in

„ჩემს ყველა სიმღერას აქვს კონტექსტი და შინაარსი” – Salien

თუ დავუკვირდებით, ხელოვანი ადამიანები ხშირად ინოვატორები არიან. ისინი გვთავაზობენ სიახლეებს, რომლებიც მანამდე ასეთი ფორმით არ არსებობდა. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ცნობილი საქეიფო სიმღერის ინგლისურენოვან, გათანამედროვებულ ვერსიას ჩავრთავდით და სტატიის წერის დროსაც კი ისე მოვუსმენდით, როგორც, მაგალითად, მაიკლ ჯეკსონს, სტივ უანდერს და სხვა ცნობილ შემსრულებლებს ვუსმენთ. 

როგორც მელომანები ვიტყვით ხოლმე, კარგად „წაიღო”, არა? 

მაშინ თავად სალიენის, იგივე სალი შუბითიძის ამბავიც ასევე წაიღებს, რადგან მასთან საუბარი მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ სალიენი დიდი ხანია საავტორო მუსიკას ქმნის, ასრულებს და თან, DJ-იც არის, მსმენელთა უმეტესობამ სწორედ „ტრულაილათი” გაიცნო, რადგან კლიპი გამოსვლისას ვირუსულად გავრცელდა. 

შემდეგი სიმღერა და კლიპი არაფრით ჰგავს ზემოხსენებულს. ის 3D ანიმაციაა, მოაქვს საახლწლო განწყობა, შეგრძნებები, რომლებიც ოჯახის წევრებთან გვაახლოებს. სიუჟეტი საკმაოდ თბილი და გულისამაჩუყებელია – ისე, რომ სცენარი, ტექსტი და მელოდია ზუსტად ამართლებს მუსიკალურ ტერმინს „ჰარმონია”.

ახლა კი თავად ამ სიმღერების ავტორ-შემსრულებელიც უკეთ გავიცნოთ. 

სალიენი:

დავიწყებ იმით, რომ მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ბავშვობიდან მუსიკაზე ან სიმღერაზე ატარეს. ჩემს მშობლებს სურდათ, უფრო აკადემიური განათლება მიმეღო, რაც ასეც მოხდა – დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი და ამას დღეს საერთოდ არ ვნანობ, პირიქით, მათი მადლიერი ვარ. 

რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას, ფორტეპიანოზე ვიარე ცოტა ხანი, ალბათ 1 თვემდე, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მალევე მივანებე თავი. ამ გადმოსახედიდან არც ამას ვნანობ განსაკუთრებულად, რადგან, რაც მინდოდა და მჭირდებოდა, ყველაფერში თავად გავერკვიე, თვითნასწავლი ვარ. ეს არ მიშლის ხელს, ვიყო როგორც მომღერალი, ისე ავტორი და DJ. მეტიც, ვფიქრობ, თავისუფლება მაქვს, რომ ჩარჩოში არ მოვექცე. რა თქმა უნდა, არის რიგი საკითხები, განსაკუთრებით კლასიკური განათლების მიმართულებით, რაც მინდა, რომ უფრო კარგად ვიცოდე. შეიძლება პრაქტიკაში არც გამოვიყენო, უბრალოდ ვთვლი, რომ მუსიკოსისთვის აუცილებელია. ამიტომ სამომავლოდ მაქვს ერთ-ერთ გეგმად ამ ცოდნის მიღება. 

M: რა მომენტში, ცხოვრების რა ეტაპზე გააცნობიერეთ, რომ მუსიკის კეთება გსურდათ?

სიმღერების წერა დავიწყე ბავშვობიდან. მე და ჩემი მეგობრები ერთად ვწერდით ხოლმე. ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან სასაცილო და საყვარლობა იყო მაშინდელი სიმღერები, თუმცა ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად სწორედ ამ მომენტს ვთვლი. აქედანვე, როცა მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო, ვეუბნებოდი, რომ ეკონომისტი და მომღერალი. რეალობაშიც ასე დალაგდა, თუმცა ახლა მთლიანად ვარ გადასული მუსიკალურ საქმიანობაზე და მხოლოდ მომღერლობასაც გავცდი. 

M: არსებობს თუ არა ჟანრი ან მუსიკოსი, რომელმაც გავლენა იქონია თქვენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

ზოგადად, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საყვარელი საჭმელი, საყვარელი სიმღერა და ა.შ., თუმცა თინეიჯერობიდან მოყოლებული ორ ადამიანს ვუსმენდი განსაკუთრებულად – რიანა და მაიკლ ჯეკსონი. რიანაზე ვიტყვი, რომ ჩემთვის უფრო იყო გასართობი ნაწილი, ხოლო ჯეკსონის მუსიკასთან უჩვეულოდ სხვანაირი კავშირი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ასაკში ინგლისურიც არ ვიცოდი კარგად და ტექსტების შინაარსსაც ბოლომდე ვერ ვწვდებოდი, ალბათ ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ეს „ჩემი” მუსიკოსია. 

დღეს, როცა იმავე სიმღერებს ვუსმენ, ვხვდები, რატომ მომწონდა ასე ძალიან, რადგან ჯეკსონმა მოახერხა და ერთდროულად გახდა, როგორც პოპკულტურის ვარსკვლავი, რომელმაც moonwalk-ებითა და მსგავსი წარმოდგენებით დაამახსოვრა ხალხს თავი, არამედ გადმოსცა საკუთარი სათქმელიც. მისი რეპერტუარი არის ისტორიაზეც, ადამიანის შინაგან სამყაროზეც, ყველა იმ ღირებულებაზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი, როგორც მთქმელის ჩამოყალიბებაში ამ მუსიკოსმა დიდი როლი ითამაშა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც თან გართობს და თანაც, ამ გართობა-გართობაში გაპარებს იმ ინფორმაციას, რომელიც უნდა, რომ შენამდე მოიტანოს.

M: მაინც რა არის თქვენი, როგორც „მთქმელის” მთავარი გზავნილი მსმენელთან?

სამ ძირითად თემას გამოვყოფ, ესენია: ადამიანური სისუსტეები, სოციალური პრობლემები და, რაც მთავარია, ჩემი სამშობლო, რადგან თუ რაიმე პრობლემაზე ვლაპარაკობ, ჯერ ყოველთვის გამოვდივარ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან. ყველა ჩემს ნამუშევარს, რაც აქამდე გამიკეთებია, აქვს გარკვეული კონტექსტი. პირობითად, პეპლებსა და გვირილებზე ზუსტად ვიცი, რომ არ გამომივა სიმღერის დაწერა. თუ ოდესმე პეპელაზე დავწერ, მან აუცილებლად უნდა გიამბოთ რაღაც პრობლემის შესახებ, მაგალითად, იმაზე, რომ სამი დღე ცოცხლობს და ამ დროში ბევრი რამ უნდა მოასწროს. იმის თქმა მინდა, რომ ყველა ჩემს სიმღერას ყოველთვის შინაარსი აქვს.

ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან საკუთარ თავსაც ვსწავლობ, სხვა ადამიანებსაც. იქიდან გამომდინარე, რომ ბენდთან ერთადაც დამიკრავს სცენაზე და მარტოც ვმუშაობ, როგორც დიჯეი, მაქვს მრავალმხრივი საშუალება, დავაკვირდე ადამიანებს, გარემოს, ამ ყველაფერმა სოციალური თემატიკა წინ წამოსწია ჩემს შემოქმედებაში. 

M: თქვენს ანიმაციურ ვიდეოზეც მოგვიყევით. იდეა და სცენარი თავად მოიფიქრეთ, მუსიკა და შესრულება – თავისთავად. როგორი იყო ამ განხრით მუშაობა?

თავდაპირველად, მინდოდა, რომ ეს ცოცხალი კლიპი ყოფილიყო, თუმცა, როცა დაგეგმვა დავიწყე, მივხვდი, თუ რაოდენ დიდ რესურსებთან იყო დაკავშირებული. ალტერნატივად მომივიდა ანიმაციური პერსონაჟის შექმნა, რომელიც მე მემსგავსებოდა, რადგან ამ სიმღერაში ჩემი ისტორიაა აღწერილი. პროცესიც საკმაოდ რთული იყო, რადგან მე და თავად ანიმატორი გოგა ოსეფაშვილი დისტანციურად ვმუშაობდით ერთმანეთთან. მე უნდა მიმეწოდებინა იდეა, სცენარი, ჩავრთულიყავი რეჟისურაში, თუ საიდან ავიღოთ კადრი და ა.შ. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, ამიტომ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოგვივიდა. ამ ჟანრს ჰქვია ჰიპერრეალისტური ანიმაცია, რომელიც ჩვენთან ახლა იკიდებს ფეხს და ძალიან მომწონს.

M: სალი, თქვენ ხართ ავტორ-შემსრულებელი, დიჯეი – როგორ აბალანსებთ ამ დატვირთვას?

ზოგადად, გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ მუსიკოსები არიან მოუწესრიგებელი ადამიანები, იღვიძებენ შუადღეს, მათ სახლში ყრია სიგარეტის ნამწვი და იქვე, სადღაც დგას ვისკის ჭიქა…ჩემს შემთხვევაში, სრულიად საწინააღმდეგოდ ხდება ეს ყველაფერი, რადგან საკუთარი თავი მივაჩვიე სრულ დისციპლინას, მის გარეშე მუშაობა და საყვარელი საქმის კეთება ვერ წარმომიდგენია. ამას ისიც ემატება, რომ მე მაქვს სტუდია სახლში, სადაც გასათვალისწინებელია სამეზობლოც, ამიტომ არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ღამის 3:00 საათზე ვიჯდე და ვიმუშაო. 

აქედან გამომდინარე, ვდგები დილით ისე, როგორც სხვები ოფისში მიიჩქარიან, მივდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ ვსვამ სასმელს, ვარ ყოველთვის ენერგიაზე და დღის საათებში ვმუშაობ საავტორო მუსიკაზე, საღამოს, როგორც დიჯეი, სადმე ვუკრავ, მოვდივარ სახლში და ვიძინებ. ერთი სიტყვით, ჩემთვის მუსიკოსობა სპორტულ რეჟიმს მოითხოვს.

M: თქვენ ამჟამად მუშაობთ ალბომზე. მოგვიყევით, რას უნდა ველოდოთ მისგან?

ალბომი თავიდან ბოლომდე ავტობიოგრაფიულია, თუმცა ვფიქრობ, რომ არ არსებობს, რაღაც საკითხზე, რომელზეც მე მიფიქრია, სხვასაც არ ჰქონდეს ნაფიქრი, ამიტომ მასში სხვებიც იპოვიან თავს. ალბომის პროდიუსინგი მთლიანად საავტოროა, ასევე, მაქვს სურვილი, რომ ვიზუალური მასალაც მოვაყოლო და 2-3 კლიპი გადავიღო, მერე კი გამოვუშვა ეს ალბომი. სიმღერები ინგლისურენოვანია, მაგრამ ქართველი მსმენელისთვის ძალიან გასაგები.

M: სხვა მიმდინარე გეგმები როგორია?

დარელიზებული მაქვს ერთი სიმღერა, რომლის ფართო აუდიტორიისთვის გასატანად ჯერ კლიპის გადაღებას ველოდები. სიმღერას ჰქვია „საქართველო”, რომელშიც მაქსიმალურად ჩავდე ყველა მატერიალური თუ არამატერიალური ღირებულება, რაც კი ჩემს სამშობლოსთან მაკავშირებს ემოციურად. ის უნდა გამოსულიყო ალბომთან ერთად, მაგრამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, აქციებმა მომცა მოტივაცია, რომ დამეჩქარებინა პროცესი, ამიტომ თავისი იდეითაც და მელოდიურადაც ვფიქრობ, რომ ჩემი თამასაა ეს სიმღერა და მეტიც – მომავალში ალბათ ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ ამაზე უკეთესი რამ შევქმნა. 

M: სალი, რა სიმღერას დაუტოვებდით marketer-ის მკითხველს?

მოდი, იყოს მაიკლ ჯეკსონის Man In The Mirror, რომელსაც ზოგჯერ უსმენენ, როგორც ერთგვარ პაპსას, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან გულთან ახლოს მისატანი სიმღერაა, რომელიც გვეუბნება, რომ ყველგან ყველაფერი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან. სანამ საკუთარ თავს არ შეცვლი, იქამდე სხვისგან არაფერი არ უნდა მოითხოვო. 

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

TikTok-ის ალტერნატივის ძიების პროცესში, ჩინური აპლიკაცია Red წინ მიიწევს

2025 წლის 7 პროგნოზი სოციალური მედიის შესახებ