in

სალომე ქოქოსაძე – #პირველისამსახური

როდესაც ჩემს პირველ სამსახურზე ვფიქრობ და მერე მომდევნოებსაც ვიხსენებ, მიჩნდება შეგრძნება, რომ ჩემი საქმიანობა იმ დიდი ნდობის ისტორიაა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანმა გამომიცხადა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამსახურში აყვანისას და შემდეგ, უშუალოდ მუშაობის პროცესშიც, თუ თანამშრომელს ენდობი, ნიშნავს, რომ მას პროფესიულ ზრდაში ეხმარები. ჰოდა, მოყოლასაც არა პირველი სამსახურით, არამედ ჩემთვის პირველი ნდობის გამოცხადებით დავიწყებ.

 

ESM-ში მე-2 კურსის სტუდენდი ვიყავი, როდესაც მე და ჩემი ჯგუფელი შეგვარჩიეს პროექტზე სამუშაოდ. მაშინ კვლევითი სამუშაოს ჩატარება მანდეს. მახსოვს, ერთი თვის განმავლობაში, მთელი თბილისი მოვიარეთ, 100-ზე მეტი ინტერვიუ ჩავწერეთ, ვიზუალური მასალა შევაგროვეთ და დამკვეთისთვის ლამაზგრაფიკებიანი, ინფორმაციით დახუნძლული საპრეზენტაციო დოკუმენტი გავამზადეთ. პირველი ნდობის გამოცხადებამ პირველი ჰონორარი – 200 ლარი მომიტანა.

შემდეგ კი უკვე გრძელვადიანი სამსახური იყო. ჯერ ისევ მე-2 კურსის სტუდენტმა მუშაობა სარეკლამო სააგენტო “ვიზარდში” დავიწყე. მართალია, ნახევარ განაკვეთზე ვიყავი, მაგრამ სახლში უმეტესად გვიან ვბრუნდებოდი, ცოტა ხნით ვიძინებდი და მერე მეცადინეობას ვიწყებდი. იმ დროს, ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე და გამოცდილებასთან ერთად, საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა შევიძინე.

“ვიზარდშიც” და იმ ორგანიზაციებშიც, რომლებშიც მერე ვიმუშავე, ხშირად ვიღებდი საკუთარ თავზე იმ საქმეს, რომლის გამოცდილებაც არ მქონდა. იმის გამო, რომ რაღაცის კეთება არ ვიცოდი, უკან არ ვიხევდი, საინტერესო ინიციატივებსა და გამოწვევებზე უარს არ ვამბობდი.

“ვიზარდის” შემდეგ კი, “თიბისი” და ბანკი “რესპუბლიკა” იყო, რასაც “ტერაბანკის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება მოყვა. “ტერაბანკის” მიერ ნდობის გამოცხადება ჩემთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ როცა სამსახურში ამიყვანეს, ორსულად ვიყავი.

ამ მოკლე ისტორიის მკითხველებს გისურვებთ, რომ ხშირად გამოეცხადებინოთ თქვენთვის ნდობა და თქვენც ყოველთვის გაგემართლებინოთ ის.

სალომე ქოქოსაძე – “ტერაბანკის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Samsung-ის 8 პოლუსიანი S-Inverter ტექნოლოგიის კონდიციონერი, რომელიც სწრაფად აგრილებს და ელექტროენერგიას ზოგავს

Google-ის ახალი პლატფორმით, კომპიუტერიდან ანდროიდზე იმესიჯებთ