in

ცუდ ხასიათზე ყოფნისას ღიმილი გაგაბედნიერებთ?!

M2
M2

არადა, როცა ბედნიერები ვართ, ვიღიმით, როცა მოწყენილები, წარბებს ვკრავთ… თუმცა ახლა სახის უკუკავშირის ჰიპოთეზა ამ მოსაზრებებს ეჭვქვეშ აყენებს. გვეუბნება, როცა მოწყენილი ხართ და უბრალოდ გაიღიმებთ, ეს განწყობას გაგიუმჯობესებთო… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ საქმე ემოციებში კი არაა, რომელთაც კონკრეტული ქმედებებითა თუ გამომეტყველებებით გამოვხატავთ, არამედ თავად გამოხატვის ფორმებში, რომლებიც, როგორც ამ თეორიის მხარდამჭერები ამბობენ, ჩვენს ემოციებზე ზემოქმედებს. და საიდან მოვიტანეთ ეს?

ჯერ კიდევ 1988 წელს აღნიშნული ჰიპოთეზის გამოსაცდელად ფსიქოლოგმა ფრიც სტაქმა კოლეგებთან ერთად კვლევა ჩაატარა — ექსპერიმენტში მონაწილეებს მულტფილმების იუმორის შეფასება სთხოვეს, როცა კალამი თავიანთი ტუჩებითა და კბილებით ეჭირათ. ეს მათ აიძულებდა, ნეიტრალური გამოხატვის ფორმა შეენარჩუნებინათ ან ღიმილის მიმიკა შემოეთავაზებინათ. ხოლო, ვინც ამ უკანასკნელს აკეთებდა, მულტფილმებს მეტად სასაცილოდ თვლიდა.

უკვე 2010 წლის კვლევაში, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს, კალმის ნაცვლად, ბოტოქსის ინექციები გამოიყენეს. თუმცა ინექციებამდე მონაწილეებს პოზიტიური და უარყოფითი ვიდეოები აჩვენეს, შემდგომ კი მათი გრძნობების შეფასება სთხოვეს შკალაზე ძალიან პოზიტიურიდან ძალიან ნეგატიურამდე. ერთ ჯგუფს ეს ინექცია შეუყვანეს, მეორეს კი უბრალოდ წამალი, რომელიც ნაოჭებს ავსებს და არ აისახება კუნთების მოძრაობაზე — 24 დღის შემდეგ ბოტოქსის მქონე ჯგუფმა უფრო სუსტი ემოციები გამოავლინა…

კვლევები ამით არ მთავრდება, 2016 წელს აღნიშნული ჰიპოთეზის გამოცდა Psychological Bulletin-მა 138 მონაწილეზე გადაწყვიტა. ისინი ამტკიცებენ, რომ სახის გამომეტყველებები, რომლებიც პოზიტიურ ემოციებს უკავშირდება, მაგალითად ღიმილი, ნამდვილად მიგვიყვანს გაძლიერებულ პოზიტიურ ეფექტებამდე… ეს ყველაფერი კი ერთ ფაქტს გვთავაზობს, რომ სახის უკუკავშირის ჰიპოთეზა უკვე კვლევებით დამტკიცებული ფენომენია. 

თუმცა რატომ ხდება ასე?

გამოდის, ფიზიკურად გაღიმება დადებით ემოციებს იწვევს, რისი ერთ-ერთი ახსნა ის არის, რომ ჩვენს ტვინში ამ დროს ენდორფინები აქტიურდება, რაც სიამოვნებისა და ეიფორიის განცდას შესაძლებელს ხდის, ამცირებს სტრესსა და ტკივილს. მეორე მიზეზად კი დოფამინის გამოყოფა სახელდება — მოტივაციის გრძნობას აღვიძებს ჩვენში და პოზიტიურ გამოცდილებასაც აძლიერებს. 

თუმცა აქ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, რომ ღიმილს, ენდორფინებსა და დოფამინს შორის არსებული კავშირი კვლევის კომპლექსური ნაწილია. თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ ინდივიდებს შორის განსხვავებულ რაოდენობებთან გვაქვს საქმე. ბუდისტებიც კი ამას გვეუბნებიანო… და თუ გსურთ, თავადვე გამოცადოთ ეს ჰიპოთეზა, იმ აქტივობებს მიმართეთ, რომლებიც თქვენი გრძნობების საპირისპიროა. როცა ცუდ ხასიათზე იქნებით, კომედიას უყურეთ, ეს თქვენს ტვინს მიაწვდის სიგნალს, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად მიდის, რადგან თქვენ იღიმით! 

თუმცა ბუნებრივია, ადამიანური ემოციები მეტად კომპლექსური საკითხია და უბრალოდ გაღიმება მაგიურად ვერ მოაგვარებს ყველაფერს… ღიმილმა შეიძლება ყოველთვის არ იმუშაოს, მაგრამ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე სწრაფი გამაჯანსაღებელი ეფექტი ნამდვილად აქვს.

WhatsApp-ში ვიდეოზარის დროს ეკრანის გაზიარებას შეძლებთ

„ტენე” პლასტმასის ნარჩენებს უკვე ბათუმშიც ჩაიბარებს