„საქართველოს ვარსკვლავი“ – PoP Idol-ის ანალოგია, რომლის ლიცენზიას Fremantle Media-სგან „ნოვა ფროდაქშენსი“, ექსკლუზიურად, ოფიციალურად ფლობს. წელს, პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. პირველად ქართული მუსიკალური პროექტების ისტორიაში, პროექტის გამარჯვებული, რომელსაც ხალხი აირჩევს, „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს.
მარკეტერი „ნოვა ფროდაქშენსის“ საერთაშორისო პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროს სალომე ლილუაშვილს ესაუბრა:
M: რატომ გადაწყდა „საქართველოს ვარსკვლავის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასვლა?
ჩვენს გუნდს არაერთი საერთაშორისო პროექტის დამზადების გამოცდილება აქვს. „ჯეოსტარი“, „საქართველოს ვარსკვლავი“, „იქს ფაქტორი“ „ნიჭიერი“ – ეს იმ მეგაპროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია წლების განმავლობაში საკუთარ გუნდთან ერთად პირველები ქმნიდნენ. დღემდე, სწორედ ამ შოუების ფორმატზე, ჩვენ მიერ შექმნილ კონტენტზე, მაყურებლის ინტერესებზე მორგებულ კონცეფციასა და სხვა შინაარსობრივ და კომერციულ სქემებზე დგას ყველა ის მეგაპროექტი, რომელსაც სხვადასხვა არხი ამზადებს. „საქართველოს ვარსკვლავმა“, წლების განმავლობაში, ბევრი კარგი მომღერალი აღმოაჩინა. თუმცა, არასდროს, არცერთი პროექტი ამ მომღერლების მომავალ წარმატებას და კიდევ უფრო გრანდიოზული აუდიტორიის წინაშე წარდგენას არ გულისხმობდა. წელს, პირველი არხისგან საინტერესო შეთავაზება მივიღეთ – სწორედ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს წარედგინა ჩვენი ქვეყანა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალზე. ბუნებრივია, ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენი გუნდი დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
M: წელს რას შესთავაზებთ მაყურებელს განსხვავებულს, გარდა იმისა, რომ სხვა არხზე გადის პროექტი?
„საქართველოს ვარსკვლავი“ ლოკალური მასშტაბის აღარ არის. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კიდევ ერთი სიახლეა, რომ სწორედ მაყურებელმა უნდა შეარჩიოს ქვეყნის სახე ევროვიზიაზე წარსადგენად. უმნიშვნელოვანესია ხმის მიცემის ფორმა – პირველად სატელევიზიო შოუების ისტორიაში ხმის მიცემა მოხდება სოციალური ქსელით. ეს არის ინოვაცია, რომელსაც მომავალში აუცილებლად გადაიღებენ სხვა კომერციულად დაინტერესებული ტელევიზიები, ისევე, როგორც დღემდე ფუნქციონირებენ ჩვენ მიერ დანერგილი სქემებით. M: რატომ სოციალური ქსელი?
ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ მივხვდით, რა სჭირდება ბაზარს და მაყურებელი სწორედ სოციალური ქსელით მოვიზიდეთ. ინტერნეტაუდიტორიის რეკორდული წვდომა ძალიან მოულოდნელი და კომერციული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისაც და დამკვეთებისთვისაც, ვინაიდან გადახდისუნარიანი მაყურებელი 2019 წელს უკვე აღარ ზის მხოლოდ ტელევიზორთან, ჩვენ კი იმ „დივაისებით“ მივიტანეთ მათთან შოუ, რომელსაც იყენებენ. ბევრი წლის წინ პირველებმა შევქმენით მეგაშოუების ფეისბუკის ოფიციალური გვერდები და სოციალური ქსელით მოვიზიდეთ ის მაყურებელიც, რომელიც ტელევიზორს ან არ უყურებს, ან მის ასაკობრივ ჯგუფს სატელევიზიო რეიტინგის მთვლელი არ აღრიცხავს. ეს არის 18 წლამდე ასაკის მაყურებელი, რომელიც რეალურად, ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც ტრენდმეიკერია. სწორედ სოციალურ ქსელში ხდება პროექტის მნახველის რეალური ციფრების ასახვა – ვერცერთი კვლევა და სატელევიზიო რეიტინგი მსგავსად ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს. დღეს „ნიჭიერისა“ და „იქს ფაქტორის“ ოფიციალურ გვერდებს ფეისბუკზე ყველაზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. პირველები ვიყავით, ვინც სატელევიზიო ეთერში ინტერნეტოთახი გააჩინა. ამ მიმართულებით, მუდმივად ვვითარდებით და არაერთ სიახლეს ვთავაზობთ სატელევიზიო ბაზარს. ჩვენი გუნდი ყოველთვის “Game changer-ია“. M: სოციალურ ქსელში 1 კვირაში 2.5 მლნ ნახვა დააგროვეთ. რას მიაწერს გადაცემის გუნდი ამას?
რეკორდული მაჩვენებელი და შოკისმომგვრელი შედეგია – „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუკის გვერდზე დადებულ ვიდეოებს ზუსტად ერთ კვირაში ორ მილიონ ნახევარზე მეტი ნახვა აქვს – ასეთი შედეგები ჩვენთვისაც კი მოულოდნელია. მაგრამ, ამ მასშტაბების მიღწევა მოხერხდა პირველი არხის ახალი სოციალური მედიის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის შედეგადაც. რაც ეხება სატელევიზიო რეიტინგს – ამ ეტაპზე სატელევიზიო რეიტინგებზე ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს. სოციალური ქსელის ციფრები კი ჩვენი დამკვეთი და პარტნიორი კომპანიებისთვისაც უტყუარი მათემატიკაა. სწორად მოვახერხეთ პროდუქტის ინტეგრირება სოც ქსელში, რამაც განაპირობა იმ ფინანსური შედეგის დადება, რომელზეც სხვადასხვა არხზე ჩვენივე პროექტებით გავედით.
M: რაც შეეხება „საქართველოს ვარსკვლავის“ გაყიდვებს – რამდენად დაინტერესდა დამკვეთი პროექტის სხვა არხზე შესყიდვით და როგორია ამ მხრივ შედეგი?
ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს ფინანსურ სკალაზე – „რუსთავი2-დან“ გადატანილი პროექტები „იმედზე“ იმავე ფასად გაიყიდა, როგორც „რუსთავი2-ზე“. მსგავსი ფინანსური შედეგი „იმედის“ არცერთ მეგაპროექტს არ ჰქონია, ხოლო „საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე წელს იმაზე მაღალ ფასად გაიყიდა, ვიდრე გასულ სეზონზე „იმედის“ ერთ-ერთი მეგაპროექტი. M: რა განაპირობებს ამ ციფრებს?
ჩვენ ყოველთვის ვადაპტირდებით ბაზრის მოთხოვნებზე. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც ბიზნესის ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად და მაყურებლამდე სწორად მისატანად. ჩვენ ვქმნით ტრენდს, რომელიც მკვიდრდება, როგორც “New normal“.
[R]