in

გოგო სტატუს-კვოს გარეშე! – სალომე ვაშაკიძის ამბავი „თითქმის ექიმობიდან“ ნიდერლანდურ ბანკამდე

შემთხვევით, თქვენთვისაც ხომ არაა ნაცნობი მოუსვენრობის ის განცდა, საკუთარი გზის ძიებას რომ ახლავს თან? ხანდახან, ეს გზა მეტისმეტად გრძელი გვეჩვენება. ვცდილობთ, საკუთარი თავით იმედგაცრუება სადმე ბნელ ოთახში საგულდაგულოდ ჩავკეტოთ და ვერ გაგვიგია, ისე როგორ მოხდა, რომ სხვები 18 წლისას არჩეული პროფესიით განვითარდნენ, ჩვენ კი ჯერაც ვერ გვიპოვნია საკუთარი ადგილი… შემდეგ კი, გვხვდება ადამიანი, რომელსაც ზუსტად იგივე გზა აქვს გამოვლილი და გვახსენდება ფრაზა – „მეთევზე მეორე მეთევზეს შორიდან ცნობს“…

ეს ამბავიც ასეთია – სალომე ვაშაკიძესთან საუბარი დისტანციურად, საქართველო-ნიდერლანდების ციფრულ სივრცეში შედგა. დღეს, ის ნიდერლანდების მეწარმეობის განვითარების ბანკის FMO ფინანსისტია, კერძო კაპიტალის მიმართულებით და ქართულ კომპანიებს განვითარებაში ეხმარება. აკეთებს საყვარელ საქმეს, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესო სფეროებს აერთიანებს. თითქოს, ყველაფერი რა იდეალურად არის, არა? არადა, სანამ თვითრეალიზების განცდამდე მიაღწევდა ძალიან დიდხანს ეძებდა საკუთარ ადგილს – სამედიცინოდან ბროკერობამდე. ბოლოს, საკუთარ თავში ფინანსისტი ამოიცნო და დაინახა, ამდენი ხნის ძიებამ სრულიად სხვა თვალსაწიერი გადაშალა მის წინაშე. გაუკვალავში სიარულისთვის კი არასოდეს დაუხევია უკან, მუდმივად იყო მზად სტატუს-კვოს დასათმობად და საკუთარი თავის პოვნის სახელით, ახალ თავგადასავალში გადასახტომად.

M: შენი პროფესიული თვითგამორკვევა სამედიცინო სფეროდან იწყება. შემდეგ, გეზი ამერიკისკენ აიღე. როგორი იყო ტრანსფორმაციის ეს გზა?

ექიმების ოჯახში გავიზარდე. ჩემი გარემოცვა იმდენად იყო სამედიცინო და აკადემიურ საქმეში ჩაბმული, რომ ამ სფეროს გარდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. გურამ რამიშვილის მე-6 საავტორო სკოლა დავამთავრე. სკოლა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რადგან ძალიან დიდი ადამიანური გამოცდილება მიმაღებინა. იმის მიუხედავად, რომ კარგად ვსწავლობდი, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ამიტომ ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა აშშ-ში გავეგზავნე სასწავლებლად, რის შემდეგაც ჩემი სამყარო მთლიანად შეიცვალა. ეს იყო 2007 წელი.

იმ პერიოდისთვის, ლაშა ნიკოლაიშვილი (დღეს, „რიკო კრედიტის“ დამფუძნებელია) ეხმარებოდა ახალგაზრდებს ამერიკაში სასწავლებლად წასვლაში. თავად მისთვის ამერიკა იმდენად დიდი გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა, რომ სხვების დახმარების სურვილიც გაუმძაფრდა. ჩამოიტანა პროგრამა, ინგლისურის ტესტის დაწერის შემდეგ, მონაწილეები ორგანიზაციაში პროფაილს გზავნიდნენ, გადიოდნენ შესარჩევ ეტაპებს. მახსოვს, ჩემი გამზრდელი ბებია და ბაბუა მეუბნებოდნენ, ძალიან დიდი გამართლებაა ამერიკაში სასწავლებლად წასვლა და რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეს, აუცილებლად უნდა გადალახოო.

აშშ-ში აღმოვჩნდი სრულიად მარტო. აღარ მყავდა გარემოცვა, რომელიც ჩემს „ხასიათს“ ქმნიდა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენა დავიწყე. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ორი კვირა. ამერიკულ ფილმებში რომ გინახავთ, სტუდენტები ლანჩზე მარტო, თავიანთ თავში ჩაკეტილები რომ გადიან, ზუსტად ასე ვიყავი. კულტურული შოკი მქონდა. გამიმართლა – რაკი ჩოგბურთს ვთამაშობდი, ჩოგბურთის გუნდში ჩავეწერე. სწორედ იქიდან დაიწყო ამერიკული ცხოვრება. სირთულეები შემდეგაც იყო, თუმცა ზუსტად ამ სირთულეების გადალახვამ გამაძლიერა ყველაზე მეტად და სწრაფად ადაპტაცია მასწავლა.

M: ექიმების ოჯახში ეს პროფესია ხშირად იქცევა ტრადიციად. მენეჯმენტზე როგორ აღმოჩნდი?

როდესაც აშშ-ის ეროვნული გამოცდები (SAT) ჩავაბარე, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი ქულა მათემატიკაში ავიღე. ამან დამაფიქრა, ოჯახური ტრადიციის თანახმად, სამედიცინოზე ჩამებარებინა თუ სხვა მიმართულებაზეც მეფიქრა. SAT-ის გამოცდების შედეგებით რამდენიმე უნივერსიტეტში მიმიღეს. მაშინ, ბაბუას ვუთხარი, როგორ გირჩევნია, ცუდი ექიმი გამოვიდე თუ საავადმყოფოს კარგი მენეჯერი-მეთქი? კარგი მენეჯერიო, მიპასუხა. ასე მოვხვდი ბიზნესის სკოლაში, ჯერ ბუდაპეშტში, შემდეგ – სანფრანცისკოში.

M: პროფესიის მიუხედავად, შენი პირველი სამსახური მომდევნო, სრულიად უცნობ სფეროს დაუკავშირე – ენერგეტიკას…

საქართველოში დაბრუნებულმა პირველი სამსახურის ძიება დავიწყე და საპარტნიორო ფონდისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის პროექტში აღმოვჩნდი. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ელექტროთბოსადგურების დანერგვა, რათა ქვეყანას ზამთარში ელექტროენერგიის შეძენა აღარ დაჭირვებოდა. პატარა გუნდი ვიყავით, მაგრამ პროფესიონალების გარემოცვაში მოვხვდი და მოკლე დროში საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. ამ სამსახურის დამსახურებით, ენერგეტიკამ ძალიან დამაინტერესა და საკუთარ თავში აღმოვაჩინე მოწოდება, ჩემს საქმიანობას მასშტაბურად ჰქონოდა დადებითი გავლენა. ეს უფრო მეტის კეთების მოტივაციას მაძლევდა.

ენერგეტიკით დაინტერესების პარალელურად, შევუერთდი საერთაშორისო კვლევით ფონდს Georgian Foundation for Strategic and International Studies. მივხვდი, რომ ენერგეტიკის კარგად შესასწავლად, ისტორიის სათანადოდ ცოდნა მჭირდებოდა. ისტორია ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, ამიტომ ამის გამოსწორებას შევუდექი. სწორედ ამ დროს გავიცანი ალიკა რონდელი, რომელიც ჩემი ცხოვრების პირველი მენტორი აღმოჩნდა. ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე სხვადასხვა მენტორი მყავდა და ერთ-ერთი ასეთი იყო ალიკა რონდელი. მან მასწავლა თითქმის ყველაფერი, რაც ისტორიის შესახებ ვიცი. მან გამიღვიძა რწმენა, რომ რაღაცები შემიძლია. სწორედ მისგან ვისწავლე, რა როლი აქვს მენტორს ადამიანის ცხოვრებაში.

M: მედიცინიდან – მენეჯმენტში, შემდეგ ენერგეტიკაში… და ენერგეტიკიდან ფინანსებში როგორ აღმოჩნდი?

უნივერსიტეტში ფინანსების სწავლა განსაკუთრებულად არასოდეს მიზიდავდა, თუმცა კარგად გამომდიოდა მათემატიკა, ამიტომ ჩემს მეორად პროფესიად სტატისტიკა ავირჩიე. 25 წლის ასაკში მივხვდი, რომ კარიერულად სიახლეები მაინტერესებდა, მივატოვე ძალიან კარგი სამსახური და სიახლეების ძიებაში, ნიდერლანდებში ჩამოვედი სტაჟირებაზე. სწორედ მაშინ გავიაზრე – ჩემთვის ორი საყვარელი სფეროს – ენერგეტიკისა და სტატისტიკის გაერთიანებაზე მეტი მჭირდებოდა, ამიტომ ამ მიმართულებებზე უარი ვთქვი და კარგი შემოსავლის მიღების მიზნით, ბროკერად დავიწყე მუშაობა. სწორედ ბროკერულ სამსახურებში გავაცნობიერე, რომ მხოლოდ კარგი ანაზღაურება არ მაკმაყოფილებდა და ისეთი საქმის კეთება მსურდა, რაც საზოგადოებაზე გრძელ ვადაში დადებით გავლენას იქონიებდა.

M: როდესაც საკუთარ თავსა და საკუთარ ადგილს ეძებ, დიდი გამბედაობა გჭირდება… თუმცა როგორ უმკლავდებოდი იმ გაურკვევლობისა და სტრესის განცდას, რაც ამ პროცესს ახასიათებს?

ერთი, რაც მკაფიოდ მახსოვს ისაა, რომ ჩემთვის არ არსებობდა სტატუს-კვო. სულ მაინტერესებს, როგორ გავიგო უფრო მეტი და განვვითარდე. სულ მოძრაობაში ვიყავი. ხანდახან ბაბუა მეტყოდა-ხოლმე, გატეხილი კომპასივით ხარ, ხან აქეთ მიდიხარ, ხან – იქითო. რასაკვირველია, ეს ძალიან რთულია და დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ამიტომაც არის კარგი მენტორშიპი. ბევრად მარტივია, როდესაც პროფესიის არჩევისთანავე, 18 წლის ასაკში, იცი, საით განვითარდები კარიერულად – ექიმი იქნები, იურისტი თუ სხვა, მაგრამ საბედნიეროდ, FMO-ში მოხვედრამ დამარწმუნა – ეს გზა რომ არ გამევლო, დღეს, ამ გუნდის წევრი არ ვიქნებოდი. დღეს, წარმატება ჩემთვის ეს არის – თავად განვვითარდე ისე, რომ შესაძლოა, ამას ვერავინ ამჩნევდეს და როცა დრო და მომენტი დადგება, სხვა ადამიანისთვისაც ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდე, როგორც ჩემთვის – ჩემი მენტორები.

M: FMO-შიც ახლის ძიებამ მიგიყვანა. როგორ აღმოაჩინე საკუთარი თავი ამ საქმეში? 

ამ ძიების პროცესში ვიყავი, როდესაც ჩემს მენტორებს, თამთა შერმადინსა და ნიკა ქურდიანს მივმართე. ისინი დამეხმარნენ საკუთარ თავში მეპოვნა პასუხები მათ კითხვაზე – So what?. შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მირჩია, ჩემი ინტერესების გათვალისწინებით, FMO-ში მეცადა ბედი. თავდაპირველად, ანალიტიკოსის პოზიციით დავიწყე მუშაობა. უკვე სამი წელია აქ ვარ. დღეს, კერძო კაპიტალის მიმართულებით ვმუშაობ და სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პორტფელიც მაბარია. ეს სამსახური აერთიანებს ჩემთვის სამ ყველაზე საინტერესო რამეს: საერთაშორისო ურთიერთობებს, რიცხვებს და ადამიანურ ურთიერთობებს.

FMO-ს მთავარი მისიაა განვითარებად ქვეყნებს პარტნიორობა გაუწიოს არამხოლოდ ფინანსური ქმედუნარიანობის შეძენაში, არამედ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პასუხისმგებლობის  დანერგვაშიც. FMO არ არის კომერციული ბანკი, ის განვითარებად ქვეყნებს ეხმარება, რომლების ბიზნესგარემო მაღალი რისკის მატარებელია და კომერციული ინვესტორის მაგივრობას უწევს. სწორედ ესაა ჩემი მოტივაცია FMO-ში მუშაობის. ბანკი საქართველოს პარტნიორია მრავალი წელია და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს ადგილობრივ კომპანიებთან. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია თიბისი, რომელსაც FMO-მ, 2009 წელს, ომის შემდგომ, შესთავაზა ფინანსური პაკეტი და თან ბანკის მეწილეც გახდა. 2014 წელს კი, თიბისი ბანკმა დაიწყო თავისი აქციებით ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სწორედ ამან აჩვენა, რომ FMO-ს ეს მისია წარმატებული იყო. ეს ერთ-ერთია, რის გამოც FMO-ში საქართველოსთან ურთიერთობას ძალიან წარმატებულად მიიჩნევენ.

M: ფინანსისტების გამოცდა CFA-ის ჩაბარება, რომელიც საკმაოდ რთულია, შენთვის სავალდებულო ფაქტორს არ წარმოადგენდა. მაინც, რა იქცა მისი ჩაბარების მოტივაციად?

CFA ფინანსისტებისთვის განკუთვნილი გამოცდაა, რომელიც ძალიან რთულად ჩასაბარებელია. ესაა დაუზოგავი შრომა. მეგობრები მირჩევნდნენ, როგორმე თავიდან ამერიდებინა მისი ჩაბარება. იმდენად მომწონდა ჩემი საქმე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში და ეს ერთგვარი პროფესიული ვალიდაცია ყოფილიყო.

CFA-ის ჩაბარება ჯარისკაცულ დისციპლინას მოითხოვს. პირველ ჯერზე ჩავიჭერი და მივხვდი, რომ ჩვეულებრივი გამოცდასავით ვერ მოვეკიდებოდი. თითო კითხვაზე პასუხის გაცემა 90 წამში რომ მომესწრო, ძალიან ბევრი უნდა მემეცადინა. მეორე გასვლისთვის უმკაცრესი რეჟიმით მოვემზადე – ჩემი დღის განრიგი მხოლოდ სამსახურსა და მეცადინეობას იტევდა, ვერც მეგობრებს ვნახულობდი, ვერც წვეულებებზე დავდიოდი. ვიღვიძებდი დილის 5-ზე და 9-მდე ვმეცადინეობდი, ვმუშაობდი 8 საათამდე, შემდეგ ისევ ვმეცადინეობდი. სამაგიეროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამოცდა მონაწილეთა 27%-თან ერთად რომ ჩავაბარე, უბედნიერესი ვიყავი.

M: საუბრისას ხშირად ახსენე მენტორები. რა გავლენა იქონიეს მათ შენს განვითარებაზე?

თურმე, შესაძლებელია, რომ სრულიად უცნობი ადამიანი, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება გახდეს, ვინც შენთან ერთად ფიქრობს და საკუთარ გამოცდილებას გიზიარებს. ისე მოხდა, რომ კლასიკური ფინანსისტი არ ვარ და დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი საკუთარ გზას, მაშინ, როცა სხვები საკმაოდ ჩამოყალიბებულები იყვნენ თავიანთ კარიერულ გეზში. ასეთ რთულ დროს, მნიშვნელოვანია ვიღაც გზის გაკვალვაში დაგეხმაროს. ზუსტად ამ ადამიანებმა, თავისი გავლილი გამოცდილებით დამანახეს, რომ საკუთარი თავის ძიება არ არის ტრაგედია და მთავარია, მოძრაობა არ შეწყვიტო. ალბათ, ამიტომაც, სენეკას ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა: A gem cannot be polished without friction, nor a man perfected without trials. სწორედ მათმა მოტივაციამ დამანახა, რომ წარმატება შენი გამოცდილებით სხვების წახალისებასა და დახმარებას მოიაზრებს. ასეთივე როლი მინდა შევასრულო მეც, სხვების ცხოვრებაში.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პლატფორმა „ინიციატივას“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, პარასპორტსმენებისთვის და ომის ვეტერანებისთვის ღონისძიება გაიმართა

ახალი Dell Latitude და Vostro — კომფორტული მუშაობისთვის შექმნილი ლეპტოპები