in

როგორ გამოვიყენოთ საკუთარი პოტენციალი სრულად?

ყველა ადამიანს დღეში 24 საათი აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, თუ ვინ როგორ იყენებს ამ დროს საკუთარი თავის გამოსახატად. თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია თქვენს შესაძლებლობებთან, დაგეგმოთ, მართოთ დრო და შეასრულოთ ამოცანები. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ.

იფიქრეთ დიდ სურათზე

დილის 6 საათია, საძინებელში ცივა, თქვენ კი საწოლში თავს მშვენივრად გრძნობთ, სამსახური 10 საათზე იწყება, ასე ადრე რატომ უნდა ადგეთ? რატომ უნდა შეინარჩუნოთ დისციპლინა მაშინ, როდესაც ამის სურვილი ყოველთვის არ გაქვთ? ძალიან ადვილია არაფრის კეთება და ყოველდღიურად წარმავალი კომფორტით ტკბობა. მაგრამ როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაზე ხართ ორიენტირებული და დიდ სურათს ხედავთ, განსაკუთრებული ენერგიით ივსებით. სწორედ ამ შეგრძნებაზე ფოკუსირდით. ნათლად განსაზღვრეთ ცხოვრებისეული მიზანი და მისკენ ნაბიჯები ყოველდღიურად გადადგით.

რამდენიმე წინადადებით აღწერეთ, როგორ გამოიყურება თქვენთვის სასურველი ცხოვრება. შემდეგ ჩამოწერეთ მიზეზები, თუ რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი.

შექმენით გეგმა

„შენ გამარჯვებისთვის დაიბადე, მაგრამ იმისთვის, რომ გამარჯვებული იყო, უნდა დაგეგმო გამარჯვება, მოემზადო გამარჯვებისთვის და გამარჯვების მოლოდინი შეიქმნა“, — ამბობდა ზიგ ზიგლარი, ამერიკელი მწერალი, გაყიდვების აგენტი და სამოტივაციო სპიკერი.

გეგმის გარეშე თქვენი მიზნისკენ მიმავალი კურსის შენარჩუნება გაგიჭირდებათ და მისგან გადახვევა უფრო ხშირ მოვლენად იქცევა. ეცადეთ, ყოველ კვირა დღეს მთელი მომდევნო კვირის გეგმა შეადგინოთ. გამოიყენეთ ეს დღე განტვირთვისთვის და, ამასთან, შემდეგი კვირისთვის რეალისტური მიზნები დაისახეთ. ამ საქმეში დასახვეწად შეიძლება გარკვეული დრო დაგჭირდეთ. ხშირად ადამიანები კვირისთვის ზედმეტად რთულად შესასრულებელ, გადატვირთულ გეგმას ადგენენ, თუმცა პროცესში დაიხვეწებით და უფრო რეალისტური გეგმის შედგენას შეძლებთ. ყოველდღე იმუშავეთ 3-5 საკითხზე, რომელიც თქვენი კვირის მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გეგმების შესრულება შესანიშნავი გრძნობაა. როდესაც ამას მიაღწევთ, იზეიმეთ და ისიამოვნეთ!

იფიქრეთ ერთ რამეზე, რისი მიღწევაც გსურთ. დაყავით ის რაც შეიძლება ბევრ პატარა ნაბიჯად. შემდეგ კი ეს ნაბიჯები მთელ კვირაზე გადაანაწილეთ.

დროს სწორად „მოექეცით“

ყველას გაგვიგია ფრაზა: „დროს უკან ვერ დააბრუნებ“. თუ დროის მართვის უნარები არ გაგაჩნიათ, შეიძლება 15-წუთიანი ამოცანების შესრულებას 45 წუთი ან უფრო მეტი მოანდომოთ. ეს ცუდია არა მხოლოდ სამსახურში, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ ნაკლები დრო გრჩებათ თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ვარჯიში, ოჯახი ან დასვენება. ამიტომ დროის მართვის ხელოვნების დაუფლება თქვენთვის ერთ-ერთი უპირველესი ნაბიჯი უნდა იყოს.

დავალებების შესასრულებლად ტაიმერი გამოიყენეთ. ამასთან, ყოველდღიურად გაეცანით დროის მართვის სტრატეგიებს და ისინი პრაქტიკაში გამოცადეთ.

გახდით ყველაზე პოზიტიური ადამიანი

აუცილებელია, რომ საკუთარი თავი პოზიტიურ ჭრილში აღვიქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა გაგვიჭირდება. პოზიტიურობა არ არის გულუბრყვილო თვისება, ეს არის გონივრული გადაწყვეტილება კონფლიქტით, დაბნეულობითა და ქაოსით აღსავსე სამყაროში.

ყოველი დღის ბოლოს ჩამოწერეთ 10 რამ, რამაც თავი კარგად გაგრძნობინათ.

ერთდროულად რამდენიმე საქმით ნუ დაკავდებით

ყოველდღიური გეგმების შესრულებისას ტელეფონი თქვენგან მოშორებით დადეთ, შეეცადეთ, ყურადღება არ გაგეფანტოთ და მაქსიმალურად კონცენტრირდეთ იმ საქმეზე, რომლითაც მოცემულ მომენტში ხართ დაკავებული. წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგების მიღწევა გაგიჭირდებათ. კონცენტრაციის უნარი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომლის გამომუშავებაც აუცილებელია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.

განსაზღვრეთ სამი რამ, რაც ყველაზე მეტად გაკარგვინებთ დროსა და კონცენტრაციას. შეადგინეთ სია და თვალსაჩინო ადგილას დადეთ, რათა მუშაობის დროს ეს თქვენთვის ერთგვარი შეხსენება იყოს.

ნუ დაივიწყებთ დასვენებას

„მე მჭირდება მეტი ჯანსაღი დასვენება, რათა მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. ჩემი ჯანმრთელობა არის მთავარი კაპიტალი, რომელიც გამაჩნია და მსურს, ის ჭკვიანურად ვმართო“ ,— ეს სიტყვები მწერალ ერნესტ ჰემინგუეის ეკუთვნის.

საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად ვერ გამოავლენთ, თუ დღის განმავლობაში საკმარისი ენერგია არ გექნებათ. დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მას ხშირად საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. ის მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ენერგიის დონეზე, მეტაბოლიზმსა და სტრესის მართვის უნარზე.

იფიქრეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ ძილის წინ — საკუთარ თავს შესანიშნავი ღამის დასვენებისთვის ამზადებთ, თუ ახლახან დახურეთ ლეპტოპი? დაუთმეთ 30 წუთი ძილისთვის მომზადებას, მაგალითად, მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას.

„პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი Porsche Panamera გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე წარადგინა

5 გზა, რომლითაც ბრეინშტორმინგში ინტროვერტების ჩართულობას გაზრდით