ადამიანს ყოველთვის იტაცებდა იდეები, რაც მას მეტ შესაძლებლობას მისცემდა, გამორჩეულს გახდიდა ან ცხოვრებას გაუუმჯობესებდა. არაერთი ნივთი, რომელიც ფანტაზიისა და „მაგიის“ ნაყოფი იყო, დღეს, ამა თუ იმ ფორმით, რეალობად იქცა: მფრინავი ხალიჩა, რომლითაც ცხრა მთას გადაუფრენ – თვითმფრინავი; პატარა ჯადოსნური სარკე, რომელშიც სასურველ ადამიანს დაინახავ და გაესაუბრები – სმარტფონი; წიგნი, რომელშიც ყველა კითხვაზე პასუხია – ინტერნეტი. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ჩანასახები ადამიანთა წარმოსახვაში იმაზე ადრე არსებობდა, ვიდრე ვინმე გენიოსი მას ფრთებს შეასხამდა.
მომავლის ტექნოლოგიების პროგნოზებსა და საზოგადოებაზე მათ გავლენას ყველაზე საინტერესოდ სამეცნიერო-ფანტასტიკის მწერლების შემოქმედებაში ვხვდებით და ისინი ზოგჯერ დაუჯერებლად ზუსტიც კია.
ჰერბერტ უელსის „ღმერთკაცები“ (1923)
1923 წელს გამოცემულ რომანში, რომელიც სამ წიგნად იყოფა, ჰერბერტ უელსი (1866-1946) ზუსტად აღწერს ელფოსტისა და ხმოვანი ფოსტის, ე. წ. „ვოისმეილის“, მუშაობის პრინციპს. მთავარი გმირი, პროფესიული წარუმატებლობით გაბეზრებული მისტერ ბარნსტეიპლი, რამდენიმე უცხოსთან ერთად, 3000 წლის შემდგომ მომავალში ტრანსპორტირდება. პლანეტაზე, რომელსაც „უტოპია“ ჰქვია, დავიწყებას დიდი ხნის წინ მიეცა ომი, პოლიტიკა და რელიგია. საზოგადოება ცხოვრობს „თავისუფლების ხუთი პრინციპით“ – რომელიც პიროვნების ამოსავალ ფასეულობებს ემყარება. რა თქმა უნდა, დედამიწელ სტუმართა ნაწილს ამ იდილიაზე გაბატონების სურვილი უჩნდება. ტრილოგიას გასდევს იმედი, რომ ადამიანებსაც შეგვიძლია ასეთი საამური ცხოვრების შექმნა.
ახდენილი ტექნოლოგია: ელფოსტა, დღევანდელი ფორმით, 1971 წელს რეი ტომლინსონმა გამოიგონა და განავითარა, ვოისმეილი კი 1970-იანების ბოლოს შეიქმნა.
ალექსანდრ ბელიაევი „ადამიანი-ამფიბია“ (1928)
იხტიანდრის სიცოცხლე სასწორზეა. გადასარჩენად მას ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავენ. ოპერაცია წარმატებულია, მაგრამ იხტიანდრს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება წყალქვეშ უწევს. მარგალიტებზე მონადირე პედრო ზურიტა რომანის მთავარი გმირის შეპყრობასა და მისი შესაძლებლობების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას შეეცდება.
ალექსანდრ ბელიაევის „ადამიანი-ამფიბია“ 1928 წელს გამოიცა. მისი სიუჟეტი ეფუძნება ჟან დე ლა-ირის 1908 წლის ფრანგულ რომანს „კაცი, რომელსაც წყალქვეშ არსებობა შეუძლია“. აღსანიშნავია, რომ ორგანოების ტრანსპლანტაციის თემას ეძღვნება ბელიაევის სამი წლით ადრე გამოცემული რომანიც „პროფესორ დოუელის თავი“.
ახდენილი ტექნოლოგია: აკვალანგი 1942-1943 წლებში ფრანგმა ინჟინერმა ემილ განიანმა და ფრანგმა საზღვაო ოფიცერმა ჟაკ-ივ კუსტომ შექმნეს. მისი საშუალებით წყალქვეშა სამყაროს შესწავლა და გადაღება შეძლეს.
ჯორჯ ორუელი „1984“ (1949)
„1984“ დისტოპიის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მასში ასახულია მომავლის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელსაც „დიდ ძმად“ წოდებული დიქტატორი მართავს. „დიდი ძმა“ ძალიან ჰგავს თანამედროვე „დიდ ტექნოლოგებად“ ცნობილ კორპორაციებს, რომლებიც ჩვენზე განუსაზღვრელ გავლენასა და ინფორმაციას ფლობენ. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ მყოფ საზოგადოებაში არ არსებობს პიროვნული თუ აზროვნების თავისუფლება, „სიმართლის სამინისტრო“ კი პროპაგანდას ქადაგებს.
ახდენილი ტექნოლოგია:
- 1952 წელს Bell Labs-მა საზოგადოებას „ოდრი“ – ციფრების ავტომატური ამოცნობის აპარატი, წარმოადგინა. IBM-მა სმარტფონის წინაპარი – Simon Personal Communicator (SPC) – ბაზარზე 1994 წელს გამოუშვა.
- პირველი ციფრული ვირტუალური ასისტენტი Siri, როგორც iPhone 4S-ის ფუნქციონალის ნაწილი, 2011 წელს გამოჩნდა. მას მოჰყვა Google Assistant (2012), Cortana (2013), Amazon Alexa (2014), Google Home (2016), Bixby (2017).
რეი ბრედბერი „451º ფარენჰაიტით“ (1953)
რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით“ არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრად მიიჩნევა, მასში ტექნოლოგიური ეპოქის გასაოცარ წინასწარმეტყველებსაც ვხვდებით. რომანში აღწერილია ფუტურისტული საზოგადოება, რომელსაც რეალური ურთიერთობები კედელ-ეკრანებზე უცხო „ნათესავების“ თვალიერებით ჩაუნაცვლებია, წიგნებს კანონი კრძალავს, ხოლო მეხანძრეები, ხანძრების ჩაქრობის ნაცვლად, წიგნების აალებით არიან დაკავებულნი.
ახდენილი ტექნოლოგია:
- პირველი LCD ტელევიზორი 1982 წელს Seiko Epson-მა გამოუშვა;
- პირველი ონლაინ ქსელი, რომელიც თანამედროვე სოცქსელების წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ, Six Degrees გახლდათ და 1997 წელს გაეშვა. Myspace 2003 წელს შეიქმნა, თუმცა „მეგობრების“ ცხოვრებისთვის თვალის აქტიურად მიდევნება 2004 წლის თებერვლიდან, Facebook-თან ერთად დავიწყეთ. TikTok-მა კი ბრედბერისეულ წინასწარმეტყველება სულ სხვა ხარისხში აიყვანა;
- პირველ ვირტუალურ ჰედსეტს „დამოკლეს მახვილი“ ერქვა და ის კომპიუტერული გრაფიკის პიონერმა აივენ საზერლენდმა და მისმა სტუდენტმა, ბობ სპროულმა, 1968 წელს შექმნეს. სმარტფონების განვითარებასთან ერთად ვირტუალურ-შერეული რეალობის (AR/VR) სისტემა იხვეწებოდა, Web3-ისა და მეტავერსის პირობებში კი, მისი შესაძლებლობები განუზომლად გაიზარდა. ჰედსეტები გამოუშვეს Meta-მ, Google-მა და, რა თქმა უნდა, Apple-მა;
- არასამუშაო საათებში ფულის მიწოდების კონცეფცია პირველად იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში განახორციელეს. სომხური წარმოშობის ამერიკელმა ლუთერ სიმჯიანმა ავტომატური დეპოზიტების აპარატი „ბანკოგრაფი“ 1960 წელს გამოიგონა. საცდელი მოდელი ნიუ-იორკში დამონტაჟდა, თუმცა მალევე აიღეს მომხმარებელთა სიმწირის გამო. Barclays ბანკმა საბანკო სისტემა მთლიანად შეცვალა, როცა მსოფლიოს პირველი ბანკომატი (ATM) 1967 წლის 24 ივნისს გააცნო.
საინტერესოა, რამდენად შეძლებენ სამეცნიერო-ფანტასტიკის დღევანდელი ავტორები მომავლის ტექნოლოგიების გამოცნობას და თუ მოხვდება ისინი 50-100 წლის შემდეგ დაწერილ მსგავს ბლოგებში. იქამდე კი, ბლოგის მეორე ნაწილში, Coinmania არანაკლებ საინტერესო სამ ავტორს, სამ წიგნსა და მათში ნაწინასწარმეტყველებ ტექნოლოგიებს წარმოგიდგენთ. ასე რომ, როგორც იტყვიან: „დაგველოდეთ და არ გადართოთ“.
[პარტნიორის კონტენტი]