in

რას წარმოადგენს საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი და რა მიზანს ემსახურება იგი?

“საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი წარმოადგენს უმაღლესი სკოლებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის სხვა აქტორების გაერთიანებას. ალიასნსის შექმნის იდეა პირველად ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში გაჩნდა. წლების განმავლობაში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რამაც გვაჩვენა, რომ სწორედ უმაღლესი განათლების ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ოფიციალური გაერთიანება მოგვიტანდა იმ შედეგებს, საითკენაც გვინდოდა სვლა.

შექმნის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ორგანიზაციებს, საერთო ძალებით, მონაწილეობა მიგვეღო ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნაში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი იქნებოდა. ამ პროცესში კი უდიდესი წვლილი შეგვაქვს უმაღლეს სკოლებს, რადგან განათლება ის ძალაა, რაც შესაძლებელს ხდის და წარმართავს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებს. სოციალური და ეკონომიკური განვითარება კი, განათლების გარეშე მდგრადი ვერ იქნება, ხოლო სამეწარმეო განათლების განვითარებას სჭირდება გამიზნულად კოორდინირებული ძალისხმევა მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის მხრიდან.

ორგანიზაციები საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის ქოლგის ქვეშ გაგვაერთიანა იმან, რომ მივხვდით, ჩვენი კოოპერაცია საჭირო იქნებოდა არა მხოლოდ საერთო ღონისძიებებისა თუ პროგრამების ფარგლებში, არამედ ამ სფეროში პოლიტიკის წარმოების პროცესშიც” – გვიყვება თსუ-ს ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი და პროექტების მენეჯერი ირინა ცაგარეიშვილი.

ვინ არიან ალიანსის წევრები?

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის დამფუძნებლებს წარმოადგენენ შემდგი ორგანიზაციები:

  • აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • შემოქმედებითი საქართველო;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • Creative Solution.

თუმცა, ჩვენი პირველი ონლაინ კონფერენციის ჩატარების შემდეგ, 4-მა უმაღლესმა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ გამოხატა გაწევრიანების სურვილი და ახლა სწორედ ამ პროცესს ვარეგულირებთ, რომ დავიმატოთ ახალი წევრები და უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა.

მოკლედ გაგვიზიარეთ ალიანსის ხედვა, მიზნები და ღირებულებები

ალიანსის წევრებს გვჯერა უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და სამეწარმეო თუ შემოქმედებით ეკოსისტემაში არსებულ ორგანიზაციებს შორის გამჭვირვალე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის. და გვინდა სწორედ ინტერინსტიტუციურ მუშაობას შევუწყოთ ხელი ჩვენი მიზნების მისაღწევად.

ალიანსი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორებს, განათლების, მეწარმეობისა და შემოქმედებით სფეროებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და მთავრობას იმისთვის, რომ მათ გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება, ბიძგი მისცეს და წაახალისოს თანამშრომლობა და გავლენა მოახდინოს მომავალი ქართული სამეწარმეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ უმაღლესი სკოლების ეგიდით ვაერთიანებთ სამეწარმეო ეკოსისტემის მოთამაშეებს და ერთმანეთისგან განცალკევებულად ფუნქციონირებიდან გვინდა ორგანიზაციები გადავიდეთ ახალ ეტაპზე – სადაც ცვლიბების განსახორციელებლად ერთად მოვიყრით თავს.

ვიცით ახლახანს პირველი ონლაინ კონფერენცია ჩაატარეთ, შემდგომ რა გეგმები გაქვთ?

როგორც გითხარით, ამ კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი ის იყო, რომ გვემატებიან ახალი წევრი ორგანიზაციები. ასევე, ალიანსის წარმომადგენლები და აუდიტორია, შევთანხმდით შემდეგ საჭიროებებსა და ნაბიჯებზე:

  • განათლების სამინისტროსთან შეხვედრები და რეგულარული კომუნიკაციის საჭიროება განათლების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;
  • შეიქმნას მენტორებისა და ტრენერების და რესურსების გაერთიანებული ბაზა;
  • მენტორებისა და ტრენერების გადამზადების ToT პროგრამები;
  • ჩასატარებელია ერთობლივი პროექტები (რესურსების თარგმნის, გამოცემის და ა.შ.).

იგეგმება კიდევ არაერთი შეხვედრის, კონფერენციის, უნივერსიტეტებს შორის საერთო ჰაკათონებისა და აიდეათონების ჩატარება – STEAM მეთოდოლოგიის დანერგვისა და გამოყენების მიზნებისთვის.

როგორ ფიქრობთ რატომ უნდა გაერთიანდნენ უმაღლესი სასწავლებლები და სამეწარმეო ეკოსისტემის სხვა აქტორები ალიანსში?

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წამვანი ძალა უმაღლესი სკოლებია, ჩვენ ღია ვართ სამეწამეო ეკოსისტემაში მონაწილე ყველა აქტორის ალიანსში მისაღებად და მათთან სათანამშრომლოდ. მაგალითისთვის, დამფუძნებლებს შორის 2 ორგანიზაცია არ წარმოადგენს უმაღლეს სკოლას და შემოქმედებით და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციებია, რომლების შემოქმედებითი მეწარმეობის მიმართულებით მუშაობენ.

ალიანსის წევრობა ავტომატურად გულისხმობს უმაღლესი სკოლის ან სხვა ორგანიზაციის მზადყოფნას, ჩაერთოს განათლების პოლიტიკაში, მაგალითისთვის: უახლოეს მომავალში ალიანსი ერთვება განათლების სამინისტროს განათლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში; მიიღოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროცესების მართვაში; ითანამშრომლოს სხვადასხვა ინსტიტუციებთან და ამით გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობებიც.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის წევრობით, ორგანიზაციები ერთმანეთს ვუზიარებთ იმ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც საჭიროა უნივერსიტეტებში სამეწარმეო ეკოსისტემის შესაქმნელად თუ გასაუმჯობესებლად, სამეწარმეო პოლიტიკაში აქტიური ჩართულობისთვის; ამასთან, სამომავლოდ, იგეგმება სხვადასხვა საგრანტო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, რაც ორგანიზაციებისთვის ცალკეულ ბენეფიტს წარმოადგენს – ბევრად მაღალია საერთო ძალებით სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვების შანსი და შესაბამისად – შანსი იმისა, რომ საერთო ძალებით განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები.

[R]

Samsung-მა კონცეპტუალური რობოტი ძაღლი შექმნა!

ბრენდი, რთული გზითა და წარმატებული მანქანით – Aston Martin-ის ისტორია