in

საქართველოს ნაკრების ზღაპრული მოგზაურობა — ღირსეული დებიუტი Euro 2024-ზე

ფეხბურთის ისტორიაში გარკვეული მოვლენები გამოირჩევა იმ წარუშლელი კვალით, რომელსაც ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა გულებში ტოვებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ასეთი მოვლენა უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კერძოდ, Euro 2024-ზე მის ღირსეულ დებიუტს, რომელმაც მსოფლიო ჩვენს ქვეყანაზე აალაპარაკა.

ათწლეულების მანძილზე ქართული ფეხბურთი ევროპის ყურადღების ცენტრში მოქცევისკენ ისწრაფოდა. Euro 2024-ზე კვალიფიკაცია კი არა მხოლოდ მორიგი მიღწევა, არამედ მოთამაშეებისა და გულშემატკივრების დაუღალავი ერთგულებისა და ენთუზიაზმის კულმინაცია იყო. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა, შეძლო ის, რაც შეუძლებელი ჩანდა და ევროპული ფეხბურთის დიდ სცენაზე გამორჩეული დებიუტით მსოფლიო აღაფრთოვანა.

დებიუტანტობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ის არა უბრალო მონაწილე, არამედ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, პორტუგალიასთან, 2 უპასუხო გოლით გამარჯვებამ ქართველ გულშემატკივარს არა მხოლოდ ნაკრების იმედი ჩაუსახა, არამედ მათი სამყარო სრულიად შეცვალა, შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის ზღვარი გააქრო. სამშობლოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველები კვლავ გაერთიანდნენ, ერთ ორგანიზმად იქცნენ და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ერთიანობის ის ძალა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.

ამ დაუჯერებელმა დღეებმა გაგვიჩინა შეგრძნება, რომ ყველას გვეძინა და ზღაპრულ სიზმრებს ვხედავდით. გაღვიძების გვეშინოდა. თუმცა გავიღვიძეთ და მივხვდით — ზღაპარი ასეთი რეალური არასდროს ყოფილა. ცხადად შევიგრძენით, რომ აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია!

ჩვენთვის Euro 2024 ტურნირის კიდევ ერთ გამოკვეთილ ფავორიტთან — ესპანეთის ნაკრებთან 1/8 ფინალში დამარცხებით დასრულდა, თუმცა ეს იყო მარცხი, რომელიც გამარჯვებას ჰგავდა. გავიმარჯვეთ თითოეულმა და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად, რადგან „შეუძლებლის“ შეძლების დავიჯერეთ.

ჩვენი ნაკრების ეს დაუვიწყარი მოგზაურობა უფრო სრულყოფილად რომ შეგვეჯამებინა, სპორტულ ჟურნალისტს — გიორგი ზურაბიშვილს დავუკავშირდით. მას Euro 2024-ზე საქართველოს ღირსეულ დებიუტთან, აღსანიშნავ მიღწევებთან და ქართული ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ვთხოვეთ.

M: მოდით, პირველ რიგში, ვისაუბროთ Euro 2024-ის მიმდინარეობისას როგორც მთლიანობაში ნაკრების, ისე ფეხბურთელების ინდივიდუალურ მიღწევებზე.

რეალურად ყველა თამაში გუნდურად, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, ჩვენი ნაკრებისთვის უკვე უდიდესი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ღირსებული დებიუტი გვქონდა და პირველივე თამაშში მთელმა მსოფლიომ შეგვიყვარა, რადგან არ ვითამაშეთ ისე, როგორც, ჩვეულებრივ, დებიუტანტები თამაშობენ. მაყურებელსა და მეტოქეებს შევთავაზეთ ძალიან ესთეტიკური ფეხბურთი, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ჩემი აზრით, არ გაგვიმართლა, ამ თამაშის მოგებაც კი შეგვეძლო. თავიდანვე გამოჩნდა, რომ საინტერესო გუნდი ვართ.

შემდეგ უკვე ჯგუფიდან გასვლა მართლაც საოცრება იყო. ძალიან არ გაგვიმართლა, რომ 1/8 ფინალში ესპანეთს შევხვდით, რადგან, ვფიქრობ, Euro 2024-ზე ის ყველაზე ძლიერი გუნდია. ჩემი აზრით, მერვედფინალში ნებისმიერ სხვა ნაკრებთან რომ გვეთამაშა, შემდეგ ეტაპზე გასვლის ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა. გარდა ამისა, მართალია, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, შემადგენლობის სიღრმე არც ისე სახარბიელო გვაქვს და ამიტომ 1-2 მოთამაშის დანაკლისი ჩვენთვის უკვე დიდი პრობლემა ხდება. პირველ ორ თამაშში კიტეიშვილის არყოფნა ძალიან დაგვეტყო და მერეც ესპანეთის წინააღმდეგ თამაშში მისმა ტრავმამ მთლიანად მატჩზე დიდი გავლენა იქონია. ესპანეთი საოცარი, ტექნიკურად უნაკლო გუნდია, ჩვენ ჯერჯერობით მათ დონეზე არ ვართ და ძალიან უნდა გაგვიმართლოს, რომ ასეთ ნაკრებს მოვუგოთ. თუმცა საჭირო გამოცდილება სწორედ მსგავს გუნდებთან თამაშით მოდის და თუ ასეთი შანსები ხშირად მოგვეცემა, ამ დონემდე ჩვენც აუცილებლად მივალთ.

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე წარსდგა, როგორც ერთი მთლიანი გუნდი; ასეთი ორგანიზებული საქართველოს ნაკრები არასოდეს მინახავს და ამისთვის ვილი სანიოლი აუცილებლად იმსახურებს შექებას. შეიძლება ითქვას, რომ Euro 2024-ზე კონტრშეტევებზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდი ვიყავით. ეს კი, პირველ რიგში, ორგანიზებულობისა და ერთიანობის დამსახურებაა.

ინდივიდუალურად კი ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იყო. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, იქნებოდა ეს სეივები, გოლები, დრიბლინგები, თუ ბურთის ართმევები, ჩვენი ფეხბურთელები რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ. დებიუტანტი ნაკრებისთვის კი ეს ნამდვილად საოცარი შედეგია და იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენებმა ინდივიდუალურ დონეზეც გაიბრწყინეს.

სხვა მხრივ, კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტი ის იყო, რომ ფეხბურთმა ერი გააერთიანა. ეს ძალიან გვაკლდა და გვჭირდებოდა. ჩემი აზრით, ესეც Euro 2024-ზე ჩვენი ღირსეული ასპარეზობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.

M: რას შეცვლის ქართულ ფეხბურთში Euro 2024-ზე ჩვენი ასეთი ღირსეული ასპარეზობის ფაქტი და რას უნდა ველოდეთ მომავალში?

შეცვლის პირველ რიგში იმას, რომ ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაცილებით გაიზრდება და სპორტის ამ სახეობით ბევრად მეტი ადამიანი დაკავდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ კარგი სტატისტიკა არ გვაქვს, შესაბამისად, კონკურენცია ნაკლებია და შემადგენლობის სიღრმის პრობლემაც სწორედ აქედან მოდის. გაგვიმართლა, რომ Euro 2024-ზე თითქმის არცერთ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებდა, მაგრამ შეიძლება მომავალში ასე არ მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდეს და შემადგენლობის თვალსაზრისით მეტი არჩევანის საშუალება გვქონდეს.

ბოლო პერიოდში ყველა ასპექტში ძალიან განვვითარდით და უკვე იმისაც უნდა გვჯეროდეს, რომ მომავალში როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშსაც შევძლებთ.


სატურნირო შედეგების გარდა, საქართველოს ევროპულმა მოგზაურობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ფეხბურთის გულშემატკივრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ნაკრების ამაღელვებელმა ისტორიამ, მოედანზე შექმნილ ბრწყინვალე მომენტებთან ერთად, აღტაცება და პატივისცემა დაიმსახურა. ბრძოლის ჟინმა, რომელიც ამ ქვეყანას ოდითგანვე მოსდევს, საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა ახალი თაობა შთაგონებით აავსო.

საქართველოს ზღაპრული საფეხბურთო მოგზაურობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, მას ხალხის ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება და  ემოციების ქარიშხლის დატრიალება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის ტურნირი დასრულდა, გრძელდება საქართველოს საფეხბურთო ოდისეა, გაჯერებული დაუვიწყარი მოგონებებით, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრებს განსაკუთრებულ ადგილს.

თითოეული ქართველისთვის ძვირფასი ეს ევროპული ვოიაჟი მხოლოდ დასაწყისია, წინ ახალი მწვერვალებია დასაპყრობი, ახალი მოგონებები შესაქმნელი, ზღაპრის ჩვენებური დასასრული დასაწერი! 

გაგრძელება აუცილებლად იქნება!..


ავტორი: გიორგი ბელქანია

„ექოვერსმარკეტინგი”? – რა არის და რა წესებს ამყარებს ის თანამედროვე სამყაროში

Mattel-ის სამაგიდო თამაშების 80% დალტონიკებზე მორგებული გახდება