in

„სატელევიზიო ინდუსტრიას განვითარება სჭირდება. . . ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი ძალა“

გადაცემა „ნიჭიერი“, „იმედის“ ეთერში, პირველ სატელევიზო სეზონს ასრულებს. ამ პროექტის გარდა, „რუსთავი2“-ის შემდეგ, არხზე, სხვა გადაცემებიც გავა. როგორ განვითარდა მოვლენები ერთი კონკურენტი არხიდან მეორეზე გადასვლის შემდეგ, არის თუ არა „იმედზე“ სატელევიზო შოუები ისეთივე რეიტინგული და რა გეგმები აქვს გუნდს?! „რუსთავი2“-დან გადასვლის შემდეგ პირველად, ამ და სხვა თემებზე „ნოვა ფროდაქშენსის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ლილუაშვილმა „მარკეტერთან“ ისაუბრა.

სალომე ლილუაშვილი: ამ ზაფხულს ჩვენი ჯგუფი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა – ეს იყო ერთი დაპირისპირებული არხიდან მეორე არხზე გადასვლა. გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ  პირველსავე მეგა შოუს, რომელსაც „იმედზე“ გავუშვებდით, ემუშავა ზუსტად ისეთივე წარმატებით, როგორც ეს იყო „რუსთავი2“-ის შემთხვევაში იყო. „იმედზე“ გადასვლისთანავე, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური სატელევიზიო პროექტი „ნიჭიერი“ დავიწყეთ. დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს „ნიჭიერის“ მორიგი, ძალიან  წარმატებული სეზონია. ეს შედეგები ციფრებში ოფიციალურადაა წარმოდგენილი. „ნიჭიერს“, ამ დრომდე,  კონკურენტი კვლავ არ ჰყავს – ყოველწლიურად ჩვენივე შედეგებს ვაუმჯობესებთ.

M: კონკურენტ არხზე გადახვედით, რა სირთულეები ახლდა ჯგუფის არხიდან არხზე გადასვლას?

ცენტრალური უბნებიდან დიღომში სიარული, სხვა სირთულე არ მოჰყოლია. ეს ხუმრობით. რეალურად კი,  გუნდის არცერთი წევრი არ აჰყოლია იმ უსამართლო, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელიც „ნოვა ფროდაქშენსის“ „რუსთავი2“-დან „იმედზე“ გადმოსვლას მოჰყვა და ამ დრომდეც პერმანენტულად გრძელდება.

M: „იმედზე“ გადასვლისას რა მოლოდინი გქონდათ და გამართლდა თუ არა შედეგი?

ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ იმ სავარაუდო რისკების შესახებ, რაც „რუსთავი2“-დან „იმედზე“ გადასვლას შეიძლებოდა, მოჰყოლოდა. მოლოდინი და შედეგი კი აბსოლუტურად ჩვენს სასარგებლოდ გამართლდა. ახლა უკვე, ოფიციალური მონაცემებით, „იმედი“ რეიტინგულად და კომერციულად პირველი არხია. თუ სარეკლამო ბაზრის წილი იყო 55%-45%-ზე „რუსთავი2“-ის სასარგებლოდ, ჩვენი გადმოსვლიდან ზუსტად 4 თვეში ეს ციფრები პირდაპირპროპორციულად შეიცვალა „იმედის“ სასარგებლოდ. ანალოგიური სიტუაციაა ყურებადობის მხრივ. 

M: „რუსთავი 2“-ზე თქვენი გადაცემები ძალიან რეიტინგული იყო. ამ შემთხვევაში როგორია მაჩვენებლები? 

„რუსთავი2“-სა და „იმედს“ შორის  რეიტინგებში გადამწყვეტი ყოველთვის „ნიჭიერი“ იყო და არის. სატელევიზიო რეიტინგების ყველა ოფიციალური დამთვლელის მიხედვით, „ნიჭიერის“ რეიტინგები სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე მაღალია. როდესაც „ნიჭიერი“ „რუსთავი2“-ის ეთერში გადიოდა, სეზონების განმავლობაში, არხზე განთავსებული ყველა სატელევიზიო პროდუქტის რეიტინგი ჩვეულებრივზე მაღალი იყო. და როგორც უკვე გითხარით, ამის ოფიციალური მონაცემები არსებობს.  რასაკვირველია, წარმატებული პროდუქტის „იმედის“ ეთერში განთავსება არხის რეიტინგებზეც მკვეთრად აისახა.

M: როგორ შეხვდნენ კომპანიები ამ ცვლილებას? რეკლამის განთავსების, სპონსორობისა და სხვა მსგავსი შეთავაზებები შემცირდა თუ გაიზარდა? რა ვითარებაა ამ კუთხით?

„ნიჭიერი“ ჩვენი გუნდის კომერციულად წარმატებული პროექტია. არხზე გადმოსვლიდან ზუსტად სამ თვეში, სულ რაღაც ორი სატელევიზიო პროექტით და მხოლოდ ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურებით,  შემოსავალი 1 მილიონ ლარამდე გავზარდეთ. რაც შეეხება ფასებს – გამომდინარე პროექტის მაღალ რეიტინგულობიდან, ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების ღირებულება სხვა გადაცემებთან შედარებით, მაღალია. თუმცა, სარეკლამო ჭრებში რეკლამის სტანდარტულ განთავსებასთან მიმართებაში – დაბალი.  ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურება დამკვეთებისთვის ძალიან მომხიბვლელია, გამომდინარე მისი სპეციფიკიდან – ბრენდის თუ პროდუქტის შინაარსში კონტექსტურად ინტეგრირება მაყურებლისთვის გაცილებით უშუალო და საინტერესოა. შესაბამისად, მაყურებელი პროდუქტს ძალიან ბუნებრივად იღებს და ეჩვევა. რადგან კონტენტთან გვაქვს საქმე, ჩვენც ვცდილობთ, სწორად შევარჩიოთ დამკვეთი და ჩვენი პროექტების მეშვეობით მაყურებელთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება წამყვან, სანდო და წარმატებულ კომპანიებს მივცეთ. მესამე წელია, უშუალოდ ვხელმძღვანელობ ამ მიმართულებას. მუდმივად ვინტერესდები ე.წ. ფიდბექით და ყველა დამკვეთს ვთხოვ შედეგებს – როგორ აისახა ჩვენს პროექტებში აქტივობა ბაზარზე მათი პროდუქტის მოთხოვნაზე. ყველა პარტნიორი კომპანიის შემთხვევაში, ბაზარზე არსებულ კონკურენტ კომპანიებს შორის ლიდერი ხდება ის, რომელიც მეგა პროექტშია ინტეგრირებული. შესაბამისად, ეს დამკვეთ კომპანიებზე კომერციულადაც ეფექტურად აისახება. 

M: როგორი შედეგები აქვს გუნდს „დიჯითალის“ მიმართულებით?

„ნიჭიერის“ ფეისბუქის გვერდი ქართულ შოუებსა და სხვა ფეიჯებს შორის პირველია მომხმარებლების რაოდენობით. ყოველდღიურად ასი ათას უნიკალურ მომხმარებელზე მეტი აქტიურად ერთვება კონტენტში რეაქციების, გაზიარებებისა და კომენტარების სახით. ყოველთვიურად ჩვენს კონტენტს 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ადევნებს თვალ-ყურს. „ნიჭიერის“ ბოლო სეზონის დაწყებიდან დღემდე ჩვენს ფეისბუქ და YouTube არხებზე ატვირთულ ვიდეოებს 61 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რაც მთავარია, პარტნიორი კომპანიებისთვის  ჩვენს სოციალურ მედიაში ინტეგრირება ბენეფიტია, რომელსაც ინტენსიურად იღებს.

M: თქვით, რომ უცხოელი პარტნიორები შესაძლო რისკებზე საუბრობდნენ. როგორია პროექტების საერთაშორისო გამოხმაურება?

ნოვა ფროდაქშენზი“ აქტიურად თანამშრომლობს CBS- სა და  Fremantlemedia-სთან. ეს არის საერთაშორისო სატელევიზიო ბაზრის ორი უმსხვილესი კომპანია, რომელიც ბევრი წარმატებული  პროექტის საავტორო უფლებებს ფლობს. მათი შეფასებებით, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი დიდი ქვეყანა ჩვენს მიერ შექმნილი ლიცენზირებული პროდუქტების ვერსიას ხარისხით კონკურენციას ვერ უწევს.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. გუნდმა ბალანსი ძალიან მოკლე დროში რადიკალურად შეცვალა, „იმედის“ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი მიზანი, ამბიცია და გამოწვევა კიდევ უფრო მასშტაბურია – სატელევიზიო ინდუსტრიას განვითარება სჭირდება. ამ ინდუსტრიის განვითარების გზაზე ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი ძალა. რაც შეეხება უახლოეს სიახლეს, 31 დეკემბრიდან „იმედის“ ეთერში მაყურებლისთვის ძალიან საყვარელი გადაცემა „ექიმები“ იწყება. ხოლო, ახალი სეზონიდან ვიწყებთ მორიგ, წარმატებულ მეგა შოუს. რაც მთავარია, მადლობა მაყურებელს ერთგულებისთვის, პარტნიორ კომპანიებს – თანამშრომლობისთვის. მადლობა ამ საუკეთესო შედეგისთვის ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის ყოველ წევრს. განსაკუთრებული მადლობა „იმედის“ გუნდს – ჯანსაღი დამოკიდებულებებისა და პროფესიონალიზმისთვის. ახალ წელს გილოცავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრ კარგ სიახლეს და ახალი გამოწვევების წარმატებით გადალახვას გისურვებთ!

რა გვასწავლა 2017-მა წელმა? – თორნიკე გურულის #აზრები

რა გვასწავლა 2017-მა წელმა? – გიგა ხატიაშვილის #აზრები