14
Aug
2019

საკე – იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილი

14 Aug 2019

9 აგვისტოს იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ, საკუთარ რეზიდენციაში მიღება გამართა. აღნიშნული საღამო იაპონური ალკოჰოლური სასმლის, საკეს მიმართ ცნობადობის გაზრდას ეძღვნებოდა. მიღებაზე ფეხის შედგმისთანავე იგრძნობოდა ის, რაც მხოლოდ იაპონურ კულტურას ახასიათებს – თავბრუდამხვევი აურა.

მიღება თავად ელჩმა გახსნა და ცოტაოდენი ინფორმაცია მოგვაწოდა საკეს შესახებ. მის მოკლე მონოლოგშიც კი იგრძნობოდა, როგორ ამაყობს იაპონია ამ სასმლით და რომ საკე იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მანვე წარმოგვიდგინა იქვე განთავსებული სასმელის რამდენიმე სახეობა (იაპონიის რეგიონების მიხედვით). აღნიშნული სახეობები სპეციალურად იყო დანომრილი, რათა ჩვენი ფავორიტისთვის ბოლოს ხმა მიგვეცა და ორიგამით დამზადებული ვარსკვლავი ნომრის შესაბამის ყუთში მოგვეთავსებინა. ბოლოს კი ხმებს დაითვლიდნენ და ასე გამოვლინდებოდა “გამარჯვებული საკე.”

ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ მიღებაზე ქართული სუშის რესტორანი იყო წარმოდგენილი და რომ თვით იაპონელებიც კი საქართველოში დამზადებულ სუშის აქებენ. ასევე უნდა აღინიშნოს ის თბილი და უშუალო დამოკიდებულებაც, რომელსაც ქართველები იაპონელებისგან ვგრძნობდით.

რაც შეეხება თავად საკეს, ვფიქრობ, იგი მართლაც გამორჩეული სასმელია. მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, თუ იაპონიის რომელი რეგიონის/პრეფექტურის საკეს დააგემოვნებთ, რადგანაც იგი მრავალგვარია. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ არაყს ჰგავს და გემოც თითქოს ამგვარი აქვს, თუმცა, დაგემოვნების შემდეგ სულ სხვა გემო დაგრჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ალკოჰოლურია, გრადუსს ნელ-ნელა გაგრძნობინებთ, ეს კი, საკმაოდ სასიამოვნო პროცესია.

იაპონელები განსაკუთრებით გამოარჩევენ ფუკუშიმას საკეს. ეს სწორედ ის რეგიონია, რომელშიც წლების წინ ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. სწორედ ამიტომ, მას მერე ხშირად აქ დამზადებულ საკეს საფრთხისშემცველად მიიჩნევენ, თუმცა, როგორც თავად ელჩმა განგვიცხადა, იგი სრულიად უსაფრთხოა და, უნდა ითქვას, რომ მართლაც გამორჩეულია.

ცოტა რამ საკეს წარმომავლობის შესახებ:

საკე იაპონური სიტყვაა და “ალკოჰოლურ სასმელს” ნიშნავს. თავად იაპონელები ყველაზე ხშირად სიტყვა “ნიჰონშუ”-ს იყენებენ, როცა სურთ, სასმლის იაპონურ წარმოშობას გაუსვან ხაზი (ნიჰონ – იაპონია, შუ – სპირტი). იგი იაპონელებისთვის ეროვნული მნიშვნელობის მატარებელი სასმელია, რომელიც, იაპონური ბრინჯისგან მზადდება. საკე ძველად იმპერატორის სასახლესა და სინთოისტური ტაძრის მარნებში მზადდებოდა და იმხელა დატვირთვის მატარებელი სასმელი იყო, რომ ნებისმიერი რელიგიური დღესასწაულის თანმდევ კომპონენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იაპონელები მას ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვის დროს იყენებდნენ. აღსანიშნავია რომ, XII საუკუნეში “საკეს” წარმოება იაპონიის სოფლებშიც დაიწყეს. თავდაპირველად, ამ სახელით მხოლოდ ბრინჯის არაყს მოიხსენიებდნენ, დღეს კი მას თითქმის ყველა იაპონურ ალკოჰოლურ სასმელს უწოდებენ.

კარგი საკეს უმთავრესი პირობა შესაფერისი წყალი, საჭირო ჯიშის ბრინჯი და მძიმე შრომაა. საკეს, როგორც წესი, თავდაპირველად კასრებში ასხამენ. კასრის თავსახურის გრძელტარიანი ჩაქუჩით გატეხვა კი ის რიტუალია, რომლითაც მრავალი დღესასწაული თუ მნიშვნელოვანი მოვლენა იხსნება. მაგალითად, ამ რიტუალის გარეშე არ იწყება სუმოს ჩემპიონატი, იაპონურ ქორწილშიც მეფე-პატარძალმა აუცილებლად უნდა გატეხოს კასრის თავი, საკურას ყვავილობასაც სწორედ ამ რიტუალით აღნიშნავენ.

საკეს დაახლოებით იაპონიის 30-მდე რეგიონში ამზადებენ. მისი ალკოჰოლურობა 16-დან 19 გრადუსამდე მერყეობს. მის დალევას სპეციალური წესების ცოდნა სჭირდება. ზაფხულში მას ცივს მიირთმევენ, ცივ სეზონებზე კი – თბილს. არავინ სვამს საკეს ჩქარა, მას ყლუპ-ყლუპად, ნელა მიირთმევენ. მისი ძირითადი ჭურჭელი ფაიფურის ბოთლი და ჭიქებია, თუმცა, მას ხშირად მინის პატარა ჭიქებიდანაც მიირთმევენ.

საკე ერთგვარად იაპონელების იდენტობის ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ მას იმხელა დატვირთვა აქვს იაპონიისთვის, რამხელაც ღვინოს საქართველოსთვის. და ერთ-ერთი, რითიც დღეს იაპონელები გულწრფელად ამაყობენ, სწორედ საკეა – სასმელი, რომელიც საუკუნეებია, იაპონური კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა