სულ ვამბობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი- მეთქი. საჭირო დრო 2003 წელი აღმოჩნდა, საჭირო ადგილი ტელეკომპანია ,, იმედი”. სტუდენტი ვიყავი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის. როგორც ხდება ხოლმე, ბოლო მომენტში შევიტანე საბუთები დამწყები ჟურნალისტების კონკურსში ,,დუბლიორი”. გამიმართლა, სამთვიანი ძალიან დამღლელი სატელევიზიო მარათონის ფინიშსაც მივუახლოვდი და კომპეტენტური ჟიურის სიმპათიაც გავხდი. აქედან იწყება ჩემი და ტელევიზიის მეგობრობა.
მახსოვს პირველი პირდაპირი ეთერი, ნერვიულობისგან გაყინული ხელები, დაბნეული თვალები, კამერის წითელ შუქს რომ ვეძებდი. ხანდახან ისიც მეგონა, მეტს ვეღარ შევძლებ – მეთქი. დაღლილობისგან სამუშაო მაგიდაზე ათწუთიანი ძილის პერიოდებიც მახსენდება. არ ვიცი, ახლა იმავე რეჟიმში ცხოვრებას თუ შევძლებდი, მაგრამ მაშინ, ბევრი წლის წინ, ყოველი ასეთი კრიტიკული მომენტის შემდეგ თითქოს მეორე სუნთქვა მეხსნებოდა. პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა ჰქვია, ალბათ, ამ გრძნობას. ზუსტად ვიცოდი, რომ არ მქონდა მოდუნების უფლება. დუბლიორს მოჰყვა იმედის დილა, ქრონიკა, ქრონიკა +. საერთო ჯამში ჩემს პირველ სამსახურში, იმედში ცხრა წელიწადი ვიმუშავე.
ახლა სხვა დროა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ტელევიზიის გარეშე ვისწავლე ცხოვრება. ესეც საინტერესო აღმოჩნდა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში მედია მენეჯერი ვარ. ისევ ტელევიზიებთან მიწევს ურთიერთობა, თუმცა ამჯერად კამერის წითელ შუქს გადასაღები მოედნის კულისებიდან ვაკვირდები.
სალომე არშბა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მედიასთან კომუნიკაციების მენეჯერი.