ჩვენს გონებას უამრავი რაღაცის წარმოდგენა შეუძლია — ოცნებების, სასიამოვნო მოგონებების, სურვილების და ა. შ. კვლევები კი ამტკიცებს, რომ პირადი სიამოვნებისთვის ასეთი ფიქრები ძალიან კარგია. „თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ვართ იმ მცირერიცხოვან სახეობებს შორის, რომლებსაც ასეთი შინაგანი გაფართოებული აზროვნების ხაზი აქვს. თანაც, არა მხოლოდ იმაზე, რაც უკვე მოხდა ან რაც შეიძლება მოხდეს, არამედ იმაზეც, რაც არასდროს მოხდება“, — ამბობს ერინ უესტგეიტი, სოციალური ფსიქოლოგი.
თუმცა, „უბრალოდ ფიქრი“ რთულად ჟღერს და ბევრ ადამიანს საკუთარ თავთან განმარტოებაც უჭირს. მიუხედავად ამისა, როგორც სხვა რთული შემეცნებითი ამოცანების შემთხვევაში, ფიქრებთან მარტო დარჩენა, შეიძლება, კარგი იყოს ჩვენთვის და ამის უკეთ გაკეთების ხერხებიც არსებობს.
მარტო ყოფნისა და ფიქრის სარგებელი
მარტოობა არსებითად არც კარგია და არც ცუდი, მაგრამ უბრალოდ ერთ-ერთია იმ ბევრი ნორმალური გამოცდილებიდან, რომელსაც ცხოვრებაში გავდივართ. სწორედ ამ აზრს იზიარებს სოციალური ფსიქოლოგი ტუი-ვი ნგუენი, რომელიც მარტოობის ფენომენს შეისწავლის დურჰამის უნივერსიტეტში.
ნგუენმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში მარტო ყოფნა ადამიანის განწყობაზე მოქმედებს. კერძოდ, ცდისპირებს შემცირებული აგზნება და მაღალი ენერგიული ემოციები აღენიშნებოდათ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი — მათ შორის, შფოთვა, ბრაზი და მღელვარება. „ვფიქრობ, მარტო ყოფნის მთავარი სარგებელი ის არის, რომ იგი აღგზნებას ამცირებს, სანაცვლოდ კი დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას გაძლევს“.
სასიამოვნო რაღაცებზე ფიქრის უნარი არასასიამოვნო სიტუაციების გადატანაში გვეხმარება. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს, რაიმე კარგზე ეფიქრათ და ისე ჩაეყოთ ყინულივით ცივ წყალში ხელები. როგორც აღმოჩნდა, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პრაქტიკა ტკივილისადმი ტოლერანტობას ზრდის.