სამსახურის დაწყება თუ საქმეში ანაზღაურების მიღებას ნიშნავს, მაშინ ეგ, დაახლოებით 15 წლის წინ, აგვისტოში, ფუტკრის მოსავლის აღებისას იქნებოდა პირველად. ფიჭის ათლაში დღეში 10 ლარს მპირდებოდა მამაჩემი. არ მახსოვს რაში ვხარჯავდი, შეიძლება არც მიხდიდა, მაგრამ ნამდვილად ვმუშაობდი. თუ ეს არ ითვლება, მაშინ პირველი ან თითქმის პირველი სამსახური Betterfly / DDB Georgia-ში იყო. მესამე კურსზე ვიყავი, ESM-ში კონცენტრაციად უკვე არჩეული მქონდა მენეჯმენტი, ოპერაციების მენეჯმენტში ვგეგმავდი ჩაღრმავებას და მარკეტინგის საგნებს მხოლოდ რეზო ჩარკვიანის ხიბლით გავდიოდი.
უნივერსიტეტის საერთო მეილზე Betterfly-ისგან ვაკანსია რომ მივიღეთ, ლამის მთელმა კურსმა გავაგზავნეთ რეზიუმეები. მეც ვცადე, ექაუნთ მენეჯმენტს რადგან მენეჯმენტი ერია და გავგზავნე cv, რომელშიც ალბათ ისიც კი ეწერა, მუსიკალური შვიდწლედი რომ დავამთავრე, იმიტომ, რომ არ ვიცი, სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩაწერილი. გასაუბრებაზე დამიბარეს. შევხვდი დათო ჯაშს, რომელიც იქვე გავიგე, დირექტორი რომ ყოფილა. მოვუყევი ჩემზე, რომ მენეჯმენტის კონცენტრაცია ავირჩიე, განსაკუთრებით ოპერაციების მენეჯმენტი მაინტერესებს, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის აზრი ძალიან მხიბლავს და კიდევ რაღაცეები, რაც ვიფიქრე, უნდა მეთქვა. რამდენიმე წუთში დამთავრდა ეს ჩემი გასაუბრება. დავიწყეთ საუბარი. მოვუყევი როგორ მადარდებდა რომ დედამიწა მრგვალია და რომ მშურს მაგელანამდელების რომლებიც ოკეანეში ისე მიცურავდნენ სჯეროდათ, ახალ კიდეს მიაღწევდნენ და კიდევ რაღაცები, რა – აღარ მახსოვს, მაგრამ გულწრფელად რომ ძალიან მაღელვებდა, ეგ – კი. მშვენიერი დრო გავატარეთ, მე ეგრე დამამახსოვრდა ყოველ შემთხვევაში და აქედან რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს რომ კრეატივის გუნდს უნდა შევერთებოდით. ცხადია დავთანხმდი და ასე დასრულდა ჩემი ოპერაციების მენეჯმენტის არშემდგარი კარიერა.
თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე Betterfly-ის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. პირველად მოვხვდი გადასაღებ მოედანზე, პირველად შევესწარი იდეებიდან კამპანიის შექმნის სრულ პროცესს, ყველა მიმდინარე პროეტში ჩავერთე, ყველაფერი, რასაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი მაგალითებზე გამოვცადე. ძალიან გამიმართლა რომ ბაჩო მებურიშვილის კრეატიულ გუნდში მომიწია ყოფნა. იმდენად ვიყავი (და ვარ) მისით აღფრთოვანებული, რომ დათანხმების გარდა, ცოტა თუ შევმატე ჩვენს გუნდს და შედეგებს. მე რა შევიძინე, მაგაზე ბევრის თქმა შემიძლია, სააგენტოს სამუშაო პროცესების გარკვევიდან მეგობრობამდე, მაგრამ მთავარი მაინც ფიქრზე ფიქრია. მანამდე მე ძირითადად რაღაცეები მაფიქრდებოდა ან ვფიქრობდი ხოლმე, აი მოფიქრება კი უცხო იყო ჩემთვის. ახლა, როცა შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობის მეტი გამოცდილება მაქვს და ამ მომენტში, ამასაც კინოსკოლაში ვწერ, მოფიქრების პროცესს ბევრად ნათლად ვხედავ, მაგრამ მაშინ ეს მხოლოდ იღბალი და შემთხვევითობა იყო. ალბათ, ამიტომაც ჩემი სტაჟირება არ გაგრძელდა თანამშრომლობის ახალ ფორმაში და მახსოვს, როგორ განვიცადე, როცა ბაჩომ ამის შესახებ მითხრა. არ ვიცი როგორ, მაგრამ სწრაფად გადავამუშავე ეს პირველი წარუმატებლობა და არც ის ვიცი, რა ცოდნით, მაგრამ მაშინვე ცხადი იყო ჩემთვის რომ არც იყო წარუმატებლობა. ალბათ, ასეთ ტექსტებს ისინიც კითხულობენ, ვინც პირველ სამსახურში არიან ან მალე იქნებიან. ბოდიში, სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ ამდენი იმიტომ მოვყევი, რომ მათთვის მეთქვა:
გამარჯობა,
იმედია, გასაუბრებებზე საუბრობთ კიდეც.
იმედია, სწავლობ, გასწავლიან, გეშლება, ასწორებ, ცდილობ, გეხმარებიან, არ იცი, იგებ, ისევ არ იცი, იგებ, ვერ იგებ, ხვდები, იცი, ვერ იგებ, ვერ იგებ, არ გამოდის. (თანმიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს, მონაცვლეობას – არსებითი)
თუ არა, მეორე სამსახური, გეთაყვა!
სალომე კუპრაშვილი – cavea+-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი