ყველამ, ვინც ონლაინკონტენტს ქმნის, უნდა იცოდეს, რა არის საკვანძო სიტყვების ძიების სიხშირე და რაში შეუძლია ამ მონაცემის გამოყენება. საკვანძო სიტყვების ძიების სიხშირე არის ძიებების თვიური რაოდენობა, რომელიც გროვდება ამა თუ იმ საძიებო სისტემაში და აჩვენებს, რას ეძებდნენ ადამიანები ყველაზე ხშირად თვიდან თვემდე.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მონაცემების მოგროვება
საკვანძო სიტყვები შეიძლება დაეხმაროს საძიებო სისტემებს, განსაზღვრონ, თუ რას ეხება ამა თუ იმ ვებგვერდის შინაარსი, შემდეგ კი საძიებო სისტემა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ეხმარება ვებგვერდს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს იგი. როდესაც მომხმარებელი წერს საძიებო სიტყვებს სისტემაში, ისინი ინახება საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე (SERP).
იმისთვის, რომ თქვენი ვებგვერდი საძიებო შედეგებში მოწინავე ადგილს იკავებდეს, აუცილებელია SEO ოპტიმიზაცია. აუცილებელია, რომ ვებგვერდის ქოფიში ჩართული იყოს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები. ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც თავიდან წერს საძიებო სიტყვებს და შემდეგ, მთლიან კონტენტს სულ სხვა შინაარსით ავსებს. სეო საკვანძო სიტყვები მუდმივად უნდა ტრიალებდეს ვებგვერდის კონტენტში.
როგორ გავთვალოთ საკვანძო სიტყვების ძიების სიხშირე
ამ კითხვას უნივერსალური პასუხი არ აქვს. შეიძლება თქვენი ბიზნესისთვის საკმარისი სიხშირე იყოს თვეში 100 ძიება, ვიღაცას კი 1000-ც ეცოტავებოდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თქვენს ბიზნესზე, ციფრული მარკეტინგის საჭიროებებზე, მიზნებსა და სხვადასხვა დაკავშირებულ ფაქტორებზე.
იმისთვის, რომ თქვენი ვებგვერდი ხშირად მოხვდეს მომხმარებელთა საძიებო სისტემაში, აუცილებელია, საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციამდე კარგად გამოიკვლიოთ, თქვენს სფეროსთან დაკავშირებული ვებგვერდების მოძიებისას რა სიტყვებს იყენებს ხალხი.
საკვანძო სიტყვების უნივერსალურობა და სეზონურობა
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს საკვანძო ფრაზები, რომლებიც მომხმარებელმა ნებისმიერ დროს შეიძლება, გამოიყენოს, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს სეზონური სიტყვები, რომელთაც მხოლოდ განსაზღვრულ დროს ჩაწერენ საძიებო ველში.
მაგალითისთვის — უნივერსალური სიტყვებია: „როგორ შევცვალო ზეთი მანქანაზე”, მაგრამ „ზაფხულის საბურავების დაყენება” მხოლოდ ზაფხულში ან გვიან გაზაფხულზე იქნება აქტუალური საძიებო სიტყვები.
მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს – მომხმარებელი ეძებს სიტყვებით „სადღესასწაულო საჩუქრების იდეები” მაშინ, როცა დიდი დღესასწაულები ახლოვდება. შესაბამისად, ასეთი სიტყვების ძიების სიხშირე გაზრდილი იქნება ახალ წელს, შობას და მსგავს დიდ დღესასწაულებზე. შესაბამისად, როცა საძიებო სიტყვების ბაზას ვქმნით ჩვენი კონტენტისთვის, ეს მონაცემი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
საძიებო სიტყვების სიხშირის გასარკვევად სპეციალური ციფრული ხელსაწყოები არსებობს, რომლებიც გვეხმარება და გვაძლევს შედეგებს, რომელ ქვეყანაში რა სიტყვები იწერება ყველაზე ხშირად გარკვეულ თარიღებში. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Semrush, რომელზეც რეგისტრაცია უფასოა და მის ველში სასურველი სიტყვების ჩაწერით, მიიღებთ ამ სიტყვების გამოყენების მონაცემებს.
ციფრულ მარკეტინგს მენეჯმენტის უამრავი საშუალება აქვს და მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია ვებგვერდების ჯანსაღი პოზიციონირება საძიებო სისტემებში. გადახედეთ თქვენს საკვანძო სიტყვებს და მიაქციეთ ყურადღება მათ მორგებულობას იმ მომხმარებელზე, რომელიც „გუგლავს”.