26
Apr
2017

სახლი #8 – შემეცნებითი სივრცე საბავშვო აქტივობებისთვის

26 Apr 2017

Startauperi
Startauperi


სახლი #8 წლინახევრის წინ შეიქმნა. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის შემეცნებითი ხასიათის, ყოველკვირეულად განახლებადი აქტივობების შეთავაზებას, ხელს უწყობს ბავშვებში საკომუნიკაციო და ახალ გარემოსთან შეგუების უნარების განვითარებას. კომპანია ზრუნავს ბავშვებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებასა და ინტერესთა სფეროების გამოკვეთაზე. გარდა შეთავაზებადი აქტივობებისა, სივრცე იძლევა „სახლური დაბადების დღეების” მოწყობის შესაძლებლობასაც, სადაც ბავშვები თვითონ ერთვებიან სამზადისში. „სახლი #8″ 6 თვიანი პაუზის შემდეგ, 29 აპრილიდან, „გაზაფხულის საღამოებით” უბრუნდება ბავშვებს.  სივრცის შექმნის ისტორიაზე, გეგმებსა და მნიშვნელობაზე მარკეტერი მის დამფუძნებელს – ქეთი ჩხიკვიშვილს ესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა “სახლი #8”-ს შექმნის იდეა?
“სახლი #8” მე და ჩემმა დამ – ანი ჩხიკვიშვილმა შევქმენით. რადგან, ამ მიმართულებით, მრავალფეროვანი არჩევანი არ იყო საქართველოში, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა შემეცნებითი აქტივობის შესაძლებლობა ჩემი და სხვისი ბავშვებისთვის. გარდა ამისა, გვინდოდა, ეს მათთვის ოჯახური და თავისუფალი გარემო ყოფილიყო, სახლიც ამიტომ შევარქვით.  

M: კონკრეტულად, რა სახის აქტივობები დაგიგეგმავთ ბავშვებისთვის?
გვქონდა კულინარიული აქტივობები, „ჩრდილების თეატრთან” გასვლითი საღამო, მწერლების სტუმრობა, როცა ბავშვებმა შეძლეს მოთხრობის დაწერა და ინსცენირება. მუსიკალური კუთხით – ჯაზ საღამო, მოწვეული გვყავდა ანა ჟორდანია, ხელსაქმის მხრივაც იყო ღონისძიებები. სტრიტ-არტის შესახებ, გიორგი გაგოშიძე საუბრობდა, ასევე, გვყავდა „პრეზენტატორიუმის” სპიკერი, რომელმაც  კრეატიული აზროვნებისა და ფიქრის საღამო მოუწყო ბავშვებს. სწორედ, ამ ფიქრის აქტივობით ვხსნით ჩვენს ახალ სეზონს. ბავშვები, ორი საათის განმავლობაში, თვითონ დახელოვნდებიან იმაში, თუ როგორ იქმნება სამგანზომილებიანი, ხელნაკეთი წიგნი. ვცდილობთ, აქტივობებით მოვიცვათ ყველა ის თემატიკა, რომლისთვისაც ბავშვს თვალი მოუკრავს და აინტერესებს.

M: ახალ სეზონს რაც შეეხება, რა სიახლეებს შესთავაზებთ ბავშვებს? 
კვირას, 30 აპრილს, გვყავს ბესიკ ხარანაული, რომელთან ერთადაც ბავშვები მოხატავენ ხის სახლებს. ამჯერად, გვაქვს არჩეული ისეთი მესიჯები, როგორიცაა გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ბუნებას, ხაზს ვუსვამთ, ქალაქში, მეტი სიმწვანისა და სუფთა ჰაერის არსებობის მნიშვნელობას. ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ სადაც სახლი შენდება, იქ უნდა ამოვიდეს ხეც. კვირას გვექნება ჩიტის სახლების მოხატვა, გარდა ამისა, ვაპირებთ კულინარიული აქტივობების გაკეთებასაც, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ბავშვი თვითონ აკვირდება, მონაწილეა პროცესის და შედეგსაც ადგილზე იგებს. სიამოვნებას იღებს იმით, რაც თავისი ხელით შექმნა, თავისი შრომის შედეგს ხედავს.

M: მომხმარებლები როგორ იგებენ თქვენ შესახებ ან რა უკუკავშირი გაქვთ?
გვაქვს მონაცემთა ბაზა, ვინარჩუნებთ კონტაქტს იმ ბავშვებთან, რომლებიც ხშირად დადიან ჩვენთან და ვუგზავნით სიახლეებს. გარდა ამისა, აქტივობაზე რეგისტრაცია ხდება facebook-ის მეშვეობით, ვაქვეყნებთ ღონისძიებას და მსურველები რეგისტრირდებიან. გასული წლის განმავლობაში, ვაკვირდებოდით, თუ რა რეაქციები მოჰყვებოდა ჩვენს ღონისძიებებს, ბავშვების მხრიდან, დიდ მოწონებასა და მოთხოვნას ვიმსახურებდით, ამის გამო, ხშირად ვიმეორებდით ღონისძიებებს.

M: აქტივობაში მონაწილეობის ღირებულება რამდენია და რა ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი?
ფასები მერყეობს 15-დან 35 ლარამდე, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ძვირადღირებული ღონისძიება არ გვქონია. თუ არ ვისაუბრებთ სხვა ფორმატის ღონისძიებაზე, როგორიცაა დაბადების დღეები, ბაღის გამოსაშვები საღამოები ან სხვა. ღონისძიებები, ძირითად შემთხვევაში, 7 წლიდან ბავშვებისთვისაა გათვლილი, თუმცა, გვქონია 11-12 წლის მოზარდებისთვის აქტივობის დაგეგმვის შემთხვევებიც. ასაკობრივი მაჩვენებელი განსაზღვრულია თითოეული ღონისძიების საინფორმაციო ველში.M: სახლური დაბადების დღეების შესახებ მოგვიყევით..
დაბადების დღის შემთხვევაში, გვაქვს სპეციალური პაკეტები. შესაძლებელია, ხსენებული ნებისმიერი აქტივობის, დაბადების დღეებზე გადმოტანაც. პირობები ინდივიდუალურია და მოლაპარაკების საგანია დამატებითი, საორგანიზაციო საკითხებიც. შეგვიძლია, გავაკეთოთ მუსიკალური საღამო ან ნებისმიერი სახის გასართობი ღონისძიება, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში. დაბადების დღეების ქრონომეტრაჟი არ არის გაწერილი, არ იწყება და მთავრდება კონკრეტულ დროს. უშუალო და სახლურ გარემოში ხდება ღონისძიება და კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ ბავშვი ითხოვს თავისუფლებასა და ჩართულობას, მას სჭირდება სივრცე, სადაც თვითონ იქნება ღონისძიების შემქმნელიცა და მონაწილეც.

M: რამდენ ბავშვს იტევს თქვენი სივრცე და თუ არის აქტივობებში შშმ ბავშვების ჩართულობის შესაძლებლობა?
სპეციალურ ღონისძიებებს, სადაც ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო, ვგეგმავთ 25 ბავშვზე. მუსიკალური საღამოების შემთხვევაში, 50 ბავშვიც გვყოლია. ჩვენს ახალ შენობაში, შეგვიძლია დავტიოთ, მაქსიმუმ 60-70 ბავშვი. შშმ ბავშვებთან ერთად რამდენიმე აქტივობა ჩავატარეთ, ის მუხტი აღუწერელია, რაც მათ ჩვენთან სტუმრობით შემოიტანეს. მათთან ერთად, გვქონდა კულინარიული აქტივობები, ასევე, გადავეცით მთელი წლის, ღონისძიებებზე დასასწრები აბონემენტებიც.

M: სად მდებარეობს სახლი #8 და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ამ სეზონიდან, პეტრიაშვილის 1 ნომერში გადმოვედით, სადაც მეტი სივრცე გვაქვს, ასევე – ეზოში გასვლის საშუალებაც, პარკინგის ადგილი, რომელიც ძალიან საჭიროა მშობლებისთვის. გვინდა, აქტიურად ჩავებათ იმ კამპანიებში, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ეხება, ან თვითონ შევქმნათ მსგავსი კამპანიები. ვთქვათ, იმის შესახებ, რომ ნაგავი არ უნდა დავყაროთ, ზებრაზე უნდა გავიაროთ. ბავშვობიდან მოდის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ახსნა და გააზრება. გვინდა, ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, მსუბუქი და მხატვრული ფორმით მივაწოდოთ ბავშვებს.

განხილვა