ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად ზრუნავს. იშვიათად გაგახსენდებათ, როდის ჰკითხეთ ბოლოს თქვენს თავს, როგორ არის და რამდენად იცავს ცხოვრებისეულ ბალანსს ყველა გამოწვევის წინაშე, რომელთანაც რუტინა აყენებს.
ეს განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს ეხებათ, რადგან ამ ინდუსტრიაში აღასვლისა და დაღმავლობის პერიოდები საკმაოდ ხშირია. ცნობილი გამოცემა Creative Boom თავის მოვლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ბევრმა არ იცის, მაგრამ 24 ივლისსაა, კვლევას აქვეყნებს, სადაც შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები გამოკითხა, როგორ ზრუნავენ თავიანთ თავზე.
ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.
გადით გარეთ
შემოქმედებითი ადამიანები კვლევაში ახსენებენ ბუნებას, როგორც პირველ და საუკეთესო ადგილს, სადაც ისინი განტვირთვისთვის მიდიან. იქნება ეს სეირნობა, სირბილი თუ უბრალოდ ბაღში წიგნით ჯდომა. ერთი შეხედვით ხომ ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჩასვით თქვენს რუტინაში ბუნებაში გასვლა, როგორც გეგმა.
იმოძრავეთ
მოძრაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ის, რომ რაღაც საქმეზე გაიქცეთ, ამ დროს ორგანიზმი პირიქით, ისტრესება, არამედ ცალკე გამოყოთ დრო სირბილის, ვარჯიშის ან რაიმე სხვა მოძრავი აქტივობისთვის. გამოკითხულდა თანახმად, ეს ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას, ხსნის სიბრაზეს, ზრდის ენდორფინებს და ეხმარება ტვინს უკეთ მუშაობაში.
ნუ აღიქვამთ პაუზას ტრაგიკულად
არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას მოძრაობაში პოულობენ, თუმცა ყველა ასე არ არის. ზოგიერთი ადამიანი პაუზის აღებით ან საერთოდ მთლიანად გამორთვით იტენება. გამოკითხვის მონაწილე კრეატორები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში პატარა პაუზა აუცილებელია. ზოგი ყავის დასალევად მიდის მეგობართან ერთად, ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი უბრალოდ აივანზე ჯდება და ფილმს უყურებს.
საქმიან ადამიანებს ხშირად გვაქვს დასვენების და „უსაქმოდ ჯდომის” კომპლექსი. თუმცა შესვენება და დროებითი პაუზის აღება არ გულისხმობს უსაქმურობას. ეს საკუთარ თავს ხშირად გაუმეორეთ.
დაიძინეთ ისე, თითქოს თქვენი ცხოვრება ამაზე იყოს დამოკიდებული
პრინციპში, „თითქოს” ზედმეტია, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ნამდვილად არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გვძინავს. ძილი ფუფუნება არ არის, ის აუცილებლობაა. შეიძლება ყველა სწორი წესი ვერ დაიცვათ ჯანსაღ ცხოვრებაში, მაგრამ დიდი რჩევაა, რომ ძილის კომპონენტი არ უგულებელყოთ. ეცადეთ, ყოველ ღამე 7-8 საათი გამოიძინოთგამორთეთ ეკრანები, დამალეთ ტელეფონი და აიღეთ კარგი წიგნი, რომელიც ჩაძინებაში მოგეხმარებათ.
დროის გამოყოფა გართობისთვის
არ შეიძლება ყველა ქმედება და გეგმა მხოლოდ პროდუქტის დადებაზე იყოს ფოკუსირებული. ხანდახან დრო გართობისთვისაც უნდა დაიტოვოთ. დაგეგმეთ ოჯახური შეკრებები, მეგობრებთან ერთად ან თუნდაც, მარტო გასეირნება, ქალაქგარეთ პიკნიკი, კარგი კინოსეანსი ან სამაგიდო თამაშები, ნებისმიერი რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ და თქვენს ტვინს ცოტა ხნით საქმისგან გადართავს.
კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გვგონია
სხვებთან ურთიერთობა ხშირად ძალების აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მით უმეტეს, კრეატიულ ინდუსტრიაში, სადაც ხშირია დისტანციური სამსახურები და ხშირად სახლიდან ვმუშაობთ, სოციალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ სხვა კრეატორებთან თუნდაც ონლაინდისკუსია, საინტერესო ღია სემინარებზე სიარული და მსგავსი კომუნიკაცია აუცილებელია მათი სიჯანსაღისთვის.
საზღვრების დაწესება და არა გადაღლა
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „იქნებოდით თუ არა სხვების მიმართ ისეთივე მკაცრი ან უსამართლო, როგორც საკუთარი თავის მიმართ?” რა თქმა უნდა, არა. დაუწესეთ თქვენს თავს საზღვრები სამსახურებრივ მოვალეობებსა და პირად ინტერესებს შორის. შეგიძლიათ, დაიწყოთ გეგმის შედგენით, რას აკეთებთ ყოველდღე სამსახურში და რამდენი დრო გჭირდებათ. საღამოს კი განტვირთვისთვის გადადეთ თავი და არა ისევ საქმეების მოსაგვარებლად.
დაიმახსოვრეთ, კრეატიულობა არ იბადება მუდმივ რუტინაში, შემოქმედება უფრო მარტივად მოდის და ახლდება, როცა ტვინი ნიავდება, ამიტომ დაიცავით ცხოვრების ბალანსი.














