in

Salesforce – სან-ფრანცისკოს პატარა ბინიდან ტრილიონიან ბაზრამდე

დღეს, ღრუბლებში უნდა გამოგზაუროთ და გიამბოთ ისეთ კომპანიაზე, რომელმაც ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში თავისი სიტყვა თქვა და მესამე მხარის მონაცემების მიმართ ნდობა ჩამოუყალიბა ბიზნესს. ეს გახლავთ Salesforce. თავისი რთული კონცეფციიდან გამომდინარე, კომპანიას, ერთი მხრივ, სჭირდებოდა ბრაუზერით სარგებლობის პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, მყიდველების დარწმუნება, რომ მომხმარებელი და მათი მონაცემები სრულად დაცული იყო. Salesforce-ის ისტორია Gmail-ის, Facebook-ის, Twitter-ის, iTunes-ისა და მრავალი სხვა პოპულარული ღრუბლოვანი ბრენდის გამოჩენამდე არსებობდა.

Salesforce-ის ისტორია 1999 წელს იწყება, სან-ფრანცისკოს ერთ პატარა ბინაში. ეს ის დროა, როდესაც მისმა დამფუძნებელმა მარკ ბენიოფმა Oracle-ში წარმატებული კარიერის დატოვება და საკუთარი იდეის გაცოცხლება გადაწყვიტა. მის გარდა, კომპანიას კიდევ სამი დამფუძნებელი ჩაუდგა სათავეში – პარკერ ჰარისი, დეივ მოლენჰოფი და ფრენკ დომინგესი.

მიზნად დაისახეს შეექმნათ პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, რომელიც SaaS-ის (Software-as-a-Service) სახელითაა ცნობილი. შესაბამისად, არ სჭირდებოდათ დიდი ხარჯები დასაწყისისთვის, რის გასტუმრებასაც შემდეგ წლები დასჭირდებოდა. დამფუძნებლებმა შექმნეს პირველი პროტოტიპი, რომელიც Amazon-ს ჩამოჰგავდა. მარკმა იფიქრა, რატომ არ შეიძლება, რომ ბიზნეს აპლიკაციები ვებგვერდების სახით იყოს წარმოდგენილი და მათი გამოყენება Amazon-ივით მარტივად ხდებოდეს? გუნდის მიზანი იყო, საკმაოდ მოკლე დროში ეპოვნა შესაბამისი ოფისი და მასშტაბურად გაეგრძელებინა საქმე. უკვე წლის ბოლომდე, საკმაოდ დიდი სივრცე იპოვეს, განათავსეს მაგიდები, მოაწყვეს საკონფერენციო ოთახები და უკვე 2000 წლის ნოემბრისთვის One Market Street-ზე გადასვლის დროც დადგა.

ახალი ათასწლეულის მოახლოებას Salesforce-ის გუნდი დახვდა ინოვაციური პროდუქტით, შესანიშნავი გუნდით და ახალი ოფისით. იმ დროისთვის, ეს კომპანია იყო სრულიად განსხვავებული. გიგანტი კომპანიების გვერდით, მას ჰქონდა საკუთარი სიტყვის თქმის ამბიცია.

საინტერესო იყო კომპანიის გამოჩენა – Regency Theatre-ის ქვედა სივრცეში მოაწყვეს პერფორმანსი, სადაც გალიებში გამომწყვდეული მსახიობები გაყიდვების პერსონალს განასახიერებდნენ და ჭუჭყის გავლით, ეძებდნენ გზას Salesforce-ისკენ. ეს საკმაოდ ნეგატიური მუხტის მატარებელი რეკლამა იყო, სლოგანით “No Software”.

2003 წელს, Salesforce-ის ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნაწილი დაიბადა. მისი პოპულარიზაციისთვის კომპანია ქალაქის ტურს აწყობდა და რამდენიმე საათის განმავლობაში, აუდიტორიას Salesforce-ის შესახებ ამცნობდა. ივენთების ამ სერიას Dreamforce ეწოდა და მას პროდუქტების გაშვებისას იყენებდნენ.

Salesforce-მა ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა აჩვენა. სულ რაღაც ორ ათწლეულში, გუნდმა შექმნა ადმინისტრატორების, დეველოპერების, კონსულტანცებისა და მომხმარებლების ეკოსისტემა, რომელიც CRM-ზე იყო ორიენტირებული. ამ დროისთვის, კომპანიის შედეგები ასეთია: 2024 წლამდე სფერო 1.6 ტრილიონი აშშ დოლარიან ბრუნვას მოიცავს და ასევე, 9.3 მლნ ახალ სამუშაო ადგილს გააერთიანებს. დაარსებოდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, Salesforce კვლავაც შეუპოვრად აგრძელებს ზრდას.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

როგორ აქცია Rethink-მა დისტოპიური კოშმარი ციფრული ბანკის რეკლამად?

თანამედროვე კლინიკები, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი — Mayo Clinic-ის კამპანია