in ,

საქართველოში ახალგაზრდული „eurobest“-ის ლოკალური შეჯიბრება ჩატარდება

eurobest1საქართველოში 13-14 ნოემბერს ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. გამარჯვებული ორი გუნდი კი 1-3 დეკემბერს კონკურსზე ანტვერპენში გაემგზავრება და „ევრობესთის“ მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს.

„ევრობესთი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.

ლევან ლეფსვერიძე („ევრობესთის“ ადგილობრივი კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი): „ეს არის ევროპის საუკეთესო და ყველაზე „წონიანი“ სარეკლამო კრეატიული ფესტივალი. დაახლოებით, შედარება რომ გავაკეთოთ, თუ კანის ფესტივალი არის მსოფლიო ჩემპიონატი, „ევრობესთი“ არის ევროპის ჩემპიონატი. წელს, პირველად საქართველოში, იმართება ახალგაზრდული ფესტივალის ლოკალური შეჯიბრი, რომელშიც გამარჯვებული 2 გუნდი საქართველოს სახელით „ევრობესთის“ ახალგაზრდულ კონკურსში 1-3 დეკემბერს ანტვერპენში იასპარაზებს. ლოკალური კონკურსის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი კრეატიული სააგენტოებიდან გამოდის თითო რჩეული გუნდი, რათა გამოვლინდეს საუკეთესო, საუკეთესოთა შორის. ეს კონკურსი 13-14 ნოემბერს გაიმართება. საქართველოში ლოკალური კონკურსის ჩატარების უფლება საქართველომ მხოლოდ წელს მოიპოვა. მანამდე ახალგაზრდული „ევრობესთის“ რიგებში არ მოიაზრებოდა ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ ინდუსტრიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავს კონკურსებში მონაწილეობით გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება, მოლაპარაკებების შედეგად მოვახერხეთ და მოვიპოვეთ ეს უფლება. გამომდინარე იქედან, რომ „ევრობესთი” ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა ქალაქში, არ არის გამორიცხული, რომ, ერთხელაც, თბილისი გახდეს მასპინძელი. მათკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ამ მიმართულებით. თუმცა, ჯერ-ჯერობით, ეს არ განიხილება. ახალგაზრდებისთვის მსგავს კონკურსებში მონაწილეობა სასარგებლოა და დიდ გამოცდილებას მოუტანს. საკუთარ ძალებს სინჯავენ, ასევე ხედავენ, რა დონეზე არიან მომზადებულები მათი უცხოელი   კოლეგები, პროფესიულად რა შეუძლიათ და თვითონაც ამ მიმართულებით ფიქრს იწყებენ”.

eurobest-2015

4 წლის წინ პროფესიული ფესტივალის გამარჯვებული ქართული სარეკლამო სააგენტო Windfor’s -ი გახდა. კომპანიის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე მიღწეულ წარმატებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ჩვენ რომ ეს ფესტივალი მოვიგეთ, ძალიან დიდი მიღწევა იყო, განასკუთრებით, იმ პერიოდში. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რა იყო „ევრობესთი“, მათ შორის პროფესიულ წრეებშიც. საერთო ჯამში, ამ გამარჯვებამ მოგვცა საკუთარი თავის რწმენა, წარმატების მიღწევა დადებით განწყობას ქმნის სააგენტოში. დამკვეთებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული რამ არ მოუცია, მაშინ ამხელა გამოხმაურება არ იყო. დღეს, საქმიან წრეებში, მეტი გავლენა აქვს ასეთ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ მოგვეგო, უფრო მეტად აისახებოდა ჩვენს მომავალ საქმიანობაზე. მეტი ხალხი ილაპარაკებდა ამაზე, თუნდაც, „მარკეტერის“ არსებობის პირობებში. ახლა იგივე მედიაც უფრო აქტიურად აშუქებს ამ თემას. დღეს რომ მოგვეგო, უფრო მეტი წარმატება გვექნებოდა. მაშინ კი სხვა სიტუაცია იყო. რაც შეეხება ზოგადად ფესტივალს. ასეთი კონკურსები რაც უფრო მეტი და ინტენსიური იქნება უკეთესია. ამ ფესტივალს იგივე გუნდი ატარებს, რომელიც კანის სარეკლამო ფესტივალს მართავს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ევროპით შემოიფარგლება. შესაბამისად, მნიშვნელობა, ხარისხი და სტანდარტიც ზუსტად ისეთია, როგორც კანში“,-ამბობს ვატო ქავთარაძე.



ლონდონი მავთულის “Land Rover”-ებით გაივსო

ფილმ “ანა-ბანა”-ს დახურული ჩვენება 14 ნოემბერს,კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება