოგვიწევს. რაც შეეხება გასაჩერებელ ადგილს, Booking.com-ის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში სასტუმროში დარჩენის საფასო დიაპაზონი 1,400-12,855 ლარია.

საქართველო — ჩეხეთის მატჩზე დასასწრებად უნდა გავფრინდეთ ჰამბურგში. ამ შემთხვევაში ქუთაისიდან გვიწევს 18 ივნისს გაფრენა და საქართველოში 25 ივნისს დაბრუნება. ორმხრივი ფრენის ფასი დაახლოებით 1,400 ლარს შეადგენს, ხოლო ამ პერიოდში სასტუმროში დარჩენის საფასო დიაპაზონი — 1,120-9,295 ლარს.

საქართველო — პორტუგალიის მატჩზე დასასწრებად კვლავ დორტმუნდში უნდა ჩავფრინდეთ, რადგან გელზენკირხენი მისგან დაახლოებით 35 კილომეტრით არის დაშორებული. ამ შემთხვევაში ქუთაისიდან უნდა გავფრინდეთ 24 ივნისს და უკან 28 ივნისს დავბრუნდეთ. ფრენა ბარგით დაახლოებით 2,700 ლარი დაგვიჯდება. სასტუმროში გაჩერების საფასო დიაპაზონი კი 1,665-12,855 ლარია.

Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

Google მალე Pixel 8-ს AI ფუნქციებს დაამატებს