27
Apr
2018

“სხვა ადამიანი ჩამოხვედი” ანუ მომენტი, რომელმაც ჩემი კარიერა და ცხოვრება შეცვალა – სალომე ბენიძის #აზრები

27 Apr 2018

M2


ხშირად მიფიქრია, რომ რამდენიმე ცხოვრება მაქვს, როგორც მწერალს, როგორც მთარგმნელს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, როგორც ქალს, შვილს, მეგობარს… და ჩემი ბევრი ცხოვრება ისეთი სისწრაფით იცვლება და ჭრელდება, ზოგჯერ მიჭირს, დავეწიო. თუმცა ყველაზე მეტად, სწორედ ეს ცვლილებები მიყვარს. მე და ჩემი ცხოვრება ზუსტად ამ ცვლილებებით ვიწვევთ და ვეჯიბრებით ერთმანეთს.

დინა ოგანოვას ფოტო

ცვლილება #1: ჩემი ცხოვრება ყველაზე საფუძვლიანად ალბათ მაშინ შეიცვალა, როცა 16 წლისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი და ქუთაისიდან თბილისში გადმოვბარგდი. ამ გადმობარგებას წინ უძღოდა შიშით, სტრესით, ნერვიულობითა და მისაღები გამოცდებისთვის მზადებაში გათენებული ღამეებით სავსე პერიოდი. იმდროინდელი უნივერსიტეტი ნამდვილად არ იყო იდეალური, ჩემი თაობის კისერზე უამრავმა ცვლილებამ გადაიარა, მაგრამ სტუდენტობის პერიოდი ჩემთვის მაინც შეუცვლელი და საუკეთესოა, ისევე, როგორც მეგობრები, რომლებიც მაშინ შევიძინე. ყველაფერი კარგი, რაც შემდეგ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, იმ წლების შედეგია.

ფოტოს ავტორი: მაკა ჩინჩალაძე

ცვლილება #2: „სხვა ადამიანი წახვედი და სხვა ადამიანი ჩამოხვედი,“ – ამბობს ხოლმე ჩემი მეგობარი მაკა, როცა ვილნიუსს ვახსენებ. მეოთხე კურსის პირველი სემესტრი ვილნიუსის უნივერსიტეტში გავატარე გაცვლითი პროგრამით. პირველად იქ გავიგე, როგორია თანამედროვე სასწავლო პროცესი, როგორია ნამდვილი თავისუფლებაც და ნამდვილი დამოუკიდებლობაც, როგორია ნამდვილი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერავის გადაუნაწილებ. იქ გავიცანი ადამიანები, რომლებმაც მაფიქრებინეს, რომ სინამდვილეში, გაცილებით უკეთესი ვარ და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე მანამდე წარმომედგინა.

ცვლილება #3: პირველი „საბა“ ლიტერატურული დებიუტისთვის 2012 წელს ავიღე. ჩემი, როგორც ავტორის ცხოვრებაში, ამან ბევრი რამე განაპირობა. მანამდე ვერ ვიფიქრებდი, რომ წერა ამხელა ადგილს დაიკავებდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების შიგნითა მხარე, რომელმაც „საბას“ შემდეგ სინათლეზე გადმოინაცვლა.

ფოტოს ავტორი: მაკა გოგალაძე

ფოტოს ავტორი: გიორგი დარჩიაშვილი

ცვლილება #4: ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის გადავწყვიტე, რომ „ქალაქი წყალზე“ უნდა დამეწერა. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, როგორ ვუთხარი ჩემს მეგობრებს, მარი კორინთელს და ირაკლი ბაკურიძეს, მგონი, რაღაცას ვწერ და ხომ არ გამოსცემდით-მეთქი („წიგნები ბათუმში“ მაშინ სულ ახალი გამომცემლობა იყო). ამ წიგნმა ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება, შეცვალა არა მარტო იმიტომ, რომ რამდენიმე ჯილდო მომიტანა, არამედ უფრო იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი მოიყვანა ჩემთან. წარმოიდგინეთ, ქუჩაში გხვდებათ 15 წლის გოგო, რომელიც გეუბნებათ: „თქვენმა წიგნმა მე ცხოვრება თავიდან დამაწყებინა! შეიძლება, ჩაგეხუტოთ?“ რა შეიძლება, იყოს ამაზე მაგარი?

ყდის ავტორი: თათია ნადარეიშვილი

ცვლილება #5: 20 წლის ასაკში რომ მეკითხებოდნენ, სად წარმომედგინა საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ, ვპასუხობდი, რომ გაეროში. 29 წლის ვიყავი, როცა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისში დავიწყე მუშაობა კომუნიკაციის ოფიცრის პოზიციაზე.

შეიძლება, ბევრისთვის სამსახური მხოლოდ სამსახურია, ჩემთვის კი – ცხოვრების წესი. ვაკეთებდე საქმეს, რომელიც მიყვარს და ვმუშაობდე ადამიანებთან, რომლებიც მენდობიან და რომლებსაც ვენდობი – ეს ბედნიერება და პასუხისმგებლობაა. ყოველდღიურად ვაცნობიერებ, რომ ამას დიდი შრომის შედეგად მივაღწიე და წინ კიდევ უფრო დიდი შრომა მელის.

მამების თასი, ფოტო: GFF

კიდევ ერთი: ჩემი ცხოვრება თავდაყირა ალბათ სწორედ მაშინ დადგა, როცა ჩემი მეგობარი გარდაიცვალა – 2015 წლის ნოემბერში. ის ძალიან ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი იყო, საუკეთესო ადამიანი მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი დანაკარგი და ერთ დღეს საკუთარი თავი იმაშიც გამოვიჭირე, რომ ადამიანების მიმართ გაცილებით შემწყნარებელი გავხდი. უფრო ძნელად ვბრაზდები და ადვილად ვპატიობ. ვცდილობ, აღარავინ დავკარგო. ვცდილობ, კეთილი ვიყო. მოსმენა შევძლო. შევძლო თავზე ხელის გადასმაც მისთვის, ვისაც ეს სჭირდება. ხან გამომდის, ხან არა. მაგრამ რაც მთავარია, ამ ორომტრიალში, როცა ჩემი ბევრი ცხოვრება ერთმანეთში იხლართება და მიჭირს, თავი და ბოლო გავარჩიო, როცა სასოწარკვეთა მიპყრობს იმის გამო, რომ ადამიანები, წარმატებისა და წინსვლის სახელით, ერთმანეთს სულ ადვილად იმეტებენ, ჩემს მეგობარზე ვფიქრობ, რომელიც აღარ არის. და ვხვდები, რომ თუკი ერთი ვინმე მაინც გყავდა, ან გყავს, ვისი სიყვარულიც შეგაძლებინებს, ადამიანად დარჩე, ყველაფერი გამოვა.

განხილვა