14
ნოე
2017

სალომე კუკავა – #პირველისამსახური

14 ნოე 2017

თებერვლის ერთ სუსხიან დილას, შუახნის მამაკაცის სატელეფონო ზარი მაღვიძებს:
⁃ გამარჯობა, სალომე ბრძანდებით?
⁃ დიახ, – ვპასუხობ მძინარე ხმით.
⁃ სალომე, გავიგე, ინგლისური კარგად გცოდნიათ…
მმ… თავი ამაყად წამოვწიე..
⁃ დიახ! – მივუგე წარბშეუხრელად.
⁃ მაშინ თუ არ შეწუხდებით, გასაუბრებაზე გელოდებით რუსთავის მეტალურგიულ ქარანაში, ხვალ 10 საათზე.

BOG PLUS

ცოტა ხანს გაოგნებული ვიჯექი. რეზიუმე არსად მქონდა გაგზავნილი, მეტიც, რეზიუმეს შედგენაც კი არ ვიცოდი, არც მიფიქრია, რომ სამსახური უნდა მეძებნა, 16 წლის ვიყავი, პირველ კურსზე რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა სწავლა, თუმცა პირველ გამოწვევას სიხარულით შევხვდი და მეორე დღესვე გამოვცხადდი რუსთავში. გასაუბრება მქონდა ზუსტად ორწუთიანი, იმავე ადამიანთან, ვინც ტელეფონზე მესაუბრა. ბევრი არც არაფერი უკითხავს, ინლისური აქ არავინ ვიცით და მაინც ვერ შეგამოწმებთო, ამიტომ დღეს ბრიტანელი არქიტექტორი ჩამოდის თბილისში და უნდა დახვდე აეროპორტში, მიდი, მიდი, მიხედე საქმესო, ჩამსვეს მანქანაში და წავედი აეროპორტში, იმის კითხვაც კი ვერ მოვასწარი, ვინ გამიწია რეკომენდაცია, დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოხვდი ამ კომპანიაში, “ის კაცი” მას შემდეგ არ მინახავს, შესაბამისად, არც ვიცი, მადლობა ვის გადავუხადო.

აეროპორტში დავხვდი ბრიტანელ არქიტექტორს, კომპანია Atkins-დან, რომლის თარჯიმანიც ვიყავი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, დავყვებოდი რუსთავის ქარხანაში, ვხვდებოდით მუშებს, რომლებიც დეტალურად უხსნიდნენ ქარხნის მუშაობის სპეციფიკას, ყველაზე რთული სპეციფიკური ტერმინოლოგიის თარგმნა იყო, რომელიც ქართულადაც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, ამიტომ პირველი კვირა ჟესტების ენით გადავატარეთ.

თუმცა ყველაფერი ძალიან მარტივად გაგრძელდა, ბრიტანელს ამერიკელი არქიტექტორები დაემატნენ და შემდეგ მათ ვუთარგმნიდი ერთმანეთის საუბარს, რადგან ბრიტანულ-ამერიკული აქცენტის გამო, ვერ უგებდნენ ერთმანეთს.

პირველი სამსახური ძალიან სახალისო გამოდგა ჩემთვის, მძღოლი მემსახურებოდა და ხელფასიც ჩემი ასაკისთვის საკმაოდ მაღალი მქონდა, ამიტომ მომავალი კარიერაც მარტივად დავგეგმე და გავთვალე, დიდი გეგმებითა და მოლოდინებით.

სალომე კუკავა – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

განხილვა