13
Apr
2017

კიევში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TMTM) შესაძლებლობის  ეფექტურად გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს

13 Apr 2017

11 აპრილს ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები – კანატ ალპისბაევი, ვოიცეხ ბალჩუნი, ჯავიდ გურბანოვი და მამუკა ბახტაძე უკრაინის პრემიერ მინისტრს  – ვლადიმერ გროისმანს შეხვდნენ.

შეხვედრისას  ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა  და რკინიგზების ხელმძღვანელებმა  TMTM-ს, როგორც ევრაზიის პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და მისი პოტენციალის გამოყენების საჭიროებას ხაზი გაუსვეს.  ასევე შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ   არსებული მიმართულებით ტვირთის მოზიდვის საქმიანობის აქტივიზაციაა საჭირო.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა TMTM-ს პროექტის ფარგლებში,   გაიზარდოს მარშრუტის გეოგრაფია და მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებზე გასვლა.

მათი განცხადებით, სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, დერეფანში კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. კერძოდ, გადამზიდავებისათვის კომპლექსური მომსახურების მიწოდება – სატვირთო გადაზიდვებისას სავალდებულო პროცედურების ოპტიმიზება, უნიფიცირება და ,,ერთი ფანჯრის,, პრინციპის რეჟიმში მომსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე TMTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ,,დასავლეთი – სამხრეთი,, და ,,ჩრდილოეთი – სამხრეთი“ სატვირთო გადაზიდვების ნაკადის ზრდის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს  ხელი მოეწერა შესაბამის პროტოკოლს.

[R]

განხილვა