in

სალომე ბენიძე – #პირველისამსახური

პირველი ოფიციალური სამსახური 20 წლის ასაკში დავიწყე. ბაკალავრიატი დავამთავრე თუ არა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტმენტში ამიყვანეს სამუშაოდ. საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდი აღმოჩნდა, უზარმაზარი უნივერსიტეტის პიარში სულ სამი ადამიანი ვმუშაობდით, უამრავი საქმე გვქონდა და მაშინაც მეგონა და ახლაც მგონია, რომ ყველაფერს მშვენივრად ვართმევდით თავს. თუმცა იმ დროს მოთხოვნებიც სხვაგვარი იყო, არც სოციალური მედიის ძალისა და გავლენის შესახებ ვიცოდით, არც ბევრ სხვა საკომუნიკაციო არხსა და ხერხს მივმართავდით, რომლის გარეშეც დღეს მუშაობა წარმოუდგენელია. ჩემს მაშინდელ უფროსზეც ვიტყვი, მაკა სეხნიაშვილზე. ჩემს ცხოვრებაზე საოცრად დიდი გავლენა მოახდინა როგორც პროფესიონალმა და როგორც ადამიანმა. დღემდე ხშირად გავდივარ მასთან კონსულტაციებს, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ იმაშიც გამომიჭერია საკუთარი თავი, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მაკასავით მოქცევას ვცდილობ.

სტუდენტობის პერიოდში მუდმივად სტაჟირებას გავდიოდი, არასოდეს მითქვამს უარი გამოცდილების მიღებაზე იმ მიზეზით, რომ არ მიხდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ანაზღაურება უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. რამდენიმე სტაჟირებამ, რომელიც გავიარე, ნამდვილად განსაზღვრა ჩემი შემდგომი საქმიანობა – მეორე კურსზე მივხვდი, რომ ჟურნალისტად მუშაობა არ მინდოდა და საზოგადოებასთან ურთიერთობა მაინტერესებდა.

ამჟამად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისში ვმუშაობ, კომუნიკაციისა და ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე. ვმუშაობ საოცრად მეგობრულ და მოტივირებულ გუნდთან, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. მიხარია, რომ ჩემმა ყველა სამსახურმა, პირველიდან დღემდე, ზრდისა და განვითარების საშუალება და საუკეთესო გამოცდილება მომცა.

სალომე ბენიძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის და ადვოკატირების ოფიცერი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი.

საქართველოში მასშტაბური გაყიდვების ფორუმი გაიმართება!

კარგი ბურბონი, სასიამოვნო მუსიკა და ოსკაროსანი მეთიუ მაკ-კონეჰი – Wild Turkey-ის ვიდეორგოლი