ჩვენ ბიზნესის წარმატების ისეთი ისტორიები გვაქვს მოყოლილი, რომ, შეიძლება ითქვას, ვეღარაფერი გაგვაკვირვებს, თუმცა ყოველი ახალი კომპანიის შიდა სამზარეულოს გაცნობის შემდგომ ცოტათი გაოგნებულები მაინც ვრჩებით ხოლმე, რადგან თითოეული ბრენდი საოცრად საინტერესო გზას გადის. ერთ-ერთი ასეთია Salesforce – პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია.
აღმავლობის თავმდაბალი დასაწყისი
Salesforce-მა არსებობა 1999 წლის მარტში, ერთოთახიან ბინაში დაიწყო. ამ ბინაში საქმის გასაკეთებლად ყოველდღე ოთხი კაცი იკრიბებოდა: მარკ ბენიოფი, პარკერ ჰარისი, ფრენკ დომინგესი და დეივ მოლენჰოფი. მათ სამუშაო ოთახში იდგა თითო კაცზე გათვლილი კომპიუტერები, ხოლო კედლებს აინშტაინის, დალაი ლამასა და ძაღლების პლაკატები ამშვენებდა.
პიონერების მიზანი იყო ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფა, ოღონდ ახლებული მეთოდით, ეს იყო დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი Software-as-a-Service (SaaS). სისტემამ მთლიანად აღმოფხვრა მრავალმილიონიანი წინასწარი ხარჯების საჭიროება, ასევე ტექნიკური და მუდმივი განახლების საჭიროების სირთულეები.
პროტოტიპი
პროტოტიპი, რომელიც მათ შეიმუშავეს, Amazon-ის ინსპირაციით შეიქმნა. სწორედ ეს ცნობილი გიგანტური პლატფორმა გახდა მარკ ბენიოფის შთაგონება, რომელმაც მას აფიქრებინა: „რატომ არ შეიძლება ბიზნეს აპლიკაციების მომხმარებლისთვის მიწოდება ვებსაიტის საშუალებით, რომელიც ისეთივე მარტივი გამოსაყენებელია, როგორც Amazon.com?”.
გაფართოება
მარკი სრულ განაკვეთზე მუშაობდა Salesforce.com-ზე და პარალელურად მისი ამოცანა იყო, დროულად ეპოვა ოფისი, რომელიც ისეთივე მასშტაბური იქნებოდა, როგორც მისი პროგრამული უზრუნველყოფა. თავიდანვე ასეთი მასშტაბებით ვერ, მაგრამ მარკმა იშოვა ოფისი რინკონის ცენტრში, სადაც მხოლოდ 10 თანამშრომელი ეტეოდა, თუმცა იმ დროისთვის ეს ნორმალური იყო. 1999 წლის ნოემბრისთვის ამ ოფისში კომპანია ვეღარ ეტეოდა, რადგან საჭირო გახდა გუნდის გაფართოება, ამიტომ სამუშაო სივრცეები დერეფანსა და შეხვედრების ოთახში მოეწყო. 2000 წლის ნოემბრისთვის კი, ანუ 1 წლის შემდეგ, დადგა ახალი ოფისის დროც.
ახალი ეპოქა ახალი პროდუქტით
ათასწლეულის მოახლოებასთან ერთად, Salesforce შეიარაღებული იყო შესანიშნავი პროდუქტით, შესანიშნავი გუნდით და ახალი ოფისით One Market Street-ზე. დადგა პროდუქტის გამოშვების დროც და, იმის მიუხედავად, რომ Salesforce წარმოადგენდა პატარა თევზს უზარმაზარ აუზში, სხვა გზა მაინც არ იყო, ისინი უნდა გამოსულიყვნენ დიდ ბაზარზე.
კომპანიამ პირველი ნაბიჯი შთამბეჭდავად გადადგა, რითაც დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. მათ პრეზენტაცია ჩაატარეს Regency Theatre-ში და ყველა დამსწრე სტუმრისთვის სიურპრიზი გაითვალისწინეს. მათ თეატრის ქვედა დონე გადააკეთეს სივრცედ, რომელიც წააგავდა Enterprise Software-ს და იქ განათავსეს მსახიობები, რომლებიც ყვიროდნენ. სტუმრებს ჯერ ეს გზა უნდა გაევლოთ იმისთვის, რომ სცენამდე მისულიყვნენ და Salesforce.com ეპოვათ. ამით კომპანიას იმის თქმა უნდოდა, რომ ის არის ხსნა პროგრამულ ინდუსტრიაში.
Dreamforce
გამოშვების შემდეგ კომპანია ხშირად აორგანიზებდა ღონისძიებებს, რომლებიც მისი სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო. ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მან დააარსა, არის Dreamforce. პირველი Dreamforce 2003 წელს ჩატარდა და რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მასზე 1000-ზე მეტმა სტუმარმა მოიყარა თავი, რომლებმაც 52 პრეზენტაცია მოისმინეს. ამავე ღონისძიებაზე კომპანიამ გამოუშვა თავისი პროდუქტი, სახელწოდებით Sforce 2.0.
ამ ამბიდან 2005 წელს კომპანიამ გამოუშვა ვებპლატფორმა, სადაც პარტნიორებს შეეძლოთ საკუთარი აპლიკაციების შექმნა და მათი გახსნა Salesforce-ის ყველა მომხმარებლისთვის. Salesforce-მა ეს განიხილა, როგორც საუკეთესო შესაძლებლობა კომპანიის ხედვის გასაძლიერებლად და სერვისების გაფართოებისთვის.
Dreamforce 2006-ზე უკვე 5000-ზე მეტი წევრი შეიკრიბა, რათა მოესმინათ უახლესი ინოვაციების შესახებ Salesforce.com-ზე. ამით მან საშუალება მისცა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კიდევ უფრო გაემარტივებინათ ბიზნეს პროცესები და ტექნოლოგიის მეშვეობით ჩაეშენებინათ ისეთი სერვისები, რომლებიც მომხმარებელზე მორგებული იქნებოდა. ამან გზა გაუხსნა Salesforce SaaS პლატფორმის, Platform-as-a-Service-ის ლოგიკურ გაფართოებას.
Salesforce.com-ის წარმატებები ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მათი გავლენა საზოგადოებაზე და სამყაროზე, რომლის შექმნასაც ცდილობენ, კიდევ უფრო მეტია. Salesforce-მა შექმნა არა მხოლოდ სერვისი, არამედ საზოგადოებაც. მისი წარსული მუშაობის საფუძველზე ექსპერტები კომპანიას კიდევ უფრო ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი