30
May
2017

საკო წოწორია – #პირველისამსახური

30 May 2017

პირველი „სერიოზული“ სამსახური მეორე კურსზე ჩემს გადაწყვეტილებას მოყვა – საზოგადოებასთან ურთიერთობების გარდა, მეორად სპეციალობად ჟურნალისტიკა ამერჩია, სადაც ჟურნალისტი და ახლა უკვე, პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე მასწავლიდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს (და ის დღე, დამერწმუნეთ, მართლაც მშვენიერი იყო), ჩემმა ლექტორმა მკითხა: – საკო, მუშაობის დაწყება ხომ არ გინდა? მე, რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდი სახით ვუთხარი რომ მინდა. კი არ მეთაკილებოდა სიხარულის გამოხატვა, უბრალოდ, გულისცემის რიტმებს უფრო ვაკონტოლებდი და ვცდილობდი  დამეჯერებინა მომხდარი. დაუჯერებელი იყო მართლაც, მეორე კურსის გამოუცდელი სტუდენტი იწყებს მუშაობას მაშინ, როდესაც ასე რთულია სამსახურის შოვნა და თან ამდენ ძალიან მაგარ მოსწავლეს შორის რომ გამოგარჩევენ.

– მაშინ, ერთი ლექციაც დამრჩა და აქედან ეგრევე გასაუბრებაზე წაგიყვან. ეს არის ლიტვური კომპანია, რომელიც იწყებს ახალი ჟურნალის გამოშვებას, სახელად „თავისუფალი დრო“. მე ვარ პროექტის მენეჯერი და უამრავი საქმე მაქვს, ამიტომ მჭირდება ასისტენტი, რომელიც დამეხმარება საქმის კეთებაში. ორი დირექტორი გვყავს: მინდაუგასი და ჟილვინუსი, ხომ შეძლებ გასაუბრებაზე ინგლისურად საუბარს? – მკითხა მან. გამახსენდა ინგლისურის სკოლა – „ბაირონში“ რამდენი წელი ვისწავლე,  მერე ისიც გამახსენდა, რომ ბოლო-ბოლო ინგლისურს თავადაც ვასწავლიდი „მთელ“ ორ მოსწავლეს, მაგრამ მაინც ვიგრძენი, რომ ყველაფერი დამავიწყდა.

– დიახ, მას, როგორ ვერ შევძლებ… მაგრამ ეს ჯინსის შორტები რომ მაცვია და კედები, სირცხვილი არაა? ხვალ რომ მოვიდე..? – ვკითხე იმ იმედით, რომ ინგლისურს, რომელიც  სრულიად დამავიწყდა – გავიხსენებდი.

– არა, საკო, ახლა უნდა წავიდეთ, აუცილებლად.

წასვლას, თეონა დოლენჯაშვილის (რედაქტორი) უცნაური ფერის პაჯეროში ჩასხდომას, გზაში ინგლისური  წინადადების დალაგებას, რომ “why I should get this job” და  “because I am punctual, full of responsibility” და რიგი ბანალური, უშინაარსო ფრაზების გახსენებას აღარ მოვყვები… დივანზე დამჯდარ ძალიან მშვიდ ჟილვინასს უბრალოდ გამოვუტყდი (და დღემდე ვთვლი, რომ გულახდილობა არის ყველაფრის გასაღები), რომ ძალიან ვღელავდი, თორემ ინგლისურს ვსხლავდი.

ჰოდა, ასე დავიწყე მუშაობა ჟურნალში “თავისუფალი დრო”, სადაც კონტრაქტებსა და ინვოისებში ჩხრეკის გარდა, სოციალურ მედიასაც ვაკონტროლებდი და  პარტნიორებთანაც მქონდა ურთიერთობა; 2-დან 6-მდე ვმუშაობდი  და ყველაზე მეტად მახარებდა, რომ ჟურნალში ორიოდე უმნიშვნელო აბზაცს მაინც ვწერდი იმაზე, თუ სად უნდა წასულიყო გასართობად ერი, თან ინგლისურად.

ამჟამად, ვმუშაობ სასტუმროებში “რადისონ ბლუ ივერია”, თბილისსა და ბათუმში – საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მარკეტინგის მენეჯერად.

განხილვა