ბრენდის თუ კონკრეტული პროდუქტის მომენტალურად ამოცნობის ან ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი იდეალური მექანიზმი ლოგოა. ტრადიციულ მარკეტინგში ის კომპანიების განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა და საკმაოდ დიდი ეფექტურობითაც ასრულებს საკუთარ „მოვალეობას“, თუმცა ონლაინ რეალობა ოდნავ განსხვავებულია: ნაკლებ დროს ვხარჯავთ სივრცეებისა და ობიექტების დაკვირვებაში; სანაცვლოდ, მეტად ვუყურებთ სოციალურ მედიაში განთავსებულ ვიდეოებს თუ სურათებს. ამგვარ კონტენტ სამყაროში კი სახეები „მეფეა“.
პოსტპანდემიურ სამყაროში, სადაც TikTok-მა ყველას (მათ შორის ბრენდებს) საშუალება მისცა, უბრალოდ აეღოთ კამერა და საკუთარი ვიდეოთი პოტენციურ მილიონ მნახველამდე მიეღწიათ.
კრეატორი ბრენდების ზრდა
კრეატორთა ახალმა ეკონომიკამ ბრენდების შექმნის განსხვავებული გზა დანერგა — ისეთი, სადაც ბევრი კომპანია ცნობილი პიროვნებას იყენებს, როგორც სახეს. ამ ახალი ტიპის მიდგომაში მთავარია ინდივიდი და არა — ძლიერი ხედვა.
რამდენიმე მახასიათებელი, რაც ამგვარ ბრენდებს ახასიათებთ:
- ბევრი მათგანი ქმნის რეკლამებს, მაგრამ შინაარსზე უფრო მეტად არიან ფოკუსირებულნი, ვიდრე ვიზუალურ სრულყოფილებაზე;
- როგორც წესი, დეცენტრალიზებულ მარკეტინგს იყენებენ; თანამშრომლობენ სხვა კრეატორებთან, რათა მრავალფეროვან აუდიტორიას მისწვდნენ;
- ორიენტირებულნი არიან მეგობრულ დამოკიდებულებაზე, ნაცვლად ლიდერული მიდგომისა;
- კავშირი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილება;
- მათი კომუნიკაცია ინტერაქციული ხასიათისაა და არა — ცალმხრივი;
- ძირითად საკომუნიკაციო საშუალებად ვიდეოებს იყენებენ, ნაცვლად დიზაინისა და ვრცელი ტექსტებისა.
მიზეზი, რის გამოც კრეატორი ბრენდები ძლიერ ქსელად ჩამოყალიბდა, არის ის, რომ ლოიალური აუდიტორიის გაზრდას გაცილებით ადვილად ახერხებენ.
სახეები ახალი ლოგოტიპებია
ჩვენ ჯერ კიდევ შემოქმედთა ეკონომიკის საწყის ეტაპზე ვართ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ჯანსაღი ონლაინ პერსონის (ან ბრენდის) ქონა იდეალურია კონტენტის შესაქმნელად.
როგორც იუვალ ნოახ ჰარარი თავის წიგნ Sapiens-ში განმარტავს, კაპიტალისტებმა გამოიგონეს სასაქონლო ნიშნები, რათა კომერციული საქმიანობა კონკრეტული ინდივიდიდან კომერციულ ლანდშაფტზე გადაეტანათ. ცხადია, ამას უზარმაზარი იურიდიული სარგებელი აქვს, რომელიც ზრდაზეც აისახა… სასაქონლო ნიშნის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება კი აშკარად ლოგოა, რაც, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, წარმატებით მუშაობს. თუმცა ადამიანებთან უშუალოდ დაკავშირება კიდევ უფრო ძლიერ მექანიზმად იქცა.
ამიტომაც, უფრო მეტად „ვკონტაქტობთ“ კრეატორებთან, ვიდრე ბრენდებთან. ადამიანები ხომ უფრო იზიდავენ ხალხს, როგორც რეალური და ხელშესახები სუბიექტები. კონკრეტული პიროვნების გაკულტება კი უცხო ნამდვილად არ არის ჩვენი ბუნებრივი აღქმისა თუ შინაგანი მოთხოვნილებისთვის. ამას ემატება დღევანდელი ციფრული ტრანსფორმაციის თანმდევი შესაძლებლობები — სოციალური მედია იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ადამიანი მთელ ბრენდად იქცეს.
წყარო: BrandingMag