მარსელის კარტოფილი არა, მაგრამ ასტრონავტების მიერ კოსმოსში გაშენებულ ბოსტანზე რას იტყვით? NASA-ს კვლევის თანახმად, კოსმოსში ყოფნას მიკროგრავიტაციის გარდა, იმ გენებზეც აქვს გავლენა, რომელიც ადამიანის ძვლების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. მართალია, ამ ეფექტების შესამცირებლად ასტრონავტები სპეციალურ ვარჯიშებსაც აკეთებენ, მაგრამ ისინი ძვლის მასის 1%-ს მაინც კარგავენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი, ასტრონავტებს, სავარაუდოდ, სპეციალურად შექმნილი კოსმოსური სალათის ფოთოლი დაეხმარება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სალათის ფოთლის ექსპერიმენტული სახეობა შექმნეს, რომელიც ჰორმონ PTH-ის შემცველობის მქონე წამალს აწარმოებს. ამისთვის მცენარე ბაქტერია Agrobacterium Tumefaciens-ით დააინფიცირეს, რამაც მას PTH-ის წარმოებისთვის საჭირო გენები გადასცა. ჩვეულებრივ კი, PTH პარათირეოიდული ჯირკვლის მიერ წარმოიქმნება და ძვლის ზრდის სტიმულირებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ სალათის ფოთლის ეს სახეობა ასტრონავტებს ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებაში გრძელვადიანი მისიების დროსაც კი დაეხმარება.
„ასტრონავტებს ათასობით ტრანსგენური თესლი ცერა თითის ზომის ფლაკონით შეუძლიათ ატარონ და გაზარდონ ისე, როგორც ჩვეულებრივ სალათის ფოთოლს გაზრდიდნენ“, — ამბობს სომენ ნანდი, კვლევის თანაავტორი.
მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ მათ მიერ წარმოებული სალათის ფოთლის ყოველი ერთი კილოგრამი 10-12 მილიგრამ PTH-Fc-ს შეიცავს. გამოდის, ასტრონავტებს ჰორმონის საჭირო რაოდენობის მისაღებად არც თუ ისე ცოტა სალათის ფოთლის ჭამა მოუწევთ. სწორედ ამიტომ, კვლევის საგანი ის სალათის ფურცელი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ჰორმონს შეიცავდა…
საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა ექსპერიმენტში მონაწილეობით, კოსმონავტებმა მდოგვი, ბოლოკი და წიწაკა უკვე გაზარდეს. ახლა კი კოსმოსური სალათის ფოთლების დროც მოვიდა. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ მრავალი საკითხი უნდა შეისწავლონ, მათ შორის მისი გემოვნური თვისებებიც — ასტრონავტებს კოსმოსური სალათის ფოთლები ჯერ არ გაუსინჯავთ, რადგან არ იცოდნენ რამდენად იყო უსაფრთხო იგი.
ხოლო თუ ეს კვლევა წარმატებული აღმოჩნდა, მისი გამოყენება არა მარტო კოსმოსში, არამედ დედამიწაზეც შეგვეძლება. ეს კი განსაკუთრებით კარგი იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებიც ოსტეოპოროზის მაღალი რისკის ქვეშ არიან. „ძალიან გაკვირვებული დავრჩები თუ მცენარე, იმ დროისთვის, როცა ასტრონავტებს მარსზე გავგზავნით, ფარმაცევტული პროდუქტებისა და სხვა სასარგებლო ნაერთების წარმოებისთვის გამოყენებული არ იქნება“, — აცხადებს კევინ იიტსი, კვლევის თანაავტორი.











