28 მარტს უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მონღოლეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ყველანი მოუთმენლად ველით ამ მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარებას — წარმატებისა და ჩვენი ფეხბურთელების იმედით სავსენი.
ჩვენი გუნდისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისით იწყება ჩვენთვის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო, ნორვეგიის გარდა, ესპანეთს, შოტლანდიასა და კვიპროსს დაუპირისპირდება. თითოეულ გუნდთან ნაკრები 2-2, საშინაო და გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.
ამ მოლოდინისთვის კი შედარებით ობიექტური ფორმის მისაცემად, სტატიაში ორივე ნაკრების მიმოხილვას გთავაზობთ:
ნორვეგიის ნაკრებმა ჩვენს ჯგუფში უკვე მოასწრო ერთი თამაშის ჩატარება ესპანეთის ნაკრებთან და 3-0 დამარცხდა. დიდი ანგარიშით წაგებასთან ერთად, გუნდი აშკარად უღიმღამოდ გამოიყურებოდა. 90 წუთის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. ეს, ალბათ, დიდწილად იმის ბრალი იყო, რომ ნორვეგიელთა მთავარი მოთამაშე და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ერლინგ ჰაალანდი ტრავმირებულია და საკუთარ ნაკრებს ვერ ეხმარება.
მსგავსი მდგომარეობის ფონზე, ამ ეტაპზე, ნორვეგიელთა მთავარი ფეხბურთელი და კაპიტანი, საოცარ ფორმაში მყოფი ლონდონის არსენალის ნახევარმცველი (ასევე არსენალის კაპიტანიც), მარტინ ოდეგორია, რომლის გასანეიტრალებლად დიდი ყურადღება მართებთ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებს.
რაც შეეხება ზოგადად გუნდის ფორმას, ნორვეგია ბოლო 5 თამაშში 4-ჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთი მატჩი დაასრულა ფრედ ფინეთის ეროვნულ გუნდთან. ხოლო საქართველოს ნაკრებმა მშვენიერი შედეგით დაასრულა თავისი ბოლო შეხვედრა მონღოლეთის წინააღმდეგ. მართალია, ეს უკანასკნელი ძალების საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვილი სანიოლიმ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, მათ შორის რამდენიმე დებიუტანტიც გამოსცადა.
რაც მთავარია, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოსა და თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას. თუმცა სანიოლის შეგირდებმა მის გარეშეც მოახერხეს მეტიქისთვის 6 გოლის გატანა.
სიმართლე ითქვას, ძნელია საქართველოს ნაკრების ფორმაზე მტკიცებით ფორმაში ისაუბრო. როგორც აღვნიშნეთ, მონღოლეთს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შემადგენლობა ჰყავს მსოფლიოში, რომელიც პირველად ეთამაშა ევროპულ ნაკრებს. 2023 წელს კი საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი შეხვედრა იყო.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან კარგ ფორმაში არიან. ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ სეზონს ატარებს, გიორგი მამარდაშვილი საიმედოდ იცავს ვალენსიას კარს და ნელ-ნელა ძველ კონდენციებს უბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელიც ქართველი ქომაგისთვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი:
მეკარე: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.
დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, მამუკა კობახიძე, სოლომონ კვერკველია, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, გიორგი წიტაიშვილი.
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი, ლუკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი აბურჯანია, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, დავით ვოლკოვი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.