in

15 მაისს თბილისში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება — ბრძოლა ლეიკემიის წინააღმდეგ

საქველმოქმედო ღონისძიებები ხშირად უდიდეს როლს ასრულებს იმ ადამიანების დახმარებაში, რომლებიც გარკვეული პრობლემების წინაშე იმყოფებიან; მოულოდნელად კი აღმოაჩენენ, რომ მარტო კი არ ებრძვიან გამოწვევას, არამედ ხალხის უდიდესი ნაწილია მზად მათ დასახმარებლად… ასეთი საქველმოქმედო ღონისძიება იმართება თბილისში, Dog Town-ში 15 მაისს — ეს არის ე. წ. „საქველმოქმედო ლატარია“, სადაც ყოველი შემოწირული 50 ევრო 1 ლატარიის ბილეთის ტოლფასია. გაღებული თანხა კი Cure Leukaemia-ში ირიცხება, ლეიკემიასთან ბრძოლის ორგანიზაციაში.

ლატარიის ბილეთების მქონე სტუმრებს კი შესაძლებლობა ეძლევათ, მოიგონ ისეთი პრიზები, როგორებიცაა:

  • iPhone 15;
  • ბრაზილიის საფეხბურთო მაისური რონალდუს ხელმოწერით;
  • ბრაზილიის საფეხბურთო მაისური რივალდოს ხელმოწერით;
  • კრუზეიროს საფეხბურთო მაისური მთელი გუნდის ხელმოწერით;
  • კალათბურთის მაისური ზაზა ფაჩულიას ხელმოწერით.

დანარჩენი პრიზების შესახებ კი უშუალოდ ადგილზე მიიღებთ ინფორმაციას.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოეწყობა საქველმოქმედო აუქციონი, რის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მრავალი ღირებული ნივთი მოიპოვონ. ასევე, შესაბამისი ატმოსფეროსა და განწყობის შესაქმნელად, ღონისძიებაზე იქნება დიჯეი და ცოცხალი მუსიკა.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი რუმინელი თუდორ თამასია, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. „ჩვენი ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ყოველდღიურობა — ზედმეტად გვაინტერესებს ჩვენი პირადი კეთილდღეობა, სამსახური, უშუალო მოთხოვნილებები და ამ ყველაფერში მთავარი მიზანი გვეკარგება. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტის დავიწყებაზე, რომ სხვებისთვის განსხვავებული რეალობის შექმნა შეგვიძლია… მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ ყველამ რაღაც უნდა მოვიტოვოთ უკან და სამყარო ოდნავ უკეთეს ადგილად ვაქციოთ“, — აღნიშნავს თუდორი.

სწორედ ამგვარ მიდგომასა და ხედვაზე დაყრდნობით უძღვნის თუდორი საკუთარ ცხოვრებას ქველმოქმედებას. გარდა საქველმოქმედო ღონისძიებისა, ის 22 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, 16 სხვა მოხალისესთან ერთად, Tour de France-ს უერთდება, რათა 30 000 ფუნტი მოიპოვოს ლეიკემიით დაავადებულთათვის — შესაბამისად, ველოსიპედით 3500 კმ. უნდა გაიაროს 21 დღეში.

„Tour de France-ში მონაწილეობის მიღება ლეიკემიის განკურნების მხარდასაჭერად და საზოგადოებაში რაღაც ნაპერწკალის დასაბრუნებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. როცა გავიგე, რომ ველოსიპედის ტარებით წვლილის შეტანა შემეძლო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. რასაც ვაკეთებ, ადვილი არაა, მაგრამ არც ცხოვრებაა მარტივი“, — განმარტავს თუდორი.

რაც შეეხება უშუალოდ Cure Leukemia-ს ფონდს, ქსელი საშუალებას იძლევა სიცოცხლის გადასარჩენად პოტენციურად მნიშვნელოვანი კვლევები ჩაიტარონ. როგორც წესი, კლინიკური კვლევების დაწყებას მრავალი წელი სჭირდება — დაჩქარებული შესაძლებლობებით კი ტესტირებას ერთ წელზე ნაკლებ დროს ანდომებენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისხლის კიბოს მქონე ადამიანებისთვის. დროის ასეთი ინტერვალი საკმაოდ დიდ სხვაობას იძლევა, რადგან მსოფლიოში ყოველწლიურად 1,24 მილიონ ადამიანს უსვამენ ლეიკემიის დიაგნოზს…

[R]

ისტორიაში პირველი დეფიბრილატორით 14 წლის ბავშვი გადაარჩინეს

100 Reasons To Rise — კამპანია დილის რუტინის მნიშვნელობაზე