in

„ექიმოს“ მარკეტინგის განყოფილებას სალი კვირკველიძე უხელმძღვანელებს

Ekimo.ge-ის მარკეტინგის განყოფილებას, სალი კვირკველიძის სახით, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გასული წლების განმავლობაში, ის საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში ახალგაზრდული სეგმენტის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. კარიერა სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ში დაიწყო, რაც მარკეტინგის სფეროში განვითარების ყველაზე სწორ დასაწყისად მიაჩნია. მოგვიანებით, „მოზაიკას“ რებრენდინგზე იმუშავა, გამოცადა აუთსორსზე ყოფნაც. შემდეგ, საცალო სეგმენტით დაინტერესა და „გალერია თბილისის“ ბრენდისა და კომერციულ წარმატებაზე დაიწყო ზრუნვა. ახლა კი, როდესაც სამედიცინო სერვისების გაციფრულებულ სამყაროში აღმოჩნდა, რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

M: როგორ შედგა შეთანხმება და რით იყო შენთვის საინტერესო „ექიმოს“ საქმიანობა?

კანდიდატების შერჩევისას, რეკომენდაციით, „ექიმოს“ ახალ დირექტორს ირაკლი მირზიკაშვილს შევხვდი. ერთმანეთი გავიცანით და სამომავლო გეგმებზეც გავცვალეთ ინფორმაცია. პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან გზადაგზა გამოჩნდა მისი და ჩემი ხედვები „ექიმოს“, როგორც პროდუქტთან დაკავშირებით, ისე ბიზნესის კუთხით, თუ როგორი უნდა იყოს მისი განვითარება. გაცვლილი ინფორმაციების თუ ხედვების შედეგად შევჯერდით, რომ ჩვენი ხედვები ემთხვეოდა და ერთიანი ძალებით მიზნების მიღწევის გზები დავინახეთ. დღეს, განსაკუთრებით პანდემიიდან გამომდინარე, ბიზნესის გაციფრულების საჭიროება თითქმის ყველა ინდუსტრიაში დგას, „ექიმო“ კი, ზუსტად ის ინსტრუმენტია, რომელიც ჯანდაცვის სისტემას გააციფრულებს და ჩვენი, თითოეული ადამიანის სამედიცინო კუთხით ქცევის ფორმირებას შეუწყობს ხელს. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო, ჯანდაცვის სისტემის გაციფრულება და მის გარშემო ეკოსისტემის შენება, რომელიც 360 გრადუსით დაფარავს ყველა საჭიროებას მარტივი გადაწყვეტებით.

M: როგორია შენი გეგმები და მოლოდინები ახალ პოზიციაზე?

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის ფოკუსი, „ექიმოსთან“ მიმართებაში, დავამთხვიოთ მის რეალურ დანიშნულებას. ორმხრივი გამოწვევაა, როგორც მომხმარებლის ჭრილში, ასევე სამედიცინო პერსონალის და მათი პროცესების გადმოწყობის კუთხით. რაც აქედანვე ჩანს, საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება. მომხმარებლების გაციფრულებაზე ბევრს ვსაუბრობთ ბოლო ორი წელია, ვფიქრობ გარკვეულწილად, სხვადასხვა კომპანიამ ამაში წვლილი ნამდვილად შეიტანა, მაგრამ ბევრი თავისუფალი სივრცეა დარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანდაცვის სფეროა. გეგმები დიდია, მიზანი – სრულად გავაციფრულოთ, ერთი მხრივ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მეორე მხრივ კი – მომხმარებლები.

M: რით იქნება ახალი პოზიცია წინა გამოცდილებისგან განსხვავებული?

ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში ახალგაზრდული სეგმენტის მიმართულებას ვუძღვებოდი. ბევრი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და საინტერესო პროექტი მივიღეთ შედეგად. საბანკო სფეროში მუშაობა საშუალებას გაძლევს აკეთო მარკეტინგი სრული მასშტაბით, იმუშაო ციფრულ თუ ფიზიკურ პროდუქტებზე, შექმნა უპირატესობები სეგმენტისთვის და გააუმჯობესო მათი ყოველდღიურობა, პროდუქტის გამოყენების ჭრილში.

ბიზნესის კუთხით, გარდა იმისა, რომ კონკრეტული მიმართულება შეიძლება გქონდეს ჩაბარებული, ბევრ სხვა დაკავშირებულ ან თუნდაც, მომიჯნავე საკითხებზე გიწევს მუშაობა, ფიქრი და ეს იწვევს მრავალკუთხოვანი გამოცდილების დაგროვებას. რაღაც ეტაპზე ხვდები, ზუსტად საით გინდა წახვიდე. ჩემ შემთხვევაში, ასეთი, ციფრული პროდუქტების სამყაროა. მიხარია, რომ მომეცა საშუალება, ზუსტად იქ მოვხვედრილიყავი, სადაც ჩემი ინტერესის სფეროა. შესაბამისად, აქ მიღებული გამოცდილება თუ ცოდნა, „ექიმოს“ პროდუქტის გაუმჯობესებაში, ფოკუსების გასწორებასა და სწორი მომხმარებლების მასშტაბის გაზრდის საშუალებას მომცემს. კონცენტრირებული მუშაობა პროდუქტზე, გუნდის მართვა და სტარტაპის განვითარებაში კონტრიბუცია იქნება ის განსხვავებული კომპონენტები, რომელიც მიმზიდველია დღეს. მჯერა, გარკვეული დროის მერე, ყველა „ექიმოს“ ეკოსისტემაში აღმოვჩნდებით.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ ავარიდოთ თავი შიშში ყოფნას, ბიზნესის მართვისას

მანქანა, რომელიც ყველგანაა – KIA-ს ისტორია