12
Nov
2019

წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა – Majorel-ის ოპერაციების მენეჯერი, სალომე ღვინეფაძე

12 Nov 2019

დასაქმების ბაზარზე არც ისე ადვილია ისეთი სამსახურის პოვნა, სადაც გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორს არ წარმოადგენს, თუმცა მეიჯერელზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. საერთაშორისო კომპანია მეიჯერელი ქართულ ბაზარზე, 2016 წელს Arvato Bertelsmann-ის სახელით შემოვიდა, ხოლო, 2019 წელს  მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Arvato Bertelsmann-სა და Saham- ის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომელთა რაოდენობა 48,000-ს უტოლდება.

საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს  ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობენ. მეიჯერელ საქართველო 7 განსხვავებულ პროექტს ახორციელებს.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი კომპანია მეიჯერელის ელექტრონული კომერციის, პროექტის ოპერაციების მენეჯერი სალომე ღვინეფაძეა, რომელმაც მუშაობა თავდაპირველად, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე დაიწყო.

M: როგორ ფიქრობთ, რა დაბრკოლებებს აწყდებიან საქართველოში სამსახურის ძიებისას?

პრობლემები ბევრია და ძალიან კომპლექსური. საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნიჭი, სათანადო გამოცდილება, განათლება და შეძლეს კიდეც ეპოვნათ მათთვის სასურველი სამსახური, მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც ცოდნა, უნარები ან გამოცდილება არ ყოფნის ამისთვის? სამწუხაროდ, არ არსებობს მათთვის შესაბამისი სერვისი, რომ კარიერულად განვითარდნენ და წინ წავიდნენ. სამწუხაროდ, არ არსებობს იმის პრაქტიკა,  რომ ვინმემ გირჩიოს, რა უნდა განავითარო შენი კარიერული ზრდისთვის, იქნება ეს ენა, თუ სხვა უნარები და დაგეხმაროს კიდეც მათ განვითარებაში. მსგავს პრობლემებს, ხშირად ვხვდებით გასაუბრების დროს, როდესაც ვერ იღებ უკუკავშირს თუ რატომ არ შეაჩერეს არჩევანი შენზე.

საქართველოს დასაქმების ბაზარზე, მწირია პროფესიული სასწავლებლების ჩართულობაც. მაგალითად, რატომ უნდა ვისწავლო და ვიყო ხელოსანი ან მზარეული? ხომ შეიძლება მე, როგორც სკოლის მოსწავლეს, როდესაც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მქონდეს საშუალება გავიგო, რას გულისხმობს პროფესიული განათლების მიღება, ან რა შესაძლებლობები მეხსნება?

Majorel-ში, რასაც ვაფასებ ყველაზე მეტად, ეს ადამიანებზე და მათ განვითარებაზე ზრუნვაა. ყველაფერი იწყება გასაუბრებიდან, მაშინაც კი როდესაც კანდიდატის არჩევა არ მოხდება, ჩვენ დასაბუთებულად ვუხსნით, თუ რა უნარ-ჩვევებზე შეუძლია ყურადღების გამახვილება, რათა სამომავლოდ კვლავ სცადოს ჩვენთან დასაქმება. მეიჯერელი ახალი შესაძლებლობებისკენ გიხსნის გზას. აქ მყოფი მმართველი გუნდის წევრები გეხმარებიან განვითარდე ენობრივად და ახალი უნარები აღმოაჩინო საკუთარ თავში. ჩვენ ახალი ინიციატივა გვაქვს, რომელიც გულისხმობს, ენის დონის გაუმჯობესებას, პროექტის სახელია „შევისწავლოთ ენა ერთად“ და მოიაზრებს მეიჯერელის თანამშრომლებითვის ენის გაუმჯობესებას.

M: თქვენ როგორ სამსახურს ეძებდით, სანამ მეიჯერელში მოხვდებოდით? რა მოლოდინები გქონდათ?

ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი, შესაფერისი სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება და დაზღვევა იყო. სწორედ ასეთი შემოთავაზება მივიღე მეიჯერელისგან – ამასთან ერთად, ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით და დაზღვევა იდეალური, დაუჯერებელი პირობებით. დღემდე ჩემი არცერთი მეგობარი, რომელიც კერძო სექტორშია დასაქმებული, მსგავსი სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრების დასრულების შემდეგ სტანდარტულ კითხვაზე: რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ? ვიკითხე გაქვთ თუ არა განვითარების პერსპექტივათქო, ამხელა მოლოდინი ნამდვილად არ მქონია. ვიცოდი, რომ მოვინდომებდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებდი, მაგრამ ნამდვილად არ წარმომედგინა, თუ დამიფასდებოდა შრომა, და ამხელა წარმატებას მივაღწევდი.

ახლა ზუსტად ვიცი, რომ თუ მოინდომებ, ისწავლი, არ დაიზარებ და წინსვლის მოტივაცია, სურვილი გექნება, აუცილებლად დაგიფასდება. ეს ფაქტი უდიდესი მოტივაციით მავსებს, კიდევ უფრო შორს წავიდე, ვიზრუნო პროექტის წარმატებაზე და შესაბამისად, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნა.

სალომე ღვინეფაძე

M: მეიჯერელში თქვენი დასაქმების ამბავსაც მოვყვეთ: როგორ მოხვდით? რა პოზიციაზე? რა დრო დაგჭირდათ დღევანდელ პოზიციაზე მოსახვედრად?

გერმანიიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, რეზიუმე არაერთ ადგილას გავაგზავნე. 3 კომპანიაში ვიყავი გასაუბრებაზე და სიმართლე გითხრათ, აქ იმით მოვიხიბლე, რომ ტრენინგების პერიოდიც კი ანაზღაურებადი იყო. ეს პატარა დეტალი გახდა მიზეზი, რომ სხვა კომპანიებისთვის უარი მეთქვა და მეიჯერელში დამეწყო მუშაობა – კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლად.

იმ დღიდან, რაც პირველად მოვედი მეიჯერელში ჯერ 3 წელიც არ გასულა. ჩემი აზრით ეს ძალიან ცოტა დროა იმისათვის, რომ ამ პოზიციაზე ვიყო, მაგრამ მათ პოტენციალი დაინახეს და საშუალება მომცეს, წინ წავსულიყავი. თეორიულ ცოდნას, რომელსაც პარალელურად ვიღებდი უნივერსიტეტში, სამსახურში პრაქტიკაში ვიყენებდი. კომუნიკაცია, პროექტების მართვა, დაგეგმვა, მენეჯმენტი და მონაცემთა ანალიზი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ჩემი აზრით, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო და პოზიციურად უფრო მაღალ დონეზე ახვიდე, მხოლოდ ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინო –  თავდაუზოგავი შრომა შენი მხრიდან და ამ შრომის დაფასება. არასოდეს უნდა გაჩერდე, თავს არ უნდა მისცე მოდუნების საშუალება.

M: ამ დროისათვის, რა როლი გაქვთ კომპანიაში? რა შედის თქვენს ფუნქციებში?

ამჟამად ელექტონული კომერციის, პროექტის ოპერაციების მენეჯერი ვარ, ჩვენ კლიენტებს ტექნიკურ მხარდაჭერას ვუწევთ გერმანულ და ინგლისურ ენაზე. ჩემი მთავარი ფუნქცია დაგეგმვა, გუნდის მართვა და კონტროლია. გუნდისა, რომელშიც როგორც კლიენტთა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, ასევე მათი მენეჯერები და ხარისხის გუნდი ერთიანდება. ჩემს ფუნქციებში ასევე შედის ოპერაციული პროცედურების გაძლიერება, სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო მუშაობა, ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტის ცენტრის მართვა, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტთან კომუნიკაცია, რეპორტინგი და ინფორმაციის მიწოდება. კომპანიის წინაშე პასუხს ვაგებ ჩემს გუნდზე და მათ კეთილდღეობაზე.

M: თქვენი გამოცდილებით, რა შესაძლებლობას ქმნის მეიჯერელი დასაქმების ქართულ ბაზარზე

მეიჯერელი საქართველოში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც მთლიანად დაფუძნებულია დასაქმებულის და დამსაქმებლის ურთიერთპატივისცემაზე, და ორივე მხარის ჯანსაღ ურთიერთობაზე. ერთი რამ, რაც სულ სიამაყით მავსებს, მართალია ელემენტარული, მაგრამ საქართველოსთვის ზოგჯერ ძალიან რთულად მისაღწევია – ესაა, თანასწორობა და ბალანსი. კომპანიის თითოეული წევრი საოცრად უფრთხილდება გარემოს და დისკრიმინაციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იმ რეალობაში, სადაც საქართველოში ისევ ვაწყდებით გენდერულ პრობლემებს, მეიჯერელში მმართველი გუნდის აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები შეადგენენ. რითაც ნამდვილად ძალიან ვამაყობ!

M: როგორ ზრუნავს კომპანია თანამშრომლებზე? პირადად, თქვენთვის რა შეიცვალა მეიჯერელში მუშაობის განმავლობაში?

ამ კითხვაზე პასუხი ერთი სიტყვით შემიძლია გაგცეთ. ყველაფერი! მგონია, რომ სულ სხვა ადამიანი ვარ. ბევრად უფრო მშვიდი, ასეთი სტაბილურობის განცდა აქამდე არცერთ სამსახურში არ მქონია. მიხარია და მიყვარს სამსახურში მოსვლა. ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწორედ აქ ვატარებ, და ზოგჯერ წასვლაც არ მინდა. ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. როდესაც რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ხარ და უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია, იცი შენ უკან ძალიან ბევრი თანამშრომელი და მათი ოჯახები დგას, არ გაქვს მოდუნების უფლება და საშუალება. ამას გარდა, ყოველ დღე ვხედავ წინსვლისა და წარმატების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტი ენერგიით მავსებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა