in

საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება

9-16 აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადას (IOI 2026) უმასპინძლებს. საქართველო კონკურსზე ეროვნული ნაკრებით წარდგება, რომლის წევრებიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტექნოლოგიურ შეჯიბრებაში პროგრამირებისა და ალგორითმული აზროვნების მიმართულებით მიიღებენ მონაწილეობას.

მსოფლიო ოლიმპიადისთვის მზადება „საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჰაბი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით დაფუძნდა, მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდების საერთაშორისო ტექნოლოგიური ოლიმპიადებისთვის მომზადებასა და მათი პოტენციალის განვითარებას.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ეროვნული ნაკრები ზამთრისა და საზაფხულო ინტენსიურ მოსამზადებელ ბანაკებს გადის. იანვარში ჩატარებული ზამთრის ბანაკის შემდეგ, მსოფლიო ოლიმპიადის წინ მონაწილეები დასკვნით საზაფხულო მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან, რათა IOI-ზე საუკეთესო შედეგი აჩვენონ.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ოთხი მოსწავლე იასპარეზებს: ვლადიმერ ფრანგიშვილი, ანდრია ვასაძე, მათე რეხვიაშვილი და ნიკოლოზ მელიქიშვილი.

ნაკრების წევრები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩნენ, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია ატარებს.

საქართველოს ინფორმატიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადისთვის სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ პროგრამას გადის. პირველი ეტაპი ივნისში თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში გაიმართა, ხოლო ივლისში ბაკურიანში სასწავლო-საწვრთნელ ბანაკი ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა ოლიმპიადის ფორმატზე მორგებული ალგორითმული ამოცანები და პრაქტიკული ქეისები დაამუშავეს. დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი 1-7 აგვისტოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, „საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში გაიმართება. ნაკრებს მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევენ.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ ხუთ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადას შორის ერთ-ერთია. საქართველო მასში 1996 წლიდან მონაწილეობს. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

ტექოლიმპიადების ჰაბი, მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადის ეროვნული ნაკრების მომზადებასა და ბანაკების ორგანიზებაში, წელს პირველად ჩაერთო.  მისი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი სისტემური გაძლიერება და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელით ღირსეული წარდგენა.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი სპონსორია TBC – თიბისი. პროექტის პარტნიორები არიან: UN Women Georgia, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია • Georgian AI Association • GAIA, Tech Association of Georgia, Lineate Georgia, EPAM Georgia, BLOX • ბლოქსი და McDonald’s Georgia. 

დავუჭიროთ მხარი და ვუგულშემატკივროთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში!

[პარტნიორის კონტენტი]

Apple-მა Siri-ს განახლებული ვერსია გამოუშვა

როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის