in

ქართველმა მსახიობმა „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო მიიღო!


ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ზე ქართველ მსახიობ სალომე დემურიას „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო გადაეცა. კონკურსზე მსახიობი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა წარდგინა, საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ კი სალომე 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია; ჯილდო კი რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლის გამო მიენიჭა.

ყველაფერი თეატრით დაიწყო, როდესაც კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე დაასრულა სწავლა და გორის დრამატულ თეატრში მუშაობდა. „თბილისიდან ჩავედით მე და ჩემი ჯგუფელები, იქ ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. მართლა საუკეთესო დრო იყო… შემდეგ ნელ-ნელა კინოსკენ წავედი, რადგან სტუდენტობის პერიოდშიც მიღებდნენ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. ძალიან მომწონდა კამერის წინ ყოფნა — გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიდანვე ვამჩნევდი კინოს მიმართ მეტ სიყვარულს“, — ამბობს სალომე.

ამის შემდეგ ესპანელი სცე­ნა­რის­ტის, ლუის მო­ი­ას ფილმში „თოლია“ მიიღო მთავარი გმირის როლი, რასაც შემდგომში კიდევ უფრო მეტი, მრავალფეროვანი გამოცდილება მოჰყვა. „ჩემთვის მსახიობობა ნიშნავს ჩემს საქმეს, რომელსაც ვაკეთებ და მიყვარს. ისე ძალიან მიყვარს, რომ ვერ გავაფუჭებ ყველაფერთან შეხებით — ამიტომაც შეძლებისდაგვარად ვირჩევ მხოლოდ ისეთ როლს, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს. თან, გულწრფელად გითხრათ, მეტისმეტად ემოციურად დამოკიდებულიც არ ვარ ამ პროფესიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან მიყვარს“.

ახლა კი, აღნიშნული ჯილდოს მიღების შემდეგ, ახალი შესაძლებლობების უდიდესი პროცესი იწყება. როგორც სალომე აღნიშნავს, სააგენტოებმა უკვე შესთავაზეს მისი პორტფოლიოს სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსება; ასევე, კასტინგის რეჟისორებთანაც გაცვალეს კონტაქტები. „ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღო ზარი და რაღაც შემოგთავაზონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაჯდე და ელოდო. ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებ, ამ საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებასთან ერთად“.


Adobe PDF ფაილებს AI ფუნქციებს ამატებს

Signal-ზე მომხმარებლის სახელის დამატება გახდება შესაძლებელი