in

სალომე ჯაფიაშვილი – თარჯიმანი 4 ენიდან

უკვე ორ წელზე მეტია, რაც სალომე ჯაფიაშვილი დამოუკიდებელი თარჯიმანია. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, მისთვის ეს საქმიანობა, წარმატებული, საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. პროფესიით ეკონომისტია, ISET-ის (International School of Economics at TSU) მაგისტრატურა აქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა. დღეს სალომე 4 ენის თარჯიმანია: ის რუმინულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად სინქრონულად, თანმიმდევრულად და წერილობით თარგმნის. მისი ენებისადმი მიდრეკილებისა და ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ სალომეს გავესაუბრეთ:

BOG
BOG

 

M: როდიდან გაგიჩნდათ უცხო ენების შესწავლის სურვილი?

პირველ კლასშივე მქონდა შეხება ინგლისურთან, გერმანულთან და რუსულთან. ენების სწავლა ძალიან მსიამოვნებდა და თან კარგადაც გამომდიოდა. თარგმნა შედარებით მოგვიანებით, მოკლე გერმანული მოთხრობებით დავიწყე. როცა პროფესიის არჩევის ჯერი დადგა, დიდ ხანს ვყოყმანობდი, ჩამებარებინა თუ არა უცხო ენების განხრით, თუმცა, საბოლოოდ, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი ავირჩიე, ალბათ იმის იმედით, რომ შემეძლო თარგმანს ყოველთვის მივბრუნებოდი.

M: როგორ ისწავლეთ ეს ოთხი ენა?

გერმანული სკოლაში („ქართული სასწავლებელი“) ვისწავლე. ასევე, სტუდენტობის დროს ერთი სემესტრი გერმანიაში იენის „ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში“ ვსწავლობდი, სადაც ლექციები გერმანულად და ინგლისურად მიტარდებოდა. ენებისადმი ჩემი მიდრეკილებიდან გამომდინარე, მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ პარალელურად ინგლისურიც მესწავლა და ახერხებდნენ, რომ კერძო გაკვეთილებზე ვეტარებინე; ინტერნეტმა და ფილმებმაც თავისი როლი ითამაშა. რუსულს რაც შეეხება, ქართულიდან რუსულად არ ვთარგმნი, მხოლოდ რუსულიდან ქართულად. ჩემი თაობის ადამიანებმა უმეტესად გარემოდან გამომდინარე ვისწავლეთ რუსული, ახლა ამ ენის ცოდნა სავალდებულო აღარ არის და ამ ამბავს მივესალმები. უცხო ენის სწავლა არჩევანი უნდა იყოს. 2014 – 2017 წლებში რუმინეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი და რუმინულიც ნაწილობრივ ჩემით, ნაწილობრივ იქაური მოკლე კურსების დახმარებით შევისწავლე. საინტერესო ენა აღმოჩნდა. შემდეგ „Kaufland“-ის სათაო ოფისში მუშაობისას მჭირდებოდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო დავხვეწე.

M: ამჟამად რას საქმიანობთ?

დღეს ჩემი მთავარი საქმიანობა თარგმანია, უფრო მეტად – სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი. რაც შეეხება წერილობით თარგმანებს, მათ შერჩევით ვაკეთებ: ვთარგმნი იმას, რაც ჩემთვის საინტერესოა… სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანის კუთხით, მომხმარებლებს ვთავაზობ თარგმნას კონფერენციებზე, შეხვედრებზე, ტრენინგებზე, ფესტივალებზე… ვმუშაობ მარტო, დამხმარის გარეშე და ზოგჯერ 6-7 საათიც. ღონისძიებამდე პასუხისმგებელი პირებისგან ყოველთვის ვარკვევ, რა თემაზეა თარგმანი, რომ საჭირო ტერმინოლოგიით მოვემზადო.

M: სინქრონული თარგმანის ხარისხს როგორ უზრუნველყოფთ?

თარჯიმნობა რომ გადავწყვიტე, სინქრონული თარგმანის სპეციალური კურსები გავიარე და სერტიფიკატიც ავიღე. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე სინქრონული თარგმანი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი საქმეა და მომხმარებელი ყოველთვის უმაღლეს ხარისხს ელის. სწორედ ამიტომ, ხარისხზე და თითოეულ ტერმინზე ყურადღების გამახვილება ჩემთვის პრიორიტეტია. იქიდან გამომდინარე, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუმინეთში ბევრ სხვადასხვა სექტორში ვმუშაობდი, ტერმინების საკმაოდ ფართო სპექტრით ვარ „შეიარაღებული“. ჩემთვის შედარებით უცხო, სპეციფიკური თემატიკის შემთხვევაში, განსაკუთრებით ვემზადები. თუ მასალა წინასწარ ხელმისაწვდომი არ არის, განრიგს ვეყრდნობი, რომ ვიცოდე, როდის რა თემაზე იქნება საუბარი და შესაბამისად მოვემზადო. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ სინქრონულ თარგმანთან დაკავშირებით ყოველთვის დადებით შეფასებას ვიღებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რომელ წარმატებულ პროექტებს გამოყოფდით თქვენი კარიერიდან?

ყველაზე წარმატებულ პროექტად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სინქრონულ და თანმიმდევრულ თარგმანს დავასახელებდი, ქართულიდან გერმანულად და პირიქით. ამ ღონისძიებისთვის თარგმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თანაც, ჩემი წვლილი „ფეოლას“ სცენარის ქართულიდან გერმანულად თარგმნითაც შევიტანე. საბედნიეროდ, შეფასებებიც ძალიან კარგი მივიღე.

მიღწევებში დავამატებდი CinéDOC-Tbilisi-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალსაც, სადაც 2 წლის განმავლობაში თანაწამყვანიც ვიყავი, სინქრონული, თანმიმდევრული და წერილობითი თარჯიმანიც და მოდერატორიც. კინემატოგრაფია და ეს ფესტივალი ძალიან მიყვარს და ამიტომ დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობ ხოლმე.

რუმინულის თარჯიმნად სამთავრობო შეხვედრებზეც ვყოფილვარ რამდენჯერმე. მოლდოვის მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან, პაველ ფილიპისგან რუმინული ენის ცოდნასთან დაკავშირებით საჯარო შექებაც დავიმსახურე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

ლიტერატურულ თარგმანს რაც შეეხება, დღემდე ინგლისური ენიდან ნათარგმნი მაქვს და უკვე გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში”: მერი დაუნინგ ჰანის, „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა” და რობერტ რ. მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება”, რომელიც 636 გვერდიანი წიგნია და მასზე ბევრი ვიმუშავე; გარდა ამისა, რუმინულიდან ვთარგმნე რუმინელი ფილოსოფოსის და მწერლის, მირჩა ელიადეს „მაიტრეი”, რომელსაც სულ მალე გამომცემლობა „ალეფი” გამოსცემს.

M: საკმაოდ რთული საქმიანობა გაქვთ არჩეული… რა სირთულეებს აწყდებით თარგმნის პროცესში?

როდესაც მეკითხებიან, სინქრონული თარგმანი დამღლელია თუ არა, ვპასუხობ, რომ რასაკვირველია არის, თუმცა, ამას მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ ვგრძნობ ხოლმე. თარგმნის პროცესი იმდენად სასიამოვნო და დინამიურია, რომ დაღლა არც მახსენდება.

მხატვრული ლიტერატურის თარგმანს რაც შეეხება, ეს შემოქმედებითი პროცესია და განსხვავებული სირთულეები ახლავს თან. როგორც წესი, გეგმას წინასწარ ვადგენ და ყოველდღიურად სათარგმნი გვერდების რაოდენობას ვსაზღვრავ, თუმცა, წიგნის თარგმანი განწყობას მოითხოვს – ერთ დღეს შეიძლება 15 გვერდი თარგმნო, მეორე დღეს – არც ერთი. საბოლოოდ, დროში აუცილებლად ვეტევი და შედეგითაც კმაყოფილი ვარ ხოლმე, მაგრამ სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადია.

M: ამჟამად რა ლიტერატურულ პროექტზე მუშაობთ?

არჩილ ქიქოძის „სამხრეთულ სპილოს” ვთარგმნი ქართულიდან რუმინულად და უნდა ვთქვა, რომ მასზე მუშაობა საკმაოდ სასიამოვნოა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნაწარმოები ძალიან მომწონს, მინდა ხარისხი რუმინულადაც შესაბამისი იყოს და დიდ დროს ვუთმობ, თუმცა, სინქრონულ და თანმიმდევრულ თარგმანზე ჩვეული რეჟიმით ვმუშაობ.

[R]

ბრიტანელმა სტუდენტმა, თევზის ნარჩენებისგან, პლასტმასას ალტერნატივა შექმნა

ბავშვები, რომლებსაც შობა არ უყვართ – Bris-ის ვიდეორგოლი