14
Mar
2018

კიდევ ერთი ქართველი Balenciaga-ში! სალომე სულავას კარიერა ფრანგული მოდის სახლში

14 Mar 2018

„მოდა მართვადი ეპიდემიაა, გამოცდილება ამ სფეროში იძლევა იმ სადავეებს, რომლებიც ყოველდღურად გვეხმარება შევქმნათ ან გავაახლოთ საკუთარი პერსონა, იმდენჯერ რამდენჯერაც ამას მოვისურვებთ“, – გვითხრა სალომე სულავამ, ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს გაყიდვების ასისტენტმა. მისი შეხება მოდის ინდუსტრიასთან დაახლოებით, 8 წლის წინ დაიწყო, Balenciaga-ში კი 2017 წლის აგვისტოდან მუშაობს, ამავდროულად, იგი სტუდენტია და ნიცაში, ეკონომიკის შემდეგ, ინფორმაცია-კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობს. მასთან ინტერვიუსას შევიტყვეთ დეტალები მოდის სახლის კრეატიული დირექტორის – დემნა გვასალიას შესახებ, ასევე, ის, თუ რა გზა გაიარა ქართველმა სტუდენტმა Balenciaga-ში მუშაობამდე:

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

M: როგორი იყო თქვენი დებიუტი მოდის სფეროში და რა გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით, „ბალენსიაგაში“ მოხვედრამდე?
გამოცდილება აბსტრაქტული ცნებაა, როდესაც ვსაუბრობთ მოდაზე, ჩვენ მას ყოველდღიურად ვიძენთ და ვაახლებთ. ჩემი პროფესიული განვითარება მაღალი მოდის სფეროში, თბილისის მოდის კვირეულს უკავშირდება, რომელიც ღირსეულად გაიხსნა, ქალბატონ მაკა მეტრეველისა და ბატონ დავით ბაქრაძის კურირებით; თბილისში შედგა ფიესტა, როგორც ფრანგმა მოდის კრიტიკოსებმა უწოდეს ამას. მაშინ, მე 18 წლის გახლდით, ვმუშაობდი თარჯიმან-სინქრონისტად, ვაცნობდი ქვეყნის ისტორიას, მოდის განვითარების ეტაპებს საქართველოში, ასევე, პოლიტიკურ მდგომარეობას, საფრანგეთის წარმომადგენლებს, ბატონ დავით ბაქრაძეს კი ვუზრუნველყოფდი სრული ინფორმაციით, ფრანგულიდან ქართულ ენაზე. ვხვდებოდით თითოეულ ქართველ დიზაინერს, რომლებიც ღირსეულად წარადგენდნენ ქვეყანას ფრანგებთან. ეს იყო ჩემი დებიუტი მოდის სფეროში.

M: რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეგარჩიეს „ბალენსიაგას“ თანამშრომლად, ან რა პროცედურა გაიარეთ ამისთვის? 
„ბალენსიაგაში“ მოვხვდი ჩემი საუკეთესო მეგობრის მეშვეობით, რომელმაც მამცნო არსებული ვაკანსიის შესახებ. მონაკოში დირექტორის ასისტენტს საჭიროებდნენ, რომელიც იქნებოდა გაყიდვების სპეციალისტი, ექნებოდა მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება მოდის სფეროში, იქნებოდა პოლიგლოტი და ბევრი სხვა პიროვნული დეტალი თუ შტრიხი იყო საჭირო. არ გამიგზავნია CV, პირდაპირ ავკრიფე ქალბატონი ბრუნოს ნომერი და ვუთხარი, რომ ვიყავი სალომე სულავა, ქართველი სტუდენტი, მან შემაწყვეტინა და იმ დღესვე დამიბარა გასაუბრებაზე. როგორც წესი, გასაუბრება 40 წუთზე მეტხანს არ გრძელდება, გასაუბრებაზე 2 საათის განმავლობაში ვიყავი. ჩემი დირექტორი აღმოჩნდა ჩემი თანამოაზრე, გასაუბრებამ ტრიუმფით ჩაიარა და მითხრა, რომ დამიკავშირდებოდნენ მომავალი 1 კვირის განმავლობაში. ასეც მოხდა, გაისმა ზარი, პარიზიდან მირეკავდა ბალენსიაგას DRH, დამითქვა რანდევუ, მითხრა, რომ ჩემი კანდიდატურა მონაკოს დირექტორის მეშვეობით გადაეცა, რომ ძალიან მოხარულია გუნდში ქართველი გოგონას არსებობის პერსპექტივით. გავიარე რიგით მეორე გასაუბრება, რომელიც მიმდინარეობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენაზე, სკაიპის მეშვეობით. მიუხედავად გასაუბრების სირთულისა, ის წარმატებით დასრულდა. დამირეკეს მესამე დღეს და მითხრეს, რომ შევუერთდებოდი არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც სიყვარულით მელოდა.

M: როგორც მონაკოს ფილიალის გაყიდვების ასისტენტს, რა შეხება გაქვთ დემნა გვასალიასთან, როგორც „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორთან?
დემნა გვასალია ქმნის ხიდს, რომელიც უშუალოდ გადის მისი პიროვნებიდან დეფილეებზე, ეს სასწაულს ჰგავს, რომელიც ხილულია, ჩვენ მასთან ყოველდღიური შეხება გვიწევს, საათობით ვსწავლობთ და ვეცნობით თითოეული პროდუქციის წარმომავლობას, ისტორიას მუზასა და ინსპირაციას, რომ ფართო მასშტაბური ცოდნით უზრუნველვჰყოთ „ბალენსიაგას“ მომხმარებლები. დემნასთან, როგორც კრეატიულ დირექტორთან პირდაპირი კვეთა არსებობს, ეს მეილების გავლით ხდება, ის ყოველდღიურად ეცნობა მეილებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისდის. ჩვენ მას შეგვიძლია შევხვდეთ fashion week-სა და ფორმაციებზე, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს და გარდა ამისა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს დემნა. მაშასადამე, მისი პროდუქციაც ცოცხალი კოსმოპოლიტია.

M: როგორია თქვენი პროფესიული სამომავლო ხედვები და მიზნები? უკავშირებთ თუ არა მათ საქართველოს? 
ჩემი მიზანი ყოველთვის იყო წინსვლა, ვყოფილიყავი საუკეთესო და შეუცვლელი იმ სფეროში, რომელშიც ვსაქმიანობ, ეს უსაფრთხო და რეალური გარანტიაა წარმატების. ყოველდღიურად, ვმუშაობ საკუთარ თავზე, პროფესიული წარმატება პიროვნული თვისებებიდან გამომდინარებს. ბავშვობიდან არ ვცნობ ბარიერებს, ის უბრალოდ არ არსებობს, ყველაფერი ჩვენს წარმოსახვასა და პროექციებზეა დამოკიდებული. ნებისმიერ წამს, როდესაც ვიგრძნობ, რომ ჩემი ცოდნა, პროფესიული გამოცდილება, უნარ-ჩვევები, თუ სხვა ბევრი რიგი ფაქტორები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები იქნება სათანადოდ ანაზღაურებადი საქართველოში, მე დავუბრუნდები ჩემს თბილისს, რომელზე მეტადაც არ მაფიქრდება რა მიყვარს..

განხილვა

1 Response