ჩვენ ვცხოვრობთ მზა რეცეპტების საუკუნეში, სადაც გუგლის ერთი ძებნაა საკმარისი, რომ გაიგო – როგორ გახდე წარმატებული, როგორ მართო კომპანია, რა არის მარკეტინგის ხელმძღვანელის კარგი მუშაობის ხუთი, ათი თუ თხუთმეტი წესი… მაგრამ ამ მზა ფორმულების მიღმა არის პრაქტიკული, ყოველდღიური სამუშაო, დილის ათიდან საღამოს „რომელიღაც“ საათამდე, როდესაც ძალიან ბევრი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, როდესაც არ იცი, ამა თუ იმ გადაწყევტილებას გუგლის საძიებოდან რა მოარგო. როდესაც „მარკეტერმა“ მთხოვა, წესები გამეცნო, უცებ დავიბენი, მერე კი მივხვდი, რომ მაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ჩვევა, რომელსაც შეიძლება აკვიატებაც დავარქვათ და არ ვიცი, მკითხველს რამდენად გამოადგება.

პირველი წესი ჩემი შიშიდან ჩამომიყალიბდა, რაიმე არ გამომრჩეს, ძალიან ბევრი არ მომივიდეს, არ ავყვე აჟიტირებას. წლებთან ერთად ერთი მარტივი მეთოდი გამოვიმუშავე, რომელიც ძალიან მეხმარება:
წესი #1 – სამუშაო დღის ბოლოს აუცილებლად ბლოკნოტში კალმით ვწერ მეორე დღის ყველა საკითხს. დილით სამსახურში მოსულმა ეს საკითხები თავიდან უნდა გადავწერო, გავაერთიანო, რაღაცები მოვაკლო ან დავამატო. გადაწერისას თავიდან გავიაზრო, ავწონ-დავწონო და ისე შევხედო ყველა იმ იდეასა და გეგმას, რომელიც წინა დღით დავისახე.
წესი #2 – და აი, გადაწერისას მივხვდი, რომ მართლა არაჩვეულებრივია ის კამპანია, რომლის განხორციელებაც გადავწყვიტე – იდეა ბრწყინვალე, სარეკლამო სააგენტოსაც ზუსტად ხედავ, ვიცი ვისთან ერთად და როგორ გავაკეთებ, რას მოიტანს ეს მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. და ეს ყველაფერი კომპანიას უნდა გავაცნო, ისე ავანთო მისით, როგორც მე ვარ ანთებული. სწორი პრეზენტაცია და ზუსტი და კონკრეტული წერტილების დასმა, ემოციური კავშირის დამყარება მსმენელთან – ამაში ძალიან მეხმარება ჩემი პროფესია, დიპლომატია. მთელი ჩემი ტალეირანული ცოდნა მიმართულია იმისკენ, რომ დავარწმუნო გარშემომყოფები იმაში, რასაც ცხადად ვხედავ და მწამს. ამიტომ, ხშირად ვუბრუნდები პირველ პროფესიას, უამრავ ინფორმაციას ვიღებ, თუ რა ხდება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებაში, ფსიქოლოგიაში. ვსწავლობ ადამიანებს, ეს ჩემი ყველაზე დიდი ჰობია, რომელიც პრაქტიკაში ძალიან მეხმარება.

ჩემი წესი #3 – ყოველდღე ვნახო მინიმუმ ერთი ფილმი, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო დღე. ამის გამო, ჩემს უმცროს შვილს საათ-ნახევარი ტელეფონზე თამაშის უფლებასაც ვაძლევ. ასე არაფერი შთამაგონებს და მაძლევს ახალ იდეებს. და ეს არ არის ბოდვა რაღაც ზოგად ინსპირაციაზე, პირადად ჩემში, ძალიან პრაქტიკულ, სამსახურთან დაკავშირებულ ფიქრებს ძრავს (მაგალითად, შემოდგომაზე „აგროჰაბი“ გეგმავს ფარაჯანოვის ესთეტიკით სუფრების სერიის გაკეთებას).


წესი #4 – ყოველდღე ვამოწმებ, რა ხდება მსოფლიო გიგანტებთან იმ სფეროში, სადაც ვმუშაობ (ამ შეთხვევაში ჰიპერმარკეტების ქსელებს ვგულისხმობ) და არასდროს საქართველოში. კონკურენტების ფეისბუკის გვერდებსაც კი არ ვათვალიერებ, რომ თავიდან ავიცილო ნებისმიერი გავლენა. იმიჯები ჩემზე ისე ძლიერად მოქმედებს, მირჩევნია ნებისმიერი ნალექის დონეზეც კი ეს გავლენა თავიდან ავიცილო. გიგანტების უზარმაზარი კამპანიები ახლაც და წარსულშიც, საოცარი რეკლამები, მათი მიდგომა მთლიანად ცვლის ვიწრო, ლოკალურ ხედვას. იჯერებ, რომ შენც ამ შენი ერთი ჰიპერმარკეტით შეგიძლია, ხელი შეუწყო დიდი ცვლილებების დაწყებას. როდესაც უყურებ, რომ იქ, პარალელურ სამყაროში კამპანიები მიმართულია მრავალჯერადი ჩანთების გამოყენებაზე, საკვები ნარჩენების შემცირებაზე, მაქსიმალურ თვითმომსახურებაზე, შენც იწყებ გზების ძებნას, როგორ შეიძლება ჩვენს კულტურაში, ასეთი ვიწრო სეგმენტით დაიწყო და მოახერხო მომხმარებლის ქცევის შეცვლა.
წესი #5 – წესად ჩამომიყალიბდა, რომ ყოველთვის დავესწრო გადაღებებს. არ ვიცი, ეს კარგია, თუ ცუდი, რადგან ჩემი კოლეგების უმრავლესობა მზა პროდუქტს ან იბარებს ან – არა. მაგრამ მე კამერის მეორე მხარეს ვდგარვარ და ვიცი, როგორ შეიძლება აცდეს რელსებს ის, რაც ჩაიფიქრე. და ზოგჯერ ეს ცუდი სულაც არ არის, უბრალოდ, იქვე უნდა იყო და ეს გადაღების პროცესშივე იგრძნო. მიმუშავია საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებთან და ვიცი, რას ნიშნავს კარგი რეკლამის გადაღება, ამიტომ გადაღებისას თავიდან ბოლომდე ვეშვები პროცესში. მათთან მუშაობისას ძალიან მეხმარება ის, რომ ვიცნობ არა მხოლოდ სააგენტოებს, პროდიუსერებსა თუ რეჟისორებს, არამედ მხატვრებს, გამნათებლებს, რეჟისორის ასისტენტებსა და ლოკაციის მენეჯერებს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩემი პროფესია განსაკუთრებით მიყვარს.












