in

„ჩემთვის მუსიკა არის ემოციების გადმოცემის ყველაზე სწორი ფორმა” – სალო თათარაშვილი

ქართული მუსიკალური სამყარო ყოველთვის საინტერესო იყო თავისი მრავალფეროვნებით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქამ კიდევ უფრო მეტი და ჟანრობრივად განსხვავებული არტისტი გამოავლინა, რომლებიც საავტორო მუსიკასთან ერთად თავიანთ პერსონალურ ნიშას ქმნიან. 

ასეთი ინდივიდუალური ახალგაზრდა მუსიკოსია სალო თათარაშვილი, სასცენო სახელით SALLO, რომელიც პირველად ფართო საზოგადოებამ 2019 წელს გაიცნო, მონაწილეობდა მუსიკალურ შოუებში, როგორც თავად იხსენებს, არცერთი პროექტი არ გამოუტოვებია, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა. თავიდან უფრო პოზიციონირებდა, როგორც ვოკალისტი, მოგვიანებით კი, ინსპირაციამ საკუთარი სიმღერებიც დააწერინა. 

მისი ბოლო სიმღერა Someway სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ერთიანი ნაზავია როგორც ოსტატური ვოკალური შესრულების, ისე მელოდიური თვალსაზრისით. 

სალო თათარაშვილი: 

მუსიკით ღრმა ბავშვობიდან დავინტერესდი – როგორც კი ლაპარაკი ვისწავლე, დავიწყე სიმღერაც. მშობლებმა ადრევე შემატყვეს, რომ მქონდა მონაცემები და დავყავდი მუსიკაზე, გამოვდიოდი სკოლის კონცერტებზე, კონკურსებზე, რამაც საკმაო გამოცდილება დამიგროვა. 

სიმართლე ვთქვა, არ მიფიქრია მუსიკოსობაზე, უფრო ვოკალისტობაზე ვფიქრობდი, თუმცა, პარალელურად, მაინც ვუკრავდი როგორც გიტარაზე, ისე კლავიშზე. დროთა განმავლობაში, როდესაც მივხვდი, რომ აღარ მყოფნიდა მხოლოდ სხვისი ქავერების შესრულება და ამ პერიოდს კოვიდპანდემიაც დაემთხვა, დავიწყე ჩემი ჩანახატების გაცოცხლება და მუსიკაზე მუშაობა. მახსოვს, პირველი სიმღერა დავწერე 15 წუთში, რადგან თავისით მოვიდა სწორი ემოცია, რომლის გადმოცემაც იმ მომენტში მინდოდა.

ეს სიმღერა მოვასმენინე მეგობრებს, ოჯახის წევრებს და მათგან ისეთი უკუკავშირი წამოვიდა, მივხვდი, რომ არ იყო საკმარისი მხოლოდ შინაურულ წრეში ამ სიმღერის დატოვება. შესაბამისად, გამიჩნდა გაზიარების სურვილიც, რასაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელისგან. სიმღერას ერქვა Take My Hand.

ამით, ფაქტობრივად, ნიჭი აღმოვაჩინე საკუთარ თავში და დღემდე დაკავებული ვარ მუსიკის წერით. დროთა განმავლობაში გავიცანი თანამოაზრეებიც, რომლებთან ერთადაც უკვე სამი წელია ვაკეთებ მუსიკას.

2023 წელს ვიყავი Tbilisi NewComers 2023-ის ფინალისტიც.

M: თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის, როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი?

ეს პროცესი სხვადასხვანაირია ხოლმე. ძირითადად, აკორდები მოდის, რომლებსაც ტელეფონის ჩამწერით ვინახავ და მერე ვამუშავებ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ღამითაც გამღვიძებია და უცებ მომინიშნავს მოსული იდეა, რომ არ დამვიწყებოდა. ისეც ხდება ხოლმე, რომ ქუჩაში მივდივარ, ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენ და ჟანრობრივად ახალი ინსპირაციები მოდის…

ხანდახან პირიქითაც არის – ჯერ ვფიქრობ ტექსტზე და შემდეგ ამ ტექსტს ვუხამებ შესაბამის მუსიკას. 

მთლიანობაში, ძალიან საინტერესო პროცესია, მათ შორის, ჩემს მეგობრებთან, სხვა მუსიკოსებთან ერთად მუშაობაც, რადგან მათი გამოცდილებიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში, მარტივად იმის გადმოცემა, თუ რისი გაკეთება მინდა.

M: თუ გიფიქრიათ, რა ემოცია შეიძლება აღძრას თქვენმა მუსიკამ მსმენელში?

მუსიკა ჩემთვის არის ემოციური მდგომარეობის გადმოცემის ყველაზე სწორი ფორმა. წინასწარ არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ რაიმე კონკრეტულ ჩანაფიქრზე, უბრალოდ მივყვები ემოციებს, რომლებიც სიმღერას მაწერინებს.

ჩემი მუსიკა ძირითადად მაინც არის სიყვარულზე. ამას ემატება ის, რომ ურთიერთობაში ვარ უკვე შვიდი წელია და სიმღერების წერა მეხმარება, რომ ჩემი გრძნობები გამოვხატო. 

მეორე მხრივ კი, ჩემი სიმღერები არის იმ კომპლექსების გადმოცემა, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის, მეც. დიდი ხნის განმავლობაში მიჭირდა ამ ემოციებზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ტრეკების მოსმენით, თუკი ერთი ადამიანი მაინც იგრძნობს იმავეს, რასაც მე, შეიძლება მისთვის ეს იყოს მოტივაცია, ისევე როგორც ჩემთვის. 

M: რას გვეტყოდით დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში, რა არის საჭირო, რომ მუსიკოსმა შეუფერხებლად აკეთოს თავისი საქმე?

ზოგადად, მგონია, ძალიან რთულია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აკეთო ეს საქმე, რადგან მუსიკოსობა მაინც არ არის სტანდარტული პროფესია, არაპროგნოზირებადი სფეროა, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი.

არტისტი საკმაოდ ბევრი გვყავს და არაერთი საინტერესო პროექტიც კეთდება როგორც ჟანრობრივად, ისე შინაარსით, თუმცა პრობლემა ამ არტისტების ცნობადობასა და ხელშეწყობაშია. ძირითადად, რაც გვაკლია, ეს არის ადამიანები, რომლებიც არტისტის მიერ შექმნილ ტრეკებს შეფუთავენ, როგორც საჭიროა და გაყიდიან, როგორც პროდუქტს, დაეხმარებიან პოპულარიზაციაში, პიარსა და მარკეტინგში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად მსმენელის დამოკიდებულებაც, რომელიც მიჩვეულია ერთსა და იმავე სახეებს და თითქოს არცაა დაინტერესებული ახალი არტისტების გაცნობით.

M: თუ გაქვთ რაიმე ისეთი კარიერული ოცნება, რომელიც ჯერ არ აგსრულებიათ?

როგორც ყველა არტისტს, მეც მინდა მქონდეს კონცერტები, ტურნეები საერთაშორისო სცენებზე, ვიყო წარმატებული ჩემს საქმეში. სხვა რაიმე კონკრეტული ოცნება არ მაქვს, რადგან ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

M: სალო, რაზე მუშაობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ?

ამჟამად ვმუშაობ სრულ ალბომზე და ამის შემდეგ მინდა სადებიუტო კონცერტი გავაკეთო, რომელიც, ერთი მხრივ, ამ ალბომის პრეზენტაციაც იქნება, ხოლო, მეორე მხრივ, ნაბიჯს გადავდგამ უფრო დიდი გეგმების განსახორციელებლად.

M: და ბოლო კითხვაც – რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

ვისარგებლებ შემთხვევით და მკითხველს გავაცნობ ჩემს ახალ სიმღერას Someway, რომელიც არის ლაღი, გასართობი, ზაფხულს უხდება და თუ მსმენელები მოისმენენ და თავიანთ აზრს გამიზიარებენ, გამიხარდება.

 

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ჩუმი მკვლელები” – როგორ აზიანებს სინათლე და ხმაური ჩვენს ჯანმრთელობას

Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია