7
Mar
2019

მასტერქარდი საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა

7 Mar 2019

მასტერქარდმა და საქართველოს რაგბის კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მასტერქარდი ქართველებისთვის საყვარელი სპორტის პირველი საერთაშორისო სპონსორი და მხარდამჭერი გახდა.

მასტერქარდი დიდი ხანია, თანამშრომლობს ყველაზე წარმატებულ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებთან მსოფლიოში (UEFA ჩემპიონთა ლიგა, როლანდ გაროსი და სხვა). სპორტის, კულტურის, მოდის, კულინარიისა და სხვა მიმართულებებით იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ინოვაციურ გამოცდილებას. წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორი მასტერქარდია, საქართველოს შემთხვევაში კი პირველი პრეცედენტია, როცა მასტერქარდი ლოკალურად ხდება ნაკრების სპონსორი.

“საქართველოში რაგბი არა მხოლოდ საყვარელი სპორტი, არამედ ქართული დნმ-ისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მეამაყება, რომ მასტერქარდი რაგბის ეროვნული კავშირის პარტნიორი ხდება, რადგან ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, შემართებასა და ოპტიმიზმს ქართული სპორტისა და ბიზნესის მომავლის შესახებ, რასაც თქვენ, ქართველები! წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს და ვფიქრობთ, თქვენთან ერთად რაგბის გულშემატკივრებს შეუფასებელი სიურპრიზები და ემოციები ვაჩუქოთ.“ – აცხადებს ისრაელის, საქართველოსა და დსთ-ს მასტერქარდის გენერალური მენეჯერი, ანდრაშ ჰემბერგი

„მსგავსი მასშტაბის გლობალურ ბრენდთან პარტნიორობა საქართველოს რაგბის კავშირისთვის ბევრ ახალ შესაძლებლობასა და გამოწვევას ქმნის, რის გამოც ძალიან გახარებულები ვართ. ველით შემდგომ თანამშრომლობას მასტერქარდთან საქართველოსა და მომავალ მსოფლიო თასზე ტოკიოში.“ – რაგბის კავშირის ხელმძღვანელი, გოჩა სვანიძე

2019 წელს მასტერქარდი საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, ეს შეთანხმება რაგბის კავშირსა და მასტერქარდს შორის ამ დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის გამორჩეულ პატივისცემასა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

[R]

განხილვა