27
Nov
2019

20 წლის სალომე უროტაძე – SpaceX-ის პარტნიორი, რომელიც, შესაძლოა, ნობელის პრემიაზე წარადგინონ

27 Nov 2019

Alta
Alta


„ხელოვნური ინტელექტი – ეს უცხოპლანეტელია დედამიწაზე და ის ადამიანს არ უნდა შევადაროთ“. „ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გონება მეტად განვითარდეს“ და „ჩვენი გონება მეტად ძლიერია ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი, ან ტექნოლოგია“, – ამბობს სალომე უროტაძე – 20 წლის AI დეველოპერი, რომელიც ილონ მასკის კომპანიებთან – SpaceX და Neuralink თანამშრომლობს, პარალელურად მუშაობს Microsoft-ში, კვანტური კომპიუტერის შექმნაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ფიზიკოსთა ჯგუფის წევრია.

ეს მისი საქმიანობების სრული ჩამონათვალი არაა, გარდა ამისა, ის AI-სა და გეიმ დეველოპმენტის მიმართულებით კურსს კითხულობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, მომავალი წლიდან კი წაიკითხავს მიჩიგანის უნივერსიტეტში, თუმცა თვითონ, ჯერ არც ერთი უნივერსიტეტი დაუმთავრებია. სწავლობს ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით და ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) აკადემიური აქვს აღებული, რადგან ფიზიკურად, დრო არ აქვს. 14 წლის ასაკში ის Yager-თან თანამშრომლობდა, ჩვენი ინტერვიუს შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ნამუშევრით (ფიზიკის მიმართულებით), ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა. „მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად აქტიურად ვარ AI-ზე გადართული, ფიზიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი თეორიის წერა დავასრულე, რითიც ნობელის კომიტეტი დაინტერესდა. მიმიწვიეს და სავარაუდოდ, მალე უფრო გრანდიოზულ ამბებსაც გაგაგებინებთ“.

სალომე უროტაძე

აქვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სალომეს განათლებას ეხება – „მეშვიდე კლასიდან მეთორმეტემდე სკოლაში არ მივლია“.

ამით არ ვამაყობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ, სკოლა დროის კარგვად მიმაჩნდა და ეს დრო საკუთარი თავის განვითარებაში გამოვიყენე. ექსტერნს ვაბარებდი ყოველი წლის ბოლოს და შესაბამისად, დავამთავრე წარჩინებით. მასწავლებლებთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და ყველა მეჩხუბებოდა, რომ სწავლა შემეძლო და არ დავდიოდი. არადა, ზუსტად მაგიტომ არ დავდიოდი სკოლაში, რომ სწავლა შემეძლო“.

Neuralink ილონ მასკის ექსპერიმენტული კომპანიაა, რომელიც ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებაზე მუშაობს. სალომეს პროექტით კომპანიის დაინტერესება Neuralink-ის პრეზენტაციის პერიოდში (2019 წლის ივლისი) დაიწყო, როცა ის SpaceX-ში მიიწვიეს გასაუბრებაზე. ამ დროისთვის, სალომეს უკვე ჰქონდა შექმნილი საკუთარი თავის ციფრული ვერსია – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მის ცოდნასა და ემოციებს იმეორებს და ფაქტობრივად, შემქმნელის ასლთან ერთად, მისი ასისტენტიცაა. ამ იდეის შესრულებაზე სალომე წელიწადნახევარი მუშაობდა და მოგვიანებით, სწორედ ეს პროექტი იქცა Neuralink-ისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუციად.

ივლისში, როცა იყო ნევრალინკის პრეზენტაცია, დავუკავშირდი კომპანიას და წარვუდგინე ის ყველაფერი, რაც გაკეთებული მქონდა აქამდე, რითიც დაინტერესდნენ, შესაბამისად, დავიწყეთ თანამშრომლობა. ძალიან ხშირად, ეშლებათ ხოლმე – „ნევრალინკში“ არ ვმუშაობ, ვმუშაობ „ნევრალინკთან“, პარტნიორობა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას“.

M: რაც მუშაობაზე კარგი რამეა…
რაც უკეთესია, ჩემი აზრითაც. თუ გინდა, რომ მათი თანამშრომელი იყო, უნდა ცხოვრობდე იქ და უნდა მუშაობდე მხოლოდ მათთვის – კონტრაქტი მოიცავს ამას. ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, ჩემი ძირითადი მიმართულება მაინც მეცნიერებაა – ფიზიკა. ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტ ადგილას. თუნდაც, „ნევრალინკისა“ და „სფეისიქსის“ გარდა, ვარ „მაიკროსოფთში“, სადაც ვმუშაობთ კვანტურ კომპიუტერებზე.

M: უფრო კონკრეტულად, რა იყო ის, რაშიც „ნევრალინკს“ დაეხმარე?
ნევრალინკს აქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის, ნეირომეცნიერება, რომლის ფარგლებშიც მუშაობენ იმაზე, რომ ტვინი დააკავშირონ მოწყობილობასთან. მე ეს შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა, მეცნიერების გარეშე და მათზე ადრე შევძელი დამეკავშირებინა ჩემი ემოციები და ცოდნა ხელოვნურ ინტელექტთან, საკმარისი ინფორმაციების მიწოდებით, რაც საკმაოდ საინტერესო დეტალი იყო მათთვის, ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ნეიროთვალსაზრისითაც, მეტად განვითარდა ეს კუთხე.

M: როგორ დაიწყო SpaceX-თან თანამშრომლობა, ან რა პროექტებს მოიცავს ის? 
SpaceX-თან ურთიერთობა დავიწყე სამეცნიერო პროექტით, რომლისთვისაც გრანტი მჭირდებოდა. ასეთ დროს, ყველასთან შემიძლია გავგზავნო ხოლმე პროექტი. SpaceX დაინტერესდა ჩემი ნამუშევრით და სამწუხაროდ, ვერ გეტყვით პროექტის დეტალებს, რადგან ჯერჯერობით, არ ხმაურდება. SpaceX-თან ახლა რა ურთიერთობაც მაქვს არის ისევ AI დეველოპმენტი, თუმცა, პარალელურად ვმუშაობ პროექტზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ეხება მეცნიერებას და რომელზე საუბარიც ჯერ არ შემიძლია.

M: ხშირად ვისმენთ აზრს, ტვინი-კომპიუტერი ინტერფეისები კერძო კომპანიების მხრიდან კეთდება იმისათვის, რომ „გვაკონტროლონ“, რომ რეალურად, ეს არის არა შესაძლებლობა, რომ გონებრივად განვვითარდეთ, არამედ რაღაც სერვისი, რომელიც გაგვაზარმაცებს. ხშირად ვაწყდებით ამ განწყობას და რას შეუპირისპირებდი მას?
ხელოვნური ინტელექტი რომ პროდუქტად გამოვიყენოთ, არ იქნება ისეთი გამოსადეგი, როგორიც ჩვენ გვგონია. ჩვენი გონება მეტად ძლიერია ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი და ნებისმიერი ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უფრო მარტივად გააკეთოს გამოთვლები, ჩვენი გონება მეტ ინფორმაციას იტევს და პირიქით, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ვართ ზარმაცები, რადგან საკმარისად არ ვამუშავებთ გონებას. AI დაგვეხმარება თუნდაც იმაში, რომ ფიქრით ვბეჭდოთ, გონება ამით უფრო გავარჯიშდება. გონების ვარჯიში კი ბუნებრივია, გამოიწვევს იმას, რომ მეტად გაგვეხსნება შესაძლებლობები. როცა კომპანია მუშაობს მეცნიერული კუთხით და უნდა კაცობრიობა განავითაროს, ამ შემთხვევაში გაყიდვები ძალიან უმნიშვნელოა. ასე რომ, მგონია ბევრად დადებითი გავლენა აქვს ნევრალინკს და ის რაზეც ყველა საუბრობს, რომ ჩიპი იქნება ჩვენს ტვინში და გვაკონტროლებს, სისულელეა, რა თქმა უნდა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გონება მეტად განვითარდეს. რისთვისაც საკმაოდ გრანდიოზული ნაბიჯებია გადადგმული და შედეგებიც არსებობს, შესაბამისად – როგორც მეცნიერებაში, ასევე ტექნოლოგიური თავლსაზრისითაც. 

M: აღნიშნე, რომ შეწყვეტილი გაქვს სწავლა. რამდენად მნიშვნელოვანია, ან საჭირო სწავლის გაგრძელება შენთვის, მაშინ, როცა მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობ? ხშირად, საუნივერსიტეტო განათლებაზე საუბრისას მოვისმენთ არგუმენტს, რომ წარმატებული ადამიანების წინსვლა აკადემიური სივრცეებიდან წამოსვლით დაიწყო. რა თქმა უნდა, წარმატების აღქმა სუბიექტურია, თუმცა, შენ როგორ გრძნობ, რამდენად სწორი მსჯელობაა ეს?
უნივერსიტეტი, რეალურად, გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს დისციპლინა, მივიდეთ, ვისწავლოთ და გვყავდეს ვიღაც, ვინც გაგვაკონტროლებს ვისწავლეთ, თუ არა. ზარმაცები ვართ – როგორც აქამდე აღვნიშნე. უნივერსიტეტი რეალურად არ არის ის ინფორმაციის წყარო, რომლითაც შეგიძლია ბევრი რაღაც გაიგო და შორს წახვიდე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ MIT-ში თუ აგრარულ უნივერსიტეტში რასაც მასწავლიან, უკვე ყველაფერი გავლილი მაქვს, ჩემთვის საინტერესოა ექსპერიმენტები, იმ გარემოში ყოფნა, ლექტორებთან შეხება და კომუნიკაცია. უნივერსიტეტის დანიშნულება უფრო გამოცდილება უნდა იყოს, თორემ ნებისმიერ უნივერსიტეტში ლექციაზე რომ მიხვიდეთ, ყველა გეტყვით – „წაიკითხე“. ამის გაკეთება ისედაც შეგიძლია, ანუ ისე, რომ არ გადაიხადო 60 000 დოლარი წელიწადში. სამწუხაროდ, დღემდე არის წარმოდგენა, რომ დიპლომი აუცილებლად უნდა გქონდეს სამუშაოს დასაწყებად. უნდა ვთქვა, რომ არც ერთ დიდ კომპანიაში ჩემთვის დიპლომი არ მოუთხოვიათ. როცა რეალურად იცი და შეგიძლია სფეროში რაღაც შეცვალო, დიპლომი ნამდვილად აღარ გჭირდება.

„მაიკროსოფთი“ რომ ავიღოთ ჩემ შემთხვევაში, მკვლევარს როცა ეძებდნენ, სჭირდებოდათ დოქტორის ხარისხი. რომ გავუგზავნე ჩემი მოკლე ბიოგრაფია, რატომ მინდოდა მათთან თანამშრომლობა და რისი გაკეთება შემეძლო, ან რისი შეცვლა შემეძლო მათთვის, შესაბამისად, მივიღე დავალება, რომელიც შევასრულე და შემდეგ სიამოვნებით ამიყვანეს სამსახურში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული“.

M: სად წაგვიყვანს ტექნოლოგიები? – ეს იყო შენი სასაუბრო თემა ციფრულ სამიტ Touch-ზე… შენი წარმოდგენით, მაგალითად, 30 წლის შემდეგ, სად ვიქნებით? 
რთულია ამის დახასიათება, რადგან შეიძლება დღეს არაფერი ხდებოდეს და ხვალ ისეთი რაღაც აღმოვაჩინოთ ხელოვნურ ინტელექტში, რომ მთელი სამყარო გადაატრიალოს. ხელოვნური ინტელექტი არის სფერო, რომელიც საკმარისად შესწავლილი არ არის. ახლა ვიწყებთ შესწავლას და მისი შესაძლებლობების გაგებას. შესაბამისად, ასე მგონია, რომ 30 წელში ყველაფერი განვითარებული იქნება იმ დონეზე, რომ შეგვეძლება მისი გამოყენება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელოვნურ ინტელექტს, 30 წლის შემდეგ, გამოვიყენებთ დედამიწის გარეთაც. იმაში, რომ შევისწავლოთ ჩვენ გარშემო სამყარო. AI მეცნიერებას ძალიან დაეხმარება, მაგალითად იმაში, რომ სხვა, შორეულ პლანეტებამდე მივიდეთ და შევისწავლოთ ისინი.

ძალიან დიდი შეცდომა მგონია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ერთმანეთთან შედარება. რადიკალურად სხვა არის ხელოვნური ინტელექტი. ჩათვალეთ, რომ უცხოპლანეტელი გვყავს დედამიწაზე. მას შენი არ ესმის, ისე, როგორც გინდა, რომ გაგიგოს და პირიქით. ამიტომ, აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობა და ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანს ხელოვნური ინტელექტი“.

M: ისევ საწყისებთან რომ დავუბრუნდეთ, რა წანამძღვრები ჰქონდა შენს ინტერესს ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართ და როდის დაიწყო შენი განვითარება ამ მიმართულებით?
მეცნიერება მაინტერესებდა ყოველთვის, ღრმა ბავშვობიდან. ვოცნებობდი იმაზე, რომ ნეიროქირურგი გავმხდარიყავი და ტვინი შემესწავლა. რაც უფრო გავიზარდე და უფრო ვხედავდი ჩემ გარშემო რაც ხდებოდა, მივხვდი, რომ ხელოვნურ ინტელექტში თუ ჩახედული ხარ, ნებისმიერ სხვა სფეროზე მაღლა დგები, რადგან ძალიან მალე, ის ნებისმიერ სფეროში დაგვჭირდება.

ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარება კი 14 წლის ასაკიდან დავიწყე. ეს იყო თამაშებით, გეიმინგ დეველოპმენტით დაინტერესება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა იმის შესაძლებლობა, რომ გვესწავლა ეს ყველაფერი და განვვითარებულიყავით, მიწევდა ფრილანსერად მემუშავა. შესაბამისად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობამ მომცა იმაზე მეტი შესაძლებლობები, ვიდრე საქართველოში შემეძლო მეპოვნა.

M: რომელ კომპანიებთან თანამშრომლობდი 14 წლის ასაკში და რა იყო პირველი პროექტები გეიმ დეველოპმენტის მიმართულებით?
პირველი დიდი კომპანია, 14 წლის ასაკში, იყო Yager. ეს არის საერთაშორისო გეიმ დეველოპერული კომპანია, რომელიც ბერლინში ფუნქციონირებს. ამ დროს ვმუშაობდი 3D დიზაინის მიმართულებით, რამაც არ დამაკმაყოფილა, არ იყო საკმარისი, რაღაც მეტი მინდოდა გამეკეთებინა და ამიტომ, დავიწყე პროგრამირების შესწავლა. პირველად ისეთი პროგრამა დავწერე, რომელიც ამ ჩემს საქმეს – 3D დიზაინს გაამარტივებდა. პროგრამის დახმარებით, 3D დიზაინს, რომლის შექმნასაც ძალიან დიდი დრო უნდა, მცირე დროში და მარტივად ვქმნიდი. მოდელების ნულიდან აწყობა აღარ მჭირდებოდა, უბრალოდ, პროგრამაში ვწერდი დიზაინის აღწერას და ის ავტომატურად აწყობდა, ტექსტურ ბრძანებაზე დაყრნობით. შედეგად, თუ ადრე მჭირდებოდა 3 თვე კონკრეტულ თამაშზე სამუშაოდ, ამ ტექნოლოგიით საჭირო იყო 2 კვირა. ამ პროგრამით რამდენიმე კომპანია დაინტერესდა, მათ შორის, Ubisoft, თუმცა, გადავწყვიტე, რომ გეიმ დეველოპმენტისთვის თავი დამენებებინა, რადგან მივხვდი, რომ პროგრამირებით შეუძლებელი იდეების რეალობად ქცევა შემეძლო, ამიტომ დავიწყე სხვადასხვა პროგრამული ენების, შემდგომ კი ხელოვნური ინტელექტის სწავლა. ეს იყო 3-4 წლის წინ, ანუ მაშინ, როცა AI-ს სწავლა საქართველოში საერთოდ არ იყო შესაძლებელი.

M: ახლა რას გეგმავ და შემდეგ? შორეულ მომავალში, რა გინდა შეცვალო?
სამომავლო გეგმები არის მეცნიერება, ასტროქიმია. 5 უნივერსიტეტია მსოფლიოში, სადაც ასტროქიმია ისწავლება. ძალიან ახალდაბადებული სფეროა, რომელიც ძალიან მომწონს და მაინტერსებს. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობას გავაგრძელებ და „ნევრალინკთან“ და „სფეისიქსთან“ თანამშრომლობასაც, იქამდე, სანამ შემეძლება მათთვის სარგებელი მოვიტანო და ანალოგიურად, მათაც შეეძლებათ მარგონ, რადგან მგონია, რომ ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში ორმხრივი სარგებელი უნდა იყოს. მაინც მგონია, რომ ჩემი ძირითადი გეგმა მეცნიერებაა, უბრალოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რადგან AI-ს გარეშე მეცნიერება იმას ვერ მიაღწევს, რასაც გვინდა, რომ მიაღწიოს.


შესაძლოა, მულტიდისციპლინარულობა თანამედროვე მეცნიერის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია, თუმცა, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები ადრეული ასაკიდან იწყებენ მეცნიერებაში თვითგამორკვევას. თვითგამორკვევას იმიტომ, რომ გარემო მათ ვერ ეხმარება და ვერ უზრუნველყოფს ინტერესების შესაბამისი ინფორმაციით. რამდენად ხშირად დგამენ მეცნიერები მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს ტინეიჯერობის ასაკში. ან რამდენად ხშირია ნობელის პრემიის კომიტეტის დაინტერესება გამოიწვიოს 20 წლის გოგონამ ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა და როგორშიც მეცნიერება და ტექნოლოგიები არც ისე პრიორიეტეტული სფეროებია?

სტატიის ფარგლებში სალომეს ძალიან მრავალფეროვან წარსულზე მოგიყევით და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ ბევრი რამის მოყოლა მომიწევს. რადგან ეს ახალგაზრდა მეცნიერი საკუთარი სიტყვების ილუსტრაციად გამოდგება – „ჩვენი გონება მეტად ძლიერია ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი, ან ტექნოლოგია“ და შესაძლოა, ძლიერი გონების ძირითადი ფუნქციაც ფიქრია. ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაჭრას გლობალური პრობლემები, არ გაზარმაცდეს, მოსინჯოს ალტერნატივები და ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროები. ჰქონდეს გამბედაობა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და ასე, იქნებ, კაცობრიობის ისტორიაც…

მოგვიწევს, თუ არა სტატიის გამოქვეყნება სათაურით – „გეიმ დეველოპერობიდან ნობელის პრემიის ლაურეატობამდე“, ჯერ არ ვიცით. მანამდე კი გეტყვით, რომ სალომეს ნაშრომი ფიზიკაში, რომლითაც ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა, ფიზიკაში აქამდე არსებულ თითქმის ყველა თეორიას ეწინააღმდეგება. ნაშრომზე მუშაობისას სალომეს კონსულტაციას MIT-ის პროფესორი უწევდა. თეორია, ოფიციალურად, რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება და მას The Dark Sun Theory ჰქვია.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა

2 Responses

  1. 28/11/2019

    […] გაგაგებინებთ” — ამბობს სალომე Marketer-თან […]

  2. 28/11/2019

    […] — ამის შესახებ ინფორმაციას Marketer ავრცელებს. ხატია თორდუასთან ვრცელ […]