in

Caucasus Auto Import-ის მარკეტინგსა და ბრენდის გამოცდილებას სალი დადიანი უხელმძღვანელებს

Caucasus Auto Import-ის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სალი დადიანისთვის საბანკო სექტორიდან საავტომობილო ინდუსტრიაში გადასვლა ახალი გამოწვევაა, თუმცა ამ სიახლეს ენთუზიაზმით უყურებს.

სალი დადიანის პროფესიული გზა მრავალფეროვანია. თიბისი ბანკში Digital Banking კატეგორიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელობის შემდეგ, მან გადაწყვიტა თავისი გამოცდილება და უნარები საავტომობილო ინდუსტრიაში გამოეყენებინა. მანამდე კი, ის  „წიბახას“ მმართველი პარტნიორი იყო, ხოლო კიდევ უფრო ადრე – Saatchi & Saatchi Tbilisi-სა და Publicis Groupe-ში ექაუნთ მენეჯერი, და AIESEC in Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი.

ახალ როლში მარკეტერი მიზნად ისახავს ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას. სჯერა, რომ მისი მრავალფეროვანი გამოცდილება, განსაკუთრებით კი სარეკლამო სააგენტოებში მუშაობის პერიოდი, მას დაეხმარება კრეატიულ გუნდთან ეფექტურად თანამშრომლობაში და ბრენდის განვითარების პროცესში. დეტალებზე მან ჩვენს ინტერვიუში ისაუბრა.

M: გასული რამდენიმე წელი საბანკო სფეროში გაატარე, თუმცა მანამდე სააგენტოს გამოცდილებაც უხვად დააგროვე. ამჯერად კი – საავტომობილო სფეროში. რით არის ეს მიმართულება შენთვის საინტერესო?

ნამდვილად საინტერესოა პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან შემოერთება. ჩემი კარიერული გზა მრავალფეროვანი იყო და ყოველთვის ვცდილობ ახალი გამოწვევები მივიღო. ფინანსური ინსტიტუტიდან საავტომობილო სფეროში გადასვლა ჩემთვის საინტერესო ტრანსფერია. ეს არის უდიდესი ინდუსტრია, რომელიც გარედან ბევრად უფრო მცირე ჩანს, ვიდრე რეალურად არის. სწორედ ამ გამოწვევამ მომხიბლა – მომხმარებლებს ამ მრავალფეროვანი სამყაროს შესახებ მოვუთხროთ. სარეკლამო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება კი მნიშვნელოვანი საფუძველია, რომელიც მეხმარება კრეატიულ გუნდთან ეფექტურად კომუნიკაციასა და სინერგიის შექმნაში.

M: როგორია შენი როლი ახალ პოზიციაზე?

ჩემი როლი, უპირველესად, დიდი პასუხისმგებლობით ხასიათდება. კომპანია 20 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს და დღეს, მსოფლიოში მესამე უმსხვილესი მოთამაშეა ავტომობილების იმპორტის მიმართულებით. ჩვენი კომპანია პიონერი იყო რეგიონში, რომელმაც ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანის პროცესი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახადა.

მომხმარებლის გამოცდილება და მასზე მორგებული, გამჭვირვალე სერვისები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. როგორც პროდუქტ მარკეტერი, ვიზრუნებ ბრენდის ღირებულებებსა და მომხმარებლების ინტერესებზე. ჩემს გუნდთან ერთად, ვგეგმავ კომპანიის ამბიციური მიზნების განხორციელებას, რათა მეტი ღირებულება შევქმნათ როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, საცალო და საბითუმო მიმართულებით.

M: რით განსხვავდება ამ საქმის სპეციფიკა იმ საქმიანობის სპექტრისგან, რასთანაც აქამდე გქონდა შეხება?

პროდუქტ მარკეტინგის ძირითადი ღირებულებები აქაც იგივეა: მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა. მთავარი განსხვავება მასშტაბშია. საავტომობილო ინდუსტრია გლობალური ბიზნესია, სადაც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირება ყოველდღიურობას წარმოადგენს. როგორც მარკეტინგისა და მომხმარებლის გამოცდილების ლიდერი, ვაცნობიერებ, რომ ვუერთდები ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს ამ ინდუსტრიაში, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი გამოცდილება და უნარები გაცილებით ფართო მასშტაბით გამოვიყენო და ახალი ცოდნაც შევიძინო.

M: როგორია შენი გეგმები და მოლოდინები ახალ როლში?

ჩემი გეგმები ამბიციურია, თუმცა რეალისტური. უპირველესად ვგეგმავ ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას და მისი ცნობადობის გაზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, მიზნად მაქვს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება ციფრული არხების განვითარებით და პერსონალიზებული სერვისების დანერგვით. მჯერა, რომ ჩემს გუნდთან და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელებას, რაც კომპანიის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

5 ტექნიკა ლიდერული მეტყველებისა და უნარების წარმოსაჩენად

Silk Towers: Batumi’s Future Icon to Be Designed by Kengo Kuma & Associates