ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მარკეტერი, სალომე იმედაშვილი Amazon-ის მარკეტინგის უფროსი მენეჯერი გახდა. ამ საკმაოდ სასიხარულო მოვლენის შემდეგ, კი გადავწყვიტეთ, უფრო კარგად გაგვეცნო სალომე და არამხოლოდ ამაზონზე, არამედ მთელი მისი ცხოვრების შესახებ მოგვეყოლა.
როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ენაწყლიანი რესპონდენტი გამოდგა და თავისი არაერთი მიღწევის შესახებ ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა. სანამ კითხვას დაიწყებდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ გოგო, რომელზეც გიყვებით, მარკეტინგშიც ისევეა გათვითცნობიერებული, როგორც ტექნოლოგიებში და არნახული გამოცდილებების ფონზე, იმაზე საამაყო ემიგრანტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვიდრე მაშინ ჩავთვალეთ, როცა ამაზონის შესახებ შევიტყვეთ.
სალომე
სალომე არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად სადღაც ეჩქარება. სულ მაქვს გეგმა, საქმე და აქედან გამომდინარე, ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” რომ არის ნაწარმოები, იქაურ პერსონაჟს – კურდრელს ვამსგავსებ საკუთარ თავს. ვარ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც სულ რაღაც საქმეშია ჩართული.
ბავშვობა
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა მძიმე 90-იანებს უკავშირდება, მაინც ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, რაც მთლიანად ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა გარეთ არსებულ რუხ სამყაროს თითქოს მიფერადებდნენ.
ჩემს ბავშვობაში ასევე ძალიან დიდი როლი ეკავა ჩემს აღმზრდელსაც, ლიუბას, რომელთან ერთადაც ჩემს საყვარელ ქვინის კონცერტებს ვუყურებდი კასეტებზე. ეს ჩემი ბავშვობიდან ერთ-ერთი საყვარელი მოგონებაა. ფაქტობრივად, დილის შვიდი საათიდან ამ კონცერტების ყურება იყო ჩემი დღიური და საყვარელი რუტინა.
მაინც ვფიქრობ, რომ 90-იანებში თითქმის არაფრის დანაკლისი მქონია. როგორც აღვნიშნე, ჩემი ოჯახი ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა. უცნაური პერიოდი იყო, გარეთ არ გავდიოდით, ბავშვები არ ვთამაშობდით. მე კი ამას თითქმის ვერ ვგრძნობდი ჩემი ოჯახის დამსახურებით.
განათლება
ბეჯითი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არა საკუთარ თავში ჩაკეტილი. საკმაოდ აქტიურად ვატარებდი სასკოლო პერიოდს მეგობრებთან ერთად. მიყვარდა სწავლა და სკოლიდან სახლში რომ მოვდიოდი, მაშინვე გაკვეთილებს ვმეცადინეობდი და შემდეგ გადავდიოდი ყველა სხვა საქმეზე. ჩემს ოჯახში ყოველთვის დიდი ფოკუსი იყო განათლებაზე და სწორედ ამიტომ, ჩემი ოჯახი ცდილობდა, თავისუფალი დრო მაქსიმალურად ცოტა მქონოდა.
სკოლის პერიოდს მოჰყვა უნივერსიტეტი. თითქოს ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა და ამიტომ არჩევნის გაკეთება არ გამჭირვებია. პატარობაშივე მქონდა გონებაში დალექილი, რომ მინდოდა, ვყოფილიყავი საქმიანი ქალი, რომელიც მაღალ, შუშებიან შენობაში იმუშავებდა. ალბათ სწორედ ამიტომ, უკვე ვიცოდი რომ ბიზნესის კუთხით მინდოდა წასვლა და ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
აბიტურიენტობისას უკვე განსაზღვრული მქონდა, რომ CSB-ში მინდოდა ჩაბარება, თუმცა, ისე დაემთხვა, რომ იმ წელს ბიზნესის ფაკულტეტის საფასური გაორმაგდა. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ისეთი მატერიალური შეძლება, რომ ამ გადასახადს გაწვდომოდა. ამ პერიოდში გადამრჩენლებად ბებია და ბაბუა მომევლინენ და მითხრეს, რომ რადგან ასე მსურდა აქ სწავლა, ისინი გახდებოდნენ ჩემი განათლების “სპონსორები”. კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ბებია-ბაბუა ერთვება ამ საქმეში და მეც მინდოდა, რომ მათი იმედები გამემართლებინა. და დღესაც, თუ რამეს მივაღწევ და მიხარია, სულ ჩემს ოჯახს ვუმადლი.
სამხრეთ კორეა
CSB-ს აქვს ასეთი წესი – მესამე კურსის პირველ სემესტრში კარგი რეიტინგის მქონე სტუდენტებს უშვებს საზღვარგარეთ. მე ვიყავი ჩემი რეიტინგით პირველ ოცეულში და მქონდა საშუალება, ამერჩია ქვეყანა და წავსულიყავი მეც რომელიმე ქვეყანაში. ამავდროულად, ჩემი მეუღლე, რომელიც მაშინ შეყვარებული იყო, რეიტინგში იყო პირველი და სრული დაფინანსებით ამერიკაში უშვებდნენ ერთი სემესტრით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მეც წავსულიყავი რომელიმე ქვეყანაში. ვიფიქრე, რომ ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობა კიდევ მექნებოდა მომავალში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სამხრეთ კორეა ამერჩია და აქ მესწავლა რამდენიმე თვე.
ამასთანავე, რადგანაც ჩემი სფერო ტექნოლოგიების მარკეტინგია, მუდმივად დაინტერესებული ვიყავი ტექნოლოგიებით. სამხრეთ კორეა კი ამ მხრივ ერთ-ერთი წინ წასული ქვეყანაა. თანაც ისე მოხდა, რომ ჩემს ჯგუფელ-მეგობრებთან ერთად მომიწია იქ წასვლა და კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილება იყო.
ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, როცა სხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად წავედი. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით სხვა 200 სტუდენტთან ერთად. სწავლის მხრივ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე – ძირითადად, პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ლექტორები მყავდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე, ალბათ კულტურული სხვაობების აღქმა და ინტერპრეტაცია იყო, რაც ადამიანს ძალიან ზრდის.
რაც მთავარია, ძალიან ბევრი სხვადასხვა ეროვნების მეგობარი დამრჩა, რომლებთანაც კონტაქტს არ ვწყვეტ.
ოცნებები
საერთოდ, მეოცნებე ტიპაჟი არასდროს ვყოფილვარ. ჩემს სურვილებს ოცნებებზე მეტად გეგმებს ვეძახდი ხოლმე. იმედით ვუყურებ ხოლმე მომავალს და მართლაც ნამდვილი იმედაშვილი ვარ. რაღაცაზე რომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მინდა, ეგრევე ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთო საიმისოდ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო.
პირველი სამსახური
ჩემი პირველი სამსახური იყო სტაჟირება “ბანკ რესპუბლიკაში”. არაჩვეულებრივად მახსენდება ეს პერიოდი, მყავდა არაჩვეულებრივი უფროსი, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ “იყავი პროფესიონალი”. ეს ნათქვამი რატომღაც ღრმად მაქვს გონებაში ჩარჩენილი და იმ დროიდან რთულ სიტუაციაში მოხვედრისას სულ ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე.
პირველი შემოსავლის წყარო
ჩემი პირველი ხელფასი იყო 600 ლარი ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში, რაც მაშინ საკმაოდ კარგ თანხას შეადგენდა. ამ თანხით არაფერი მიყიდია, მაშინვე დავიწყე შეგროვება და პირველი წლის დანაზოგით წავედი პარიზში.
ადამიანები, რომლებსაც ვუმადლი
ალბათ, ისევ და ისევ, ჩემი ოჯახი უნდა ვახსენო. ჩვენ ხომ, რაღაც მხრივ, მაინც პატრიარქალური საზოგადოება ვართ; ჰოდა, მე ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ არაფერი იყო ჩემთვის შეუძლებელი და ყველაფერი გამომივიდოდა. დამოუკიდებელ, გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანად გამზარდეს და ამაში განსაკუთრებული წვლილი აქვს მამაჩემს.
დიდი ბრიტანეთი
ჩემი მეუღლე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ხშირად უწევდა საზღვარგარეთ მივლინებებით წასვლა. 2014-ში კი მიიღო დიდი ბრიტანეთიდან შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე ფეხმოკიდებული ვიყავი და ჩემი საქმე მქონდა, გადავწყვიტე, მეც მასთან ერთად წავსულიყავი. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ ყველაფერი 0-დან უნდა დამეწყო სხვა ქვეყანაში. თუმცა, დღეს უკვე ძალიან ვუმადლი ჩემს მეუღლეს ამ შესაძლებლობას, რადგანაც, ერთ-ერთი მიზეზი/წინაპირობა, რის გამოც, ახლა აქ ვსაუბრობ, სწორედ დიდ ბრიტანთში წამოსვლა იყო.
ივლისში ჩამოვედი ბრიტანეტში და ოქტომბერში უკვე დავიწყე ერთ-ერთ ტექ სტარტაპში მუშაობა. ძალიან ნიშურ ბაზარს ეკუთვნოდა ეს სტარტაპი, ალბათ მსოფლიოში სულ 5000 ადამიანი იქნებოდა იმ პროდუქტის მომხმარებელი, რასაც ეს კომპანია უშვებდა. ჩემი, როგორც მარკეტერის როლი, კი ის იყო, რომ ეს კომპლექსური პროდუქტი უნდა ამეღო და ადვილად აღსაქმელ პროდუქტად მექცია.
მინდა აღვნიშნო, რომ უცხო ქვეყანაში გადმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივებისნაირად საუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ 6 წლიდან ვსწავლობდი ინგლისურს, არც თუ ისე პატარა წინაღობა იყო ენობრივი ბარიერი. თანაც, ამას ემატებოდა ის, რომ ეს წმინდა ბრიტანული კომპანია იყო, მე კი მათი პროდუქტი მარკეტინგულად უნდა შემეფუთა მაშინ, როცა ჩემს ინგლისურში მთლად კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს.
ამ კომპანიაში 2 წლის განმავლობაში ვიმუშავე და მინდა ვთქვა, რომ მართლა უდიდესი გამოცდილება მივიღე.
მიღწევა
ბევრი მომენტი მქონია კარიერაში, როცა მიფიქრია, რომ რაღაცას კარგად გავართვი თავი. თუმცა, ზოგადად ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ და საკუთარი თავით კმაყოფილი ხშირად არ ვარ ხოლმე.
თუმცა, შემიძლია, გამოვყო რამდენიმე ისეთი მომენტი, რამაც მასიამოვნა. ერთ-ერთია Emarsys-ში მუშაობის პერიოდი, როცა თითქმის დაულაგებელი იყო მისი მარკეტინგი. ბრიტანეთს ტექ-კომპანიების კუთხით საკმაოდ კონკურენტული ბაზარი აქვს და მეც ამ კონკურენციაში მომიწია, ამეწყო მარკეტინგის სამსახური 0-დან. რითიც ვამაყობ ისაა, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, Emarsys-ის ბრიტანეთის ოფისი გახდა მთელი კომპანიის Best Performing ფილიალი. ანუ, ჩვენი ოფისი საუკეთესო იყო გაყიდვებით, რისი დიდი წილიც მარკეტინგზე მოდიოდა.
მეორე, რაც ასევე კარგად მახსენდება, უკავშირდება 2020 წელს სამუშაო ვიზის განახლებას. ვიზის აღება ხომ ყოველთვის საჩოთირო და პრობლემატურია.. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ბრიტანეთი ეძებდა გამორჩეულ ტალანტებს ტექნოლოგიების სფეროში. ჩემთვის ამ ამბავში მთავარი ხიბლი ის იყო, რომ ვისაც აირჩევდნენ, მას ვიზის და სამუშაო პრობლემა ეხსნებოდა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო ეს პროგრამა, თუმცა, შანსი წელიწადში მხოლოდ 200 ადამიანს ეძლეოდა. საამისოდ მზადება მარტში დავიწყე და 60 გვერდიანი აპლიკაცია მოვამზადე. და საბოლოოდ, მომცეს ეს სტატუსი.
Amazon
ზოგადად ამაზონს აქვს რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი პროცესი. პირველი ეტაპი არის CV-ს გაგზავნა, შემდეგ უკვე იწყება სატელეფონო ინტერვიუები – ჯერ გაქვს გასაუბრება HR-თან, შემდეგ უკვე დამსაქმებელ მენეჯერთან, რომელიც უკვე აფასებს, რამდენად გაქვს საჭირო ტექნიკური უნარები. ამ ინტერვიუების შემდეგ მქონდა რამდენიმე ტესტი/დავალება. ეს დავალებები მოიცავდა საკმაოდ სიღრმისეულ ტესტებს მათემატიკასა და ლოგიკაში და ასევე წერით დავალებას. ბოლო/გადამწყვეტი ეტაპი არის 5 საათიანი გასაუბრება 5 სხვადასხვა ლიდერთან. ეს ლიდერები კანდიდატებს აფასებენ სპეციალურად ამაზონის მერ შემუშავებული 14 ფასეულობის მიხედვით და გისვამენ სიტუაციურ შეკითხვებს. ამაზონის შემთხვევაში, პირველად ვნახე, რომ კომპანია ასე გაწერილად და მკაცრად მისდევდეს საკუთარ პრინციპებსა და ფასეულობებს.
საბოლოოდ, ამიყვანეს და დღეს უკვე ვარ სენიორ მარკეტინგის მენეჯერი ამაზონის ლოჯისტიკის მიმართულებით. აქვს ამაზონს ასეთი პროგრამა Delivery Service Partner, რომელიც თავიდან ამერიკაში ჩაეშვა. იმისთვის, რომ ამაზონმა თავი გაართვას უამრავ შეკვეთას და ახალ მომხმარებლებს, ცდილობენ რომ სადისტრიბუციო ქსელი დივერსიფიცირებული გახადონ. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ადამიანებს, შექმნან თავიანთი სადისტრიბუციო ქსელი და შემდეგ უკვე ამაზონის შეკვეთებზე იმუშაონ. რაც მთავარია, ამაზონი მათ უზრუნველყოფს ტრანსპორტით, ტრენინგებითა და ყველა საჭირო რესურსით. ჩემი როლი ამაზონში ისაა, რომ ამ პროგრამის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და ზოგადად როგორც ბრენდი, ეს პროგრამა უფრო პოპულარული გახდეს ევროპაში.
როდესაც ამიყვანეს, პირველ რიგში, გავოცდი, “ვაიმე, ეს მართლა მოხდა?” შეგრძნება დამეუფლა, რასაკვირველია, სიამაყის შეგრძნებაც მქონდა. თუმცა, მერე უკვე შიში დამეუფლა, რადგან ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და დიდი გამოწვევაა. მინდა, წარმატებით შევასრულო ჩემი საქმე და როცა მოვიხედავ ორი წლის შემდეგ, ვიფიქრო, რომ ამაზონის მასშტაბის კომპანიაშიც შევძელი და დავიმკვიდრე თავი.
ჰობი
ჰობიებით გატაცებული ადამიანი დიდად არ ვარ, რადგანაც, ზოგადად, ცოტა თავისუფალი დრო მაქვს. ჩემი მიზანი არის, რომ ვიყო კარგი თანამშრომელი, კარგი შვილი, კარგი მეგობარი, კარგი მეუღლე და დრო გამოვნახო იმისთვის, რომ დავურეკო მათ და ყოველდღიურად ხაზზე ვიყო. ჩემი დღეები გადის ისე, რომ მინიმალურ გარეშე საქმეებს ვასწრებ.
თუმცა, ძალიან მიყვარს ქარგვა და მაქვს საქარგი მოწყობილობები. საღამოობით, როცა დრო მაქვს, ვჯდები, ვქარგავ და ეს განტვირთვაში საკმაოდ მეხმარება.
ასევე, ვარ ფოტოგრაფიითაც ვარ გატაცებული თუმცა კი არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ პროფესიონალთან მიახლოებული ვარ. როცა სასეირნოდ გავდივარ, სულ ვიღებ ხოლმე.
რომ არა ეს პროფესია..
დღეს რომ ვიწყებდე კარიერას, ალბათ დეველოპერი ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ვიქნებოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სფერო გაძლევს შესაძლებლობას, არაფრიდან ააშენო და შექმნა ყველაფერი. მეორე ვარიანტში კი ალბათ ფსიქოლოგი ვიქნებოდი, რადგანაც მარკეტინგში ფსიქოლოგია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და ამ სფეროთიც დაინტერესებული ვარ.
სამომავლო გეგმები
როგორც აღვნიშნე, ეგაა ჩემი გეგმა, რომ დაკისრებულ ვალდებულებებს თავი წარმატებულად გავართვა და გრძელვადიან განვითარებაზე ვიფიქრო ამაზონში. ჯერჯერობით არსად მივდივარ, ისევ ლონდონში და ისევ ამაზონში ვიქნები. თუმცა კი, მაქვს სურვილი, სამომავლოდ დავუკავშირო ჩემი პროფესიული გზა საქართველოს.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე