in

საქართველოს ნოსტალგიით შექმნილი ნამუშევრები — ირაკლი ჭრელაშვილის შემოქმედება


იკა ჭრელაშვილი, იგივე Ika Trey, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც სწორედ საქართველოდან წასვლის დროიდან იღებს სათავეს. როგორც თავად ამბობს, ამერიკამ მისცა იმის გამბედაობა, რომ შედარებით “სარისკო” პროფესია აერჩია…

M: იკა, მოგვიყევი შენ შესახებ — ხელოვნების რომელ მედიუმებში მუშაობ?

ბევრი სხვადასხვა მიმართულება მიტაცებს ხელოვნებაში; გრაფიკა, ფერწერა, კინემატოგრაფია… თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ძირითადად სკულპტურისა და ფოტოგრაფიის სფეროში. დროთა განმავლობაში ჩემს ხელოვნებაში აქცენტად მინიატურული სკულპტურა გამოიკვეთა. ეს თითქოს ბუნებრივად მოხდა, როცა ემიგრაციის დროს ვცდილობდი, ჩემი ხელოვნებით დავკავშირებოდი საქართველოში დარჩენილ ჩემს ბავშვობას, მოგონებებში შემორჩენილ სივრცეებს, სიტუაციებს და საგნებს.

 

M: განსაკუთრებით საინტერესოა შენი ბოლო სერია, რომელიც სწორედ მოგონებებს უკავშირდება… უფრო დეტალურად რომ გვითხრა, როგორია ამ ნამუშევრების კონცეფცია?

ეს სერია, როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩემს საქართველოში დატოვებულ ბავშვობასთან დაკავშირების სურვილით იყო შთაგონებული. რაინერ რილკას აქვს ბავშვობასთან დისტანციის ეს მომენტი იდეალურად აღწერილი ერთ-ერთ მის ნაწარმოებში, სადაც მისი პერსონაჟი თავის ძველ ქალაქს სტუმრობს დიდხნიანი განშორების შემდეგ და აცნობიერებს, რომ მისი ბავშვობა წამოსვლის შემდეგ თითქოს იქ, იმ ქალაქში დარჩა, მიტოვებული და დროში გაყინული.

მინიატურული სივრცეების შექმნით, თითქოს, ისევ დავუბრუნდი იმ ბავშვობას რომელიც თბილისში დავტოვე. დავუბრუნდი იმ უბრალო და ყველაზე ჩვეულებრივ სივრცეებს, ჩემს ეზოს და ქუჩას, “შტაბებს”, სადარბაზოს, საკლასო ოთახს. 

თუმცა ნამუშევრები ამ ადგილების უბრალო მინიატურული რეპროდუქცია არ არის. ამ სივრცეებში არსებობს სხვადასხვა საგნები და სიტუაციები, რომლებიც მეხსიერების განზომილებაში საინტერესო დეფორმაციას იღებს და ინდივიდუალური ინტერპრეტაციის სივრცეს ქმნის. 

ამ ეტაპზე ჩემი ხელოვნების და კონკრეტულად ამ ნამუშევრების მიზანი ეს არის — შევქმნა მოგონებებზე, სოციალურ და კულტურულ ნარატივებზე დაფუძნებული სივრცე, რომელიც ასევე შეძლებს, რომ ინდივიდუალური ინტერპრეტაციებისა და ძიების ადგილი იყოს. 

M: როდის დაიწყე სერიაზე ფიქრი? გარდა საქართველოს ზოგადი მონატრებისა, თუ არსებობდა პირდაპირი შთაგონების წყარო, რაც შემდეგ ნამუშევრების ვიზუალურ მხარეშიც გამოიხატა?

შთაგონება ჩემი სოფლიდან დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში ვიყავი ჩამოსული. იქ დარჩენისას თავიდან განვიცადე მათი ღამის სიბნელე. ქალაქში არასდროს არის ისეთი სიბნელე, როგორც სოფელში. ასეთ კონტექსტში სახლში ყოფნის განცდა ბევრად ძლიერი იყო. გარეთ უკუნი სიბნელე, სახლში კი მკრთალი თბილი სინათლე, რომელიც მას შიგნით არ უშვებს. ამაზე ძლიერი ვიზუალური, კოგნიტიური კონტრასტი არასდროს გამომიცდია. მას შემდეგ დავინტერესდი ხელოვნებაში “სახლის” კონცეფციაზე. მრავალი კითხვა მქონდა ამის შესახებ, რას ნიშნავდა საერთოდ სახლი? რატომ ვიყავით სახლში მშვიდად, დაცულად? რა ფსიქოლოგიურ ღირებულებას ატარებდა სხვადასხვა ყოველდღიური საგნები გარდა მათი უშუალო ფუნქციისა? 

ეს კითხვები ატარებს ჩემს ხელოვნებას, ამ კითხვებს უკავშირდება ბოლო “საკლასო აქტივობების” სერიაც. თუმცა მათი მიზანი არ არის ამ კითხვებზე რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემა. ხელოვნება ჩემთვის მხოლოდ კითხვებზე პასუხის ძიებაში არსებობს და არა მათ პოვნაში.

ამერიკაში ცხოვრებამ სხვანაირად დამანახა ის ადგილები სადაც გავიზარდე და ის ხალხი ვისაც ვიცნობდი. დისტანცია გადამწყვეტი იყო ამ ყველაფრის გაცნობიერებისთვის. ხატვის დროსაც ხომ ასეა, ხანდახან უნდა მოშორდე ნახატს, დადგე ოთახის მეორე ბოლოს და იქიდან შეხედო; ისე შეიცვლება ყველაფერი რომ თითქოს სულ სხვა ობიექტს უყურებ. ალბათ, რაღაც მსგავსი მოხდა ჩემშიც.

M: ნოსტალგიის მომენტსაც გავუსვათ ხაზი, რა როლს ასრულებს ის შენს შემოქმედებაში?

ალბათ, ნოსტალგია ყველაზე “რელევანტური” ემოციაა ყველა ემიგრანტისთვის. ეს სიყვარული და მონატრება ხშირად მაძლევს ძალას რომ მეტი ვიშრომო, მეტი წავიკითხო, მეტი შევქმნა. 

თუმცა უშუალოდ ხელოვნების სფეროში ვფიქრობ აუცილებელია ამ ემოციის კონტროლი და ხანდახან დათრგუნვაც კი. ნოსტალგია ძალიან ძლიერი, პირადული ემოციაა და ხელოვნებასაც ხშირად საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევს. ეს ხელს უშლის ხელოვნებას რომ დარჩეს ფართო და თავისუფალ ინტერპრეტაციულ, საძიებო სივრცედ რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვახერხებ ამას. ძალიან მარტივია ჩემს ხელოვნებაში ნოსტალგიის დანახვა, თუმცა იმედი მაქვს რომ მთლიანად არ მოიცავს მას.

M: როგორია შემოქმედებასთან დაკავშირებული გეგმები?

ამ ბოლო პერიოდში ჩემთვის ქართული ხელოვნების სივრცე ბევრად უფრო საინტერესო გახდა და ვფიქრობ, ჩემი ხელოვნება საქართველოში თავს უფრო “სახლში” იგრძნობს.

კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის მაწუხებდა ის, თუ როგორი მოწყვეტილი ვიყავი საქართველოს ხელოვნების სივრცეს. თანდათან ამას აუცილებლად გამოვასწორებ… ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა ხელოვანი გვყავს საქართველოში და ძალიან მინდა მათი და მათი შემოქმედების ახლოდან გაცნობა.

ავტორი: ქეთია ბელქანია


კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება

ნახეთ: როგორ გარდაიქმნა ადგილობრივი სამრეცხაო სათამაშო მოედნად