თუ აქამდე დრაივზე უბრალოდ ბურგერის ყიდვა შეგეძლოთ, ახლა სააფთიაქო მომსახურებასაც მიიღებთ. იმისათვის, რომ სასურველი მედიკამენტი, ბავშვის საკვები თუ ჰიგიენური საშუალებები შეიძინოთ, საპარკინგე ადგილის ძებნა და აფთიაქამდე ფეხით მისვლა აღარ არის საჭირო, არც გრძელ რიგში ლოდინი შეგიქმნით დისკომფორტს და არც გვერდით მყოფებისთვის მოგიწევთ იმის უნებლიედ გაზიარება, თუ რის ყიდვას აპირებთ. ეს ყველაფერი Dr. Drive-ის დახმარებით მოხდება, რაც სააფთიაქო სერვისებით სარგებლობის გამოცდილებას სრულად ცვლის.
Dr. Drive აფთიაქია, რომელიც მომხმარებელს სრულ სერვისს მანქანიდან გადმოსვლის გარეშე სთავაზობს. კონკრეტული მომსახურების მიღებას კი თბილისში, ბელიაშვილის 199 ნომერში მდებარე საპილოტე აფთიაქში შეძლებთ.
მეტი დეტალის გასაგებად გიორგი გოგეშვილსა და ანიკა იაშაღაშვილს, Dr. Drive-ის დამფუძნებლებს, გავესაუბრეთ.
M: რა ტიპის სააფთიაქო სერვისს სთავაზობს Dr. Drive მომხმარებელს?
გიორგი: Dr. Drive სწრაფი და კომფორტული აფთიაქია, სადაც მეორე ჯგუფის მედიკამენტების, ჰიგიენისა და ბავშვთა კვების შეძენა ღია ფანჯრის პრინციპით, მანქანიდან გადმოსვლის გარეშეა შესაძლებელი. ავტომობილით პირდაპირ ფარმაცევტამდე მიდიხართ, კარნახობთ საჭირო მედიკამენტებსა თუ სხვა პროდუქციას, რომელსაც რამდენიმე წამში პირდაპირ მანქანაში გაწვდიან.
M: რა გამოარჩევს Dr. Drive-ს სხვა უკვე არსებული მომსახურებისგან?
ანიკა: აფთიაქის დრაივ კონცეფციით შექმნამ სწრაფი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა მოგვცა, რაც მომხმარებელს ძალიან დიდ დროს აზოგვინებს. სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია ბავშვიანი მომხმარებლებისთვის, რადგან ხშირად მშობლებს ბავშვების მანქანაში დატოვების პრობლემა აქვთ.
დაცულია კონფიდენციალურობა და მოხსნილია მედიკამენტისა თუ სხვა პროდუქციის შეძენით გამოწვეული უხერხულობა.
იმის გამო, რომ აფთიაქი, როგორც სამედიცინო დაწესებულება, მომატებული საფრთხის შემცველ გარემოდ შეიძლება მივიჩნიოთ, Dr. Drive-ზე მომხმარებელი ამ მხრივაც უსაფრთხოდაა. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა კი, სერვისის ნაწილში სისტემურად შეცვლილია ყველაფერი ის, რაც თავად არ მოგვწონდა აფთიაქში მისვლისას.
M: როგორ დაიბადა Dr. Drive-ის იდეა?
გიორგი: აფთიაქში ერთ-ერთი ვიზიტისას, როცა მანქანის გასაჩერებლად ბევრი დრო დავკარგე და აფთიაქამდე საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მიწევდა, უბრალოდ ვიფიქრე, თუკი დრაივზე ბურგერს ვყიდულობთ, რატომ არ შეიძლება მედიკამენტებიც დრაივზე იყიდებოდეს? აფთიაქში ყოველი ვიზიტისას სულ ეს აზრი მიტრიალებდა და როგორც ხდება, დრაივ აფთიაქის იდეა ამეკვიატა, საბოლოოდ კი მე და ჩემმა მეუღლე ანიკამ ერთობლივი ძალებით ეს იდეა განვახორციელეთ.
M: რას გეგმავთ მომავალში?
Dr.Drive-ის კონცეფცია კომფორტულ, სწრაფ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სააფთიაქო ქსელს გულისხმობს. საპილოტე ეტაპის გავლის შემდეგ, დღის წესრიგში ქსელის განვითარება დგას.
M: რას ურჩევდით სტარტაპერებს?
გიორგი: სტარტაპერობას გაუკვალავში სიარულის როგორც სირთულე, ისე ხიბლი აქვს. როცა რაღაცას პირველად აკეთებ, ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, მითუმეტეს თუ ირგვლივ ყველა საპირისპიროს ამტკიცებს. პირადად ჩემთვის, როგორც არაერთი სტარტაპის ავტორისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა — „ვერ იზამ!“.
მთავარია სწორი ადამიანი გყავდეთ გვერდით, რომელსაც თქვენსავით სჯერა კონკრეტული იდეის, რომელიც მრავალი სირთულისა თუ უშედეგო მცდელობის მიუხედავად გეტყვით: „არა უშავს, კიდევ ვცადოთ!“.