27
Jul
2018

პატარა დიდი აეროპორტი – სალომე ხატიაშვილის #აზრები

27 Jul 2018

M2


გვერდი, რომლის კონტენტსაც სიამოვნებით ვქმნით მეც და ჩემი დიზაინერიც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია. „კოპიტნარის“ სოციალური მედიის მართვა სამი წლის წინ ჩავიბარე, როცა შარკებში პირველად დავიწყე მუშაობა და შეიძლება ითქვას, ამ აეროპორტთან ერთად გავიზარდე, ასაკითაც და შინაარსობრივადაც. ბევრი ვისწავლე, ბევრი არამოსაწონიც გავაკეთე. მოკლედ, მგონია, რომ მხოლოდ სამსახურებრივად აღარ ვარ დაკავშირებული და ამიტომ, უფრო მეტად მიყვარს.

ამ სამი წლის განმავლობაში იცვლებოდა ჩვენი მიზნები და კონტენტ სტრატეგიაც. თავიდან საჭირო იყო აეროპორტის შესახებ ცნობადობის გაზრდა. შემდეგ ბევრი ახალი მიმართულება დაგვემატა და მომხმარებლისთვის გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ შეიძლება, ქუთაისიდან უფრო ახლოს იყოს ევროპა. საყვარელ და საოცნებო ადგილებს, რომელთა სანახავადაც მთელი წელი უნდა გეგროვებინა ფული, ახლა მხოლოდ 50 ევრო გაშორებს. გაცილებით გამარტივდა და გაიაფდა მოგზაურობა.ჩვენ არ ვეუბნებით მომხმარებელს, რომ 20 აგვისტოს ბილეთებზე ფასდაკლებაა და შეიძინონ. პრინციპში, ეს არც არის ჩვენი საქმე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ განწყობა, სასიამოვნო გამოცდილება, რომელიც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული. შეგიძლია, კვირის ბოლოს აიღო შვებულება და დარწმუნდე, რომ შენი ოფისიდანაც მიდის გზა რომში, თანაც ქუთაისის გავლით.

აეროპორტი კი მოგცემს რჩევებს, როგორ დაგეგმო მარშრუტი, რა წაიკითხო ფრენისას, როგორ შეიძინო ბილეთი იაფად, მოგაწვდის იდეებს სანახაობრივად საინტერესო ადგილების შესახებ, ცოტას ტურბულენტობაზეც გიამბობს ან იმაზე, თუ რისი ჩადება შეგიძლია ხელბარგში. შენ კი, უბრალოდ, იმოგზაურე.  ჩვენ ვიქნებით შენი ფანჯარა ევროპაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გვერდი ფეისბუკის Audience Insights-ების მიხედვით, მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობით, საქართველოში მეორე ადგილზეა. როგორც წესი, მხოლოდ მასიური მოხმარების პროდუქტები უსწრებს, მაგალითად, კვება ან ტანსაცმელი.  კონტენტ მარკეტინგი ტრადიციული რეკლამისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მომხმარებლებს სთავაზობს ღირებულ და რელევანტურ ინფორმაციას – კონტენტს. უამრავი გზით შეუძლიათ ადამიანებს რეკლამების დაბლოკვა, იქნება ეს ad blocker-ები თუ უბრალოდ, თავის არიდება. გაიხსენეთ, რამდენი სარეკლამო მესიჯი მოგდით მობილურზე ყოველდღე და რამდენ მათგანს კითხულობთ. მომხმარებლები მარტივად აიცილებენ იმ ინფორმაციას, რაც არ აინტერესებთ.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კონტენტის შექმნა და გავრცელება სწორი ანალიტიკით ბრენდებისთვის ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ ტრადიციულ მედია საშუალებებთან შედარებით დაბალ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მრავალფეროვან შესაძლებლობებსაც იძლევა. ერთი და იმავე ამბავს შეგიძლია, უამრავი სხვადასხვა გზით მოჰყვე, იქნება ეს ფოტო, ვიდეო, 360 ფოტო და ვიდეო, პირდაპირი ჩართვა, კანვასი თუ სხვ. სოციალური მედია კი განსაკუთრებით ბევრ ხელსაწყოს გვთავაზობს იმისთვის, რომ პირდაპირი და აგრესიული გზით არ დავაძალოთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტის შეძენა.

სალომე ხატიაშვილი – სოციალური მედიის მენეჯერი, Socialsharks

კონტენტის შექმნისას მნიშვნელოვანია მომხმარებლის მოსმენა. მათგან ვიგებ, რა აინტერესებთ, რის შესახებ წაიკითხავდნენ ინფორმაციას და ხშირად ბევრ საინტერესო იდეასაც მაწვდიან.

კონტენტ მარკეტინგს, ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს შედეგების მისაღწევად, თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ თუ საკმარის ძალისხმევას ჩადებთ, შედეგი უფრო მყარი და ღირებული იქნება, მომხმარებელი კი მეტად ლოიალური.

განხილვა